ხეობის ხმები
15 იანვარს, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მულტიმედიურ გამოფენას და ლაივ პერფორმანსს “ხეობის ხმები“ უმასპინძლებს. “ხეობის ხმები“ თბილისის ფოტო ფესტივალის ინიციირებული პროექტია, რომელიც პანკისის ხეობისა და ქისტური კულტურის ახლოს გაცნობას ისახავს მიზნად ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების მულტიმედიური გამოფენის, ვაინახური მუსიკის ლაივ პერფორმანსის, ქისტური სამზარეულოს დეგუსტაციისა და პანკისელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფოტოპროექტების მეშვეობით. “ხეობის ხმები“ 2022 წლის შემოდგომაზე პანკისის ხეობაში გამართული იგივე სახელწოდების სარეზიდენციო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიებაა.
გამოფენაში მონაწილეობენ: დიანა ტამანე (ესტონეთი/ლატვია) თამარ კალანდაძე (საქართველო) ბენ უილერი (აშშ / საქართველო). რეზიდენცია ევროპული პლატფორმის ‘Magic Carpets’ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი და ყოველწლიურად უზრუნველყოფს ხელოვანების მობილობას ევროპის ქვეყნებში.
გამოფენა “ხეობის ხმები“ ასევე აერთიანებს პანკისელი ახალგაზრდების - ლეეჩი ბაღაკაშვილის, თამარ დავითაშვილის, მარიამ ხოლაგაშვილის, ჰუსეინ აჭიშვილის, სოფიკო მარუქაშვილის, ანზორ ცისკარიშვილის, მაგამედ ქუშანაშვილის, რამზანა ბაღაკაშვილის, სოფია ხოლაგაშვილისა და მარიამ მუთოშვილის ფოტო პროექტებს. ეს ფოტო სერიები პროექტის "ვიზუალური თხრობა ცვლილებებისთვის პანკისის ხეობაში" ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც თბილისის ფოტო ფესტივალი, 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ქისტ ქალთა გუნდის "პანკისის ანსამბლის" ლაივ პერფორმანსს დაეთმობა, სადაც ვაინახური და თუშური სიმღერები შესრულდება, რომელთა უმეტესობა, დღემდე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად იყო შემონახული.