
ან მათთან, ვინც საიდუმლო ამბები იცის, ანდა ეულად
“ხაზი უამრავი წერტილისგან შედგება; სიბრტყე - უსასრული რაოდენობის ხაზებისგან; მოცულობა - უსასრულო რაოდენობის სიბრტყისგან; ჰიპერმოცულობა - მოცულობათა უსასრულო სიუხვისგან … მართალია, ახლა ყველა გამონაგონს ჭეშმარიტებად ასაღებენ, მაგრამ (ჩემი) ეს ამბავი სწორედაც რომ სიმართლეა“.
- ხორხე ლუის ბორხესი, “ქვიშის წიგნი“.
ეს გამოფენაც ერთგვარი ქვიშის წიგნია, მხოლოდ ულევი გვერდების ნაცვლად აქ გამოსახულება მეორდება უწყვეტად, “უსასრულო გამოსახულების“ ილუზიას ქმნის და ერთ დიდ ამბავს ყვება.
ეს ამბავი ჩვენზეა და ჩვენს თანამედროვეობაზე. ათწლეულების მანძილზე - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე - ეტაპობრივად შექმნილი მსოფლიო წესრიგი იცვლება. პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურული და დღეს უკვე ტექნოლოგიური დომინაცია ნეოკოლონიალიზმად ფორმდება, ლიბერალურ იდეებს ნაციონალისტური და რადიკალური მისწრაფებები ანაცვლებს და ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს ქმნის.
ეს ამბავი იმ ადამიანებზეა, რომლებიც ყველა ისტორიული და გეოგრაფიული მოცემულობის ცენტრში არიან - როგორც ისტორიული განვითარებისა თუ უკუსვლის უტყუარი ბარომეტრები და პოლიტიკური და სოციალური უსამართლობისგან თავშესაფარს ზოგი წინააღმდეგობაში, ზოგი კი, გაქცევაში პოულობს.
ეს ამბავი წიგნებზე და მათ ძალაზეც არის, “ქვიშის წიგნივით“ უსასრულო რაოდენობის გვერდებისგან რომ შედგება და ფრაგმენტებით ერთ დიდ მთლიანობას ქმნის, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.
ეს ამბავი გამოსახულებაზეც არის. უფრო სწორედ კი იმაზე, რომ გამოსახულება ადამიანსა და თანამედროვეობაზე, მითუმეტეს, მის ყველაზე ბნელ შრეებზე დაკვირვების შესაძლებლობაა. იმაზეც, რომ “ის, რასაც ვხედავთ, სინამდვილეში არ არის მხოლოდ ის რასაც ვხედავთ, არამედ ის, რაც ვართ.” იმაზეც, რომ გამოსახულებას ძალა აქვს, როდესაც ის სცდება ხედვის პრაქტიკას და პოზიციის დაფიქსირების ფორმას იძენს; და კიდევ … იმაზეც, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება სხვის საიდუმლოსთან და ტკივილთან მიახლოების ფორმაც არის, ისევე როგორც საკუთარი მოწყვლადობის აღიარებისა და ემპათიის კულტივირების შესაძლებლობაც.
ჩვენი დროის მღვრიე წყლებში ცურვა მათთან ერთად, ვინც სხვის ტკივილთან მიახლოების საიდუმლოს ფლობს, შესაძლოა, წარმოსახვით ნაპირთან მისასვლელი ერთადერთი გზა იყოს.
გამოფენის “ან მათთან, ვინც საიდუმლო ამბები იცის, ანდა ეულად“ ამოსავალი წერტილი წიგნისა და გამოსახულების კომბინაციაა როგორც სამყაროსა და ადამიანის ბუნების შემეცნების მთავარი მედიუმების სინთეზი.
გამოფენაში “მაგნუმის“ სააგენტოს 3 თაობის ფოტოგრაფების წიგნებად გამოცემული ნამუშევრები ორ ფორმატში გაერთიანდა - 9 ეკრანიან ვიდეო და ფოტო წიგნების ინსტალაციაში.
ამ წიგნებში უკანასკნელი რვა ათწლეულის მსოფლიოა ცვალებადი რეალობითა და განწყობებით: მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკეთესი მომავლის იმედით შთაგონებული 50-იანი წლების ევროპა, 60-იანი წლები და ცვლილებები, 80-იანი წლების დასასრულისა და 90-იანების დიდი პოლიტიკური რყევები, რომელსაც კომუნისტური რეჟიმის ნგრევა და ქაოსიც მოყვა შდეგად, 21-ე საუკუნის რევოლუციები არაბულ სამყაროში, მიგრანტების უწყვეტი დინება საზღვრებიდან საზღვრებამდე, რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში და უკრაინის წინააღმდეგობა, გაძლიერებული კონსერვატიზმი, რომელიც სხვადასხვა კონტინენტებზე ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისა და მისი მართვის იარაღი ხდება და… თანამედროვე ადამიანის მარტოობა.
ეს გამოფენა, რომელშიც “მაგნუმის“ განსხვავებული ფოტოგრაფიული ხელწერის მქონე სხვადასხვა თაობის ფოტოგრაფების ნამუშევრები გაერთიანდა, ერთგვარი ისტორიული და გეოგრაფიული ფრაგმენტებით იმ ტრაექტორიაზე დაკვირვების შესაძლებლობას ქმნის, რომელზეც მსოფლიოს განვითარებამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე გაიარა. იმ დროიდან, როდესაც “მაგნუმის“ სააგენტო მისმა პირველმა წევრებმა და დამფუძნებლებმა სწორედ ფოტოგრაფიული გამოსახულების მეშვეობით ომისშემდგომ მსოფლიოზე და მის განვითარებზე დაკვირვების მიზნით შექმნეს 1947 წელს.