Please rotate your phone
სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი:  სამხრეთ კავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე | წიგნის პრეზენტაცია

სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი: სამხრეთ კავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე | წიგნის პრეზენტაცია

სოხუმი. რკინის ნავმისადგომი. აფხაზეთი, საქართველო. 1880-1900. დ.ერმაკოვის კოლექცია. საქართველოს ეროვნული არქივი.

თბილისის ფოტო ფესტივალის მიერ გამოცემული ფოტო წიგნი „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი: სამხრეთ კავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე“ ამავე სახელწოდების ფოტოგამოფენის საფუძველზე შეიქმნა. წიგნში პირველად შეიკრიბა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის   100-ზე მეტი ფოტო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საბჭოთა ოკუპაციამდე. ბუნებრივია,  ეს იმ დიდი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ვიზუალურ ისტორიას ქმნის და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული პერიოდის ფოტოგრაფიული გამოსახულების მეშვეობით ხედვისა და გააზრების ახალ შესაძლებლობას ქმნის. 

გამოფენისა და წიგნისთვის საკვლევად მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე პერიოდის არჩევა ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა: ერთი მხრივ, სწორედ 1860-იანი წლებიდან იწყება სამხრეთ კავკასიის ინდუსტრიული განვითარება, რაც რეგიონში მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცვლილებებს განსაზღვრავს; და, მეორე მხრივ, სწორედ ამ პერიოდით თარიღდება აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში ფოტოგრაფიის - ახალი ევროპული გამოგონების - გავრცელება და განვითარება; რუსეთის იმპერიის პერიფერიაში, სამხრეთ კავკასიაში, ევროპის დიდი სახელმწიფოების მსგავსად, თანამედროვეობის მედიუმად აღიარებული ფოტოგრაფია მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახავს. შესაბამისად, იმდროინდელი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა, ამ ისტორიული პერიოდის კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. 

რა გამოწვევები და პერსპექტივები წარმოიშვა სამხრეთ კავკასიაში ინდუსტრიული განვითარების ანუ ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში? და როგორ ასახა ეს რეალობა იმ დროის კულტურულმა და მეცნიერულმა სიახლემ - ფოტოგრაფიამ? ეს ის ორი ძირითადი შეკითხვაა, რომლებზე პასუხის გაცემის ინტერესმაც ფოტოგამოფენისთვისა და წიგნის შექმნისთვის საჭირო კვლევის საფუძველი მოამზადა.  

ამ პერიოდის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის შესწავლისას ლოგიკური კითხვა ისმება: როგორ განვითარდებოდა ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომ არა საბჭოთა ისტორიული რეალობა?

წიგნი „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი“ მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდთან მდიდარი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის მეშვეობით დაბრუნების პირველი მცდელობაა, მის საკვლევად და გასააზრებლად.  


წიგნშიც და ფოტოგამოფენაშიც, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკისა და საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებში საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე დაცული ფოტომასალა გაერთიანდა - ს. პროკუდინ-გორსკის და მელიკიანის კოლექციები კონგრესის ბიბლიოთეკიდან და დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის ნაწილი საქართველოს ეროვნული არქივიდან. თუმცა ეს საქართველოსა და აშშ-ის არქივებში დაცული კოლექციების მხოლოდ მცირე ნაწილია.  

პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 



დასრულებული
ოქტომბერი 05. 2023 - ოქტომბერი 05. 2023
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო სტამბა
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე