Please rotate your phone
მივემგზავრები პანკისს - ლია ლიქოკელი

მივემგზავრები პანკისს - ლია ლიქოკელი



...

იმ დილას ვგრძნობდი, რომ მშრალი, უნაყოფო მიწისგან მომზილეს და ყველაფერი შემეძლო  საკუთარი თავის გარდა. შემეძლო ყველა სახლი, რომელსაც ჩავუვლიდი, ყველა ფარდისმიღმა თვალი და მწვანედ აღაღანებული ეზო, და შემეძლო ყველა ახალი მიწა, სადაც პირველად დავდგამდი ფეხს. ყველაფერი შემეძლო, ოღონდ ჩემი ამბავი არა.

სახლიდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ჩემი შუბლის ნაკვალევით  დატვიფრულ კედლებს, იატაკზე დამტვერილ დილის მზის ბილიკს, და გავიფიქრე, რომ შეიძლება ეს იყოს ჩემი უკანასკნელი წასვლა და ამ გახუნებულ დღეებში აღარასოდეს დავბრუნდე.

არავის გავუცილებივარ. არავინ იყო, ვისაც ვეტყოდი: ასე მგონია, მალე დავიშლები. ისე დავიფშვნები, როგორც გვალვით დაშაშრული ბელტი ცხელ ზაფხულში და წითელი  ჭიანჭველები გამომიცოცდებიან გულიდან. არ დამელოდო. არავინ დამელოდოს. არავინ ილოცოს ჩემთვის და არც არავინ მიმღეროს.

...

გზა გრძელია, მშვენიერი, და როცა ხეობას ვუახლოვდებით, სანამ დავინახავ, მანამდე ვგრძნობ - წყალი დუდუნით მიირწევა, ნაპირებს რბილად ლოკავს, რბილად ირხევა ბალახი. 

ალბათ ყველას ჰყავს თავისი მდინარე. წყალი, რომელშიც თავის სიზმრებს გაუშვებს ხოლმე და ისინიც ჭრელ თევზებად იქცევიან, გამრავლდებიან, მერე კი რომელიმე მეთევზის ხელებში ისე ფეთქავენ, როგორც ძველი, უხსოვარი ამბები.

ეს მდინარეც სავსე უნდა ყოფილიყო. მის სათავესთან ალბათ ვინმე ქალი იდგა. ქალი უნდა ყოფილიყო. ის, ვისგანაც იწყებოდა ყველაფერი, თავისი სამყაროს მესაიდუმლე, ასეთ მზეში თმას რომ ჩამოიშლიდა, გაზაფხულის ნიავს შეუშვერდა შუბლს და ოდნავ მზით შეფერილ ღაწვებს. მსუბუქად ივლიდა და მსუბუქად შეირხეოდა მისი კაბის კალთა. და თუ მასთან მივაღწევდი, იქნებ ეთქვა ჩემთვის ამ ხეობის და მისი ხალხის მთავარი ამბავი. ამბავი, რომლის გახსენებაც იგივეა, რომელიმე სიზმარი გააღვიძო, შენს გვარში ყველას რიგრიგობით რომ ესიზმრებოდა.

არ გეგონოს, რომ რამეს გაიგებ, ვფიქრობდი მე, როცა გზა ერთხელაც მოირკალა. ვგრძნობდი, როგორ იტალღებოდა ალაზნისპირის ბალახი. და მთების ჩრდილი. ნაბიჯ-ნაბიჯ შემაღლებული ქედები. კავკასიონის ნეკნის ქვეშ გარინდული ჩემი პირველი დღე ამ მიწაზე.

...

ჩემი მასპინძელი გაზაფხულის ნიავს შუბლს უშვერს და ოდნავ მზით შეფერილი ღაწვებით მიმაცილებს ჩემი ოთახისკენ. მსუბუქად მიაბიჯებს, მისი კაბის კალთა მსუბუქად ირხევა. მე ისე ვიცინი, თითქოს სულაც არ მინდოდეს, ვინმემ თავზე ხელი გადამისვას და რამე ძველი, დავიწყებული მიმღეროს. აქ ყველაფერს ეტყობა ძლიერი, ღონიერი ხელი და სიცოცხლე. მე ბნელ ოთახს ვირჩევ, სადაც ნაკლებად შემოდის მზე, სადაც შევძლებ, მოვიგორგლო, როცა დავიღლები. აუცილებლად დავიღლები - აქ ყველაფერი ძლიერ, მეტისმეტად ნამდვილად არსებობს, სინათლეა, მე კი ტანში ბურუსი მიდგას და ვფიქრობ, რომ ხვალ დილისთვის ალბათ გარეთ გამოაღწევს და მთელი ხეობა სქელი ნისლით დაიფარება. 

...

მინდოდა, მისთვის მომეყოლა, როგორი დაღლილი ვარ. როგორი ამოვსებული ვარ შხამიანი ნაღველით. მაგრამ მე მოსასმენად მოვედი და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მშობლიური ხევსურეთის მთებშიც ასე ბზინავს ხოლმე გაზაფხულის მზე. ჩვენ სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ, იმედზე და მომავალზე. ქვეყანაზე, რომელშიც დავიბადეთ და გვინდა, როგორმე ჩვენი ხმა გავაგონოთ. მე კარგად შემიძლია თავის მოკატუნება, რომ ახლა ეს ყველაფერი მესმის. წინ ფინჯანი მიდგას, შეგრილებული ჩაი, და მის გვერდით ჩემი მასპინძლის მრგვალი, მძივივით აწყობილი სიტყვები მწკრივდებიან. უნდა შემეძლოს ამ სიტყვების გაფცქვნა და მათი ნამდვილი გულების გამორჩევა. ახლა ერთი რამ ყველაზე მეტად გვაერთიანებს: ხშირად ჰყვებიან ტყუილებს ჩვენზე.

...

ქისტის ქალივით ლამაზიო, იტყოდნენ ხოლმე ვინმე რჩეულად მშვენიერზე ჩვენი ხნიერი, დევის დედებივით მუდამ სოფლის გზის მოდარაჯე, მზეს მიფიცხებული ქალები. მე არ ვიყავი ლამაზი. ჩავუვლიდი, თავს დავხრიდი, მოწკურულ თვალებს დამადევნებდნენ, და რომელიმე მომაბოლებდა თითებში გაჩრილ ძველ გაზეთში გახვეულ წეკოს. რომელიმე იტყოდა, რომ მე „იმათი“ ვარ. ჩემი დიდი პაპის გვარისა.

აქ მე ვაყოლებ თვალს ქალებს, სანამ მშვიდად საქმიანობენ. უსაქმურად ვაყოლებ თვალს და თითებში ცისფერი სანთებელა მიკანკალებს. თოკზე პირსახოცი ფრიალებს. სადღაც კოვზი გაიწკარუნებს. ჩემი ბავშვობის ჩრდილები პატარა მხეცებივით მომიგორდებიან ფეხებთან.

……


ავტორი: ლია ლიქოკელი

ფოტო ქავერზე: გიორგი შენგელია. სიჩუმის ხმა. პანკისი სოფ. ჯოყოლო. 2021.




გამოცემულია "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი"-ს ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის პანკისის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში.









Published on Jul 16. 2021
BackBack

Tbilisi Photography & Multimedia Museum

Stamba Hotel
14, M. Kostava St. Tbilisi 0108, Georgia
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

For Visitors

Monday-Friday 12.00-19.00 Weekends 14.00-20.00 Free entrance

Terms and conditions

privacy-policy

Stay in touch