Please rotate your phone
სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი

სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი


ამიერკავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე

 

გამოფენა „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი“ ისტორიული მნიშვნელობისაა, მის ფარგლებში პირველად შეიკრიბა და იფინება სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 100-ზე მეტი ფოტო, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საბჭოთა ოკუპაციამდე პერიოდს მოიცავს.


აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და სომხეთისთვის ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე ის ისტორიული მონაკვეთია, როდესაც რეგიონის ქვეყნები პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ კულტურად დაუახლოვდნენ ევროპას. საბჭოთა ოკუპაციამ კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროპასთან ინტეგრაციის გზას 70 წლით დააშორა.


იმ პერიოდის ევროპული კულტურული და სამეცნიერო ინოვაცია, ფოტოგრაფია, გამოგონებისთანავე აღიარეს თანამედროვეობის მედიუმად, რომელიც ბრწყინვალედ ასახავდა რეალობის ცვლილებას. ევროპის მსგავსად, ინდუსტრიული რევოლუცია, სამხრეთ კავკასიაშიც ფოტოგრაფიის პრიორიტეტულ სიუჟეტად იქცა. ნავთობის მოპოვება ბაქოში, ბორჯომის მინის ქარხანა, ბათუმის ნავთობის ცისტერნების უბანი... ცვლილებების მიჯნაზე მყოფი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, იმ დროინდელი ფოტოგრაფიის მეტრების ბრწყინვალე ფოტოებში აისახა, რომელთა შორისაც არიან - დიმიტრი ერმაკოვი, სერგეი პროკუდინ-გორსკი, ალექსანდრე როინაშვილი და მრავალი სხვა.


გამოფენით „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი“ თბილისის ფოტო ფესტივალი თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმთან ერთად ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამოფენის ფარგლებში გაერთიანებული ფოტოები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექციებში საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე დაცული მასალის ნაწილია, რომლის გამოფენაც თბილისის ფოტო ფესტივალსა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ფოტოგრაფიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.


პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქართულ-ამერიკულ კულტურულ ინსტიტუციებს შორის ახალი პროფესიული კავშირების განვითარებასა და ამ ინსტიტუციებში დაცულ კოლექციებში მრავალკულტურული და მრავალეთნიკური სამხრეთ კავკასიის დოკუმენტაციის იდენტიფიკაციასა და შესწავლას.


გამოფენა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის გარდა საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებში დაცულ მასალებსაც აერთიანებს, რომელიც დიმიტრი ერმაკოვის კოლექციას მოიცავს.



გამოფენის კურატორი: ნესტან ნიჟარაძე

გამოფენის ორგანიზატორი: თბილისის ფოტო ფესტივალი




ფოტო ქავერზე: სოხუმი, მცენარე აგავა. პ. ვინოგრადოვ-ნიკიტინის კოლექცია. 1910-1915. საქართველოს ეროვნული არქივი.








 

 

სამომავლო
აპრილი 30. 2022 - მაისი 25. 2022
მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო "სტამბა", დ ბლოკი, მეორე სართული
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე