Please rotate your phone
ლოტე ჩრდილების ქვეყანაში: ლ. რაინიგერი ანიმაციური ფილმის ავანგარდში (1899 - 1981)

ლოტე ჩრდილების ქვეყანაში: ლ. რაინიგერი ანიმაციური ფილმის ავანგარდში (1899 - 1981)

Lotte Reiniger, Achmed,1926 © VG Bild-Kunst, Bonn 2023
თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე "ლოტე ჩრდილების ქვეყანაში: ლ. რაინიგერი ანიმაციური ფილმის ავანგარდში (1899 - 1981)“, რომელიც შარლოტა “ლოტე” რაინიგერის - გერმანელი კინორეჟისორის, ანიმაციური ფილმის და სილუეტის ანიმაციის პიონერის, პირველი გამოფენაა საქართველოში. გამოფენა მრავალეკრანიანი ვიდეო ინსტალაციაა და მსოფლიო ანიმაციის ავანგარდის წამყვანი ხელოვანი ქალის უაღრესად მდიდარი და თვითმყოფადი შემოქმედების გაცნობის უნიკალური შესაძლებლობაა.

 
ვიდეო ინსტალაცია 1926-1955 წლებში შექმნილ 11 ანიმაციურ ფილმს აერთიანებს, რომლებიც ლოტე რაინიგერის მიერ შექმნილი ხელოვნების ახალი ფორმის - სილუეტური ფილმის შესანიშნავი ნიმუშებია.


ლოტე რაინიგერს 60-ზე მეტი ანიმაციური ფილმი აქვს შექმნილი. აქედან 11 დაკარგულად ითვლება და მხოლოდ 50 არის ცნობილი. მისი შემოქმედება მოიცავს შავ-თეთრ და ფერად ფილმებსაც, რომლებიც ევროპის - ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ასევე კანადის არქივებშია დაცული.


ლოტე რაინიგერი უდავოდ იყო აღიარებული ხელოვანი. თუმცა მისი ნოვატორული, მდიდარი და თვითმყოფადი შემოქმედება ჯერ კიდევ შესასწავლი და აღმოსაჩენია. გარკვეული წინააღმდეგობა არჩეული მედიუმის სპეციფიკასა და იმ შინაარსს შორის, რომლითაც რაინიგერი მუშაობდა, მისი საყოველთაო “არაღიარების“ წინაპირობაც გახდა: ანიმაციური ფილმი გარკვეული სტერეოტიპის თანახმად, საბავშვო მედიუმია, მაშინ როდესაც ლოტე რაინიგერის ფილმების სიუჟეტები, სინამდვილეში, არც თუ ისე საბავშვოა და, ძირითადად, მითებით, იგავებით, თუმცა კი, ზღაპრებითაც არის შთაგონებული; ასევე არა საბავშვოა ის მხატვრული ხერხი, მათ შორის დახვეწილი ირონია, რომელსაც იყენებს ხელოვანი თავისი ფილმების ესთეტიკისა და ზოგადად, მხატვრული ხელწერის შესაქმნელად.


ასე რომ, ჯერ კიდევ შესასწავლი და შესაფასებელია ის როლი, რომელიც შარლოტა “ლოტე“ რაინიგერმა ანიმაციური ფილმის ესთეტიკისა და ტექნიკის განვითარებაში შეასრულა. და ისიც, როგორ გახდა მის მაგალითზე ანიმაციური კინო ემანსიპირებული - ძლიერი, განათლებული, თავისუფალი, პროფესიონალი ქალის მედიუმი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.


გამოფენაში “ლოტე ჩრდილების ქვეყანაში“ გაერთიანებულია ლოტე რაინიგერის შემდეგი ფილმები: “პრინც აჰმედის თავგადასავალი” (1926), “კონკია”(1954), “ნამცეცა”(1954), მძინარე მზეთუნახავი”(1954), “სამი სურვილი”(1954), “ბაყაყ-ხელმწიფე” (1954), “კალია და ჭიანჭველა” (1954), “ხალიფა და წერო” (1954), “პირითოვლისა და პირივარდისა”(1954), “გულადი თერძი” (1954), “ჰენზელი და გრეტელი” (1955). გამოფენა მოიცავს 1926 - 1955 წლებში გადაღებულ ფილმებს.

გამოფენისთვის საუნდ ინსტალაციის ავტორია გიორგი კობერიძე.



გამოფენის ორგანიზატორია საქრთველოს ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმა“ და “კინოცენტრი ქართული ფილმი - აფხაზეთი “.

გამოფენის ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპოტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის მერია. 

 
სამომავლო
მარტი 10. 2023 - მარტი 28. 2023
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე