ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება (1893-1906)
გაბრიელ თამამშევის ქარვასლის შიდა ხედი. თბილისი. ფოტო:სერგეი მარგულოვი. 1890-იანი.
ფოტოგრაფია, როგორც სამოქალაქო ინიციატივა
საქართველოს ადრეული ფოტოგრაფიის ისტორია მდიდარი და მრავალფეროვანია. XIX საუკუნეში თბილისში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმსა და სხვა დიდ თუ პატარა ქალაქში ათეულობით ადგილობრივი და მოგზაური ფოტოგრაფი მოღვაწეობდა. საუკუნის დასასრულს საქართველოში ფოტოგრაფთა ინსტიტუციური გაერთიანება ამ სფეროში არსებული ცოცხალი პროცესის გამოძახილი და იქამდე დაგროვილი გამოცდილების შედეგი იყო.
ავლაბრის ხიდი. თბილისი. ფოტო: ფ.აგაპიევი [ტფილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის] მერვე კლასის მოწაფე. 1880-1890.
არჩილ დარჩიას კოელქცია
საზოგადოების ისტორია 1893 წელს იწყება, თუმცა დაარსების ოფიციალურ თარიღად შეიძლება 1894 წელი მივიჩნიოთ, ვინაიდან რუსეთის იმპერიის ცენტრში საზოგადოების წესდების პროექტის დამტკიცებას დიდი დრო დასჭირდა. დღეისათვის ძნელია გადაჭრით ვთქვათ საინსტიტუციო პროცედურის გაჭიანურება ბიუროკრატიული სინელის შედეგი იყო თუ პერიფერიაში გამოვლენილი კულტურული ინიციატივისადმი ცენტრის სკეპტიკური დამოკიდებულების მაჩვენებელი. იმპერია მკაცრად აკონტროლებდა საკუთარ გუბერნიებში მიმდინარე ფოტოგრაფიულ საქმიანობას. თითოეული ატელიე აღირიცხებოდა და ფოტოატელიეს გასახსნელად ადგილობრივი კანცელარიისგან ნებართვის აღება იყო საჭირო. საერთოდ, ფოტოსაქმე ისევე ექვემდებარებოდა ცენზურას, როგორც ლითოგრაფიების, ტიპოგრაფიების და სხვა მსგავსი დაწესებულებების ფუნქციონირება.
ამავდროულად, მთავრობამ მხარდაჭერა გამოხატა საზოგადოების მიმართ, როდესაც 1897 წელს „პირველი კავკასიური ფოტოგამოფენის“ გამართვის შესაძლებლობა მისცა მას და საამისოდ „დიდების ტაძარი“ დაუთმო — კავკასიურ ომებში რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აგებული სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, რომლის საკულტო და სიმბოლურ მნიშვნელობას მისი სახელი არაორაზროვნად გადმოსცემს. 1897 წლის გაზაფხულზე მუზეუმის კედლებმა, რომლებიც მოგვიანებით სამხედრო აღჭურვილობით, ომგამოვლილი დროშებითა და ომების ბატალური პეიზაჟებით დაიფარა, ერთი თვის განმავლობაში ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების მიერ მოწყობილ რეგიონულ გამოფენას უმასპინძლეს.
კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის საერთო ხედი.
თბილისი. ფოტო: [დიმიტრი ერმაკოვი] 1896 წლამდე. საქართველოს ეროვნული არქივი
პირველი კავკასიური ფოტოგამოფენა
რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული გამოფენის დასტამბული კატალოგის მიხედვით ირკვევა, რომ, კავკასიის მასშტაბით, გამოფენა უპრეცედენტო იყო როგორც თემატური მრავალფეროვნების, ისე მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. მასში მონაწილეობას იღებდნენ მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები თბილისიდან და ქერჩიდან, თემირ-ხან-შურადან და ვარშავიდან, ბათუმიდან და ოდესიდან, აშხაბადიდან და პეტერბურგიდან, თეირანიდან და ყარსიდან, სამარიდან და ბაქოდან, ვლადიკავკაზიდან, ქუთაისიდან, ნოვოროსიისკიდან და სხვა ქალაქებიდან თუ დაბებიდან. გამოფენაზე მხოლოდ ფოტოები არ ყოფილა წარმოდგენილი: აქ თავისი სტენდით გამოვიდა სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე საზოგადოებაც, რომელიც ფოტოქიმიით, აპარატებით და ფირფიტებით კავკასიის მომმარაგებელი ერთ-ერთი მთავარი დაწესებულება იყო. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე ეხილათ თბილისში მცხოვრები პოლონელი მოქანდაკის, ბოლესლავ იაცუნსკის სკულპტურები და მათ შორის — ლუი დაგერის ბიუსტი.
„პირველი კავკასიური ფოტოგამოფენა“ ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების მიერ გამართული რიგით პირველი გამოფენა არ ყოფილა —1895 წელს საზოგადოებამ 200-მდე ფოტო წარუდგინა დამთვალიერებელს თბილისელი მხატვრის, ლევ ართაზოვის ფერწერული ნამუშევრების პარალელურად მოწყობილ გამოფენაზე.
თვალსაწიერის გაფართოების მცდელობები
საგამოფენო ღონისძიებებთან ერთად საზოგადოება მნიშვნელოვან საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. რეგულარულ შეკრებებზე წევრები კითხულობდნენ საინფორმაციო შინაარსის ლექციებს, საკუთარ ნამუშევრებს წარუდგენდნენ ერთმანეთს, სამუშაოდ გადიოდნენ ექსკურსიებზე.
წარმოშობით უკრაინელი ფოტოგრაფი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი მიხაილ ელჩუკოვი ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფოტოგრაფიულ ლაბორატორიაში. თბილისი. უცნობი ფოტოგრაფი. 1890-იანი. საქართველოს ეროვნული არქივი.
1895 წლის 22 თებერვალს ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების კრებას თეირანში მიმავალი და თბილისში გზად გაჩერებული ამერიკელი ტურისტი, ნიუტონ ბოიაჯიანი ეწვია. საზოგადოების წევრებს ბოიაჯიანმა კოდაკის აპარატით გადაღებული ნამუშევრები აჩვენა. ფოტოები ამერიკის ხედებს და მაცხოვრებლებს ასახავდნენ ანუ ე. წ. „ტიპებს“. შეხვედრის დასასრულს ბოიაჯიანმა ფოტო გადაუღო მასპინძლებს. არც საპასუხო ფოტომ დააყოვნა: „ჩვენი საზოგადოება თავაზიან უცხოელთან ვალში არ დარჩენილა: საზოგადოების წევრმა ს. ა. მარგულოვმა, ასევე მაგნიუმის ანთებით გადაიღო დამსწრე წევრები, რომელთა ცენტრშიც სტუმარი დააყენა“ (გაზეთი Кавказ: 1897, 31 იანვარი, N29). ფრაგმენტული ხასიათის საგაზეთო ცნობა, რომელიც ამ მოვლენას აშუქებს, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულია, თუმცა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ ეპიზოდზე, რომელიც შესაძლოა პოსტკოლონიალისტურ კონტექსტში კვლევის საინტერესო საგანი იყოს. ენთუზიაზმი, რომლითაც საზოგადოების წევრები 1895 ზამთრის ერთ დღეს ამერიკიდან ჩამოსული ნიუტონ ბოიაჯიანის მოხსენებას შეხვდნენ, პირველ რიგში, კულტურული სივრცის გამრავალფეროვნების და კავშირების გაფართოების სურვილზე მიუთითებს.
რკინიგზის სადგური. თბილისი. ფოტო: დავით ყორღანოვი. 1900 წლამდე. საქართველოს ეროვნული არქივი
საზოგადოების საქმიანობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის იმპერიის სხვა სამოყვარულო ფოტოგრაფიული წრეების მუშაობასთან. მას ურთიერთობა ჰქონდა ამიერკავკასიაში არსებულ კიდევ ერთ ფოტოგაერთიანებასთან — „ბაქოს ფოტოგრაფიულ წრესთან“. 1894 წელს, როდესაც ბაქოს წრე ოფიციალურად დაარსდა, თბილისელებმა მისალოცად სპეციალური სტუმარიც მიავლინეს მეზობელ გუბერნიაში. ხოლო მომდევნო წელს თბილისის საზოგადოებას ბაქოს წრის დამაარსებელი ფოტოგრაფი, ალექსანდრ მიშონი ეწვია და აქაური მოყვარულებისთვის წაიკითხა მოხსენება ფოტოგრაფიის განვითარების შესახებ.
ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების ამბები პერიოდულად შუქდებოდა რუსეთში გამომავალ ჟურნალში Фотограф-Любитель, რომელიც ოდესის, ბაქოს, თბილისის, მოსკოვის და მოგვიანებით კიდევ რამდენიმე საზოგადოების პრესის ორგანოს წარმოადგენდა. ჟურნალში მუდმივად იბეჭდებოდა წევრი საზოგადოებების წლიური ანგარიშები თუ საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ და კულტურულ საზღვრებში უწევდა არსებობა, მისი წევრები ევროპული გამოცდილებების გაზიარებითაც იფართოებდნენ თვალსაწიერს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი წესდება, რომლის მიხედვითაც ტფილისის საზოგადოებამ საკუთარი ინსტიტუციური მუშაობის სქემა ჩამოაყალიბა, სწორედ პარიზის ფოტოგრაფიული საზოგადოებისა იყო. ევროპასთან კავშირებზე მიუთითებს არაერთი სხვა ცნობა. მაგალითად, მოყვარული ფოტოგრაფი ვაგანიანი (ვაგანიანცი) ამავდროულად, პარიზის ფოტოკლუბის ნამდვილი წევრი იყო; საზოგადოების ბიბლიოთეკა იწერდა როგორც რუსულ, ისე გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურას (ჟურნალებს Wiener Photographische Blätter და Bulletin de Photo-Club de Paris) და ინფორმაციას ფოტოგრაფიის დარგში მიმდინარე სიახლეების შესახებ დასავლეთიდანაც იღებდა.
მამაკაცთა ჯგუფი: ფოტო: აფინოგენ მელქუმოვი. 1917 წლამდე. არჩილ დარჩიას კოლექცია.
საზოგადოების წევრები
დღეისათვის ხელმისაწვდომი ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო სამხედრო მოხელე სერგეი მარგულოვი. სწორედ მისი ინიციატივითა და უშუალო მონდომებით გაიმართა თბილისში საზოგადოების პირველი გამოფენა. ის ხელმძღვანელობდა საზოგადოების ლაბორატორიასაც, კითხულობდა ლექციებს ტექნიკურ საკითხებზე და აწყობდა დიაპოზიტივების (სტერეოსკოპული ფოტოგრაფიის) ჩვენებებს.
აღლუმი ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის კურთხევის შემდეგ. თბილისი. ფოტო: სერგეი მარგულოვი. 1897.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი
სხვადასხვა დროს საზოგადოებას თავმჯდომარეობდნენ პიოტრ ალიბეკოვი (?—1905), დავით ყორღანოვი (1831—1900), ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი (1856—1935) და ნიკიტა ოსტროგორსკი. აქედან ალიბეკოვი იყო ადამიანი, რომელსაც საზოგადოების მოწყობის იდეას მიაწერენ. საზოგადოების წევრთა და თავმჯდომარეთა შორის მრავლად იყვნენ იმ დროისთვის თბილისის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული ადამიანები. მაგალითად, დავით ყორღანოვი სამხედრო მოხელე, მოსამართლე, ტფილისის ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე და ტფილისის საქალაქო სათათბიროს ხმოსანი იყო, რომელიც ბევრს ზრუნავდა თბილისის გარშემო ტყის მოშენებისა და ქალაქში სკვერების მოწყობაზე. ყორღანოვი ფოტოებს 1860-იანი წლებიდან იღებდა — ჯერ კიდევ სველკოლოდიუმის ეპოქაში. საზოგადოების რიგით მესამე თავმჯდომარე იყო რუსეთის საიმპერატორო სამეფო კარის კამერ-იუნკერი ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი. მოგვიანებით იგი კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი გახდა, ხოლო საზოგადოების უკანასკნელი თავმჯდომარე, ნიკიტა ორსტოგორსკი ასევე ტფილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, სატყეო-საბაღო კომისიის წევრი და ზუბალაშვილის სახალხო სახლის გამგებელი კომისიის თავმჯდომარე იყო.
ალექსანდრე ბაგრატიონ მუხრანელი შვილიშვილთან - თეიმურაზ ბაგრატიონ მუხრანელთან - ერთად.
უცნობი ფოტოგრაფი 1915-1917
ამ დროისთვის საზოგადოების სულ 41 წევრის ვინაობის დადგენა მოხერხდა. სხვა ცნობილ მოყვარულებს შორის იყვნენ ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, ტფილისში გამომავალი გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი და ტფილისის მოყვარულ ველოსიპედისტთა საზოგადოების თავმჯდომარე იური მილიუტინი (1856—1912), წარმოშობით უკრაინელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი მიხაილ ელჩუკოვი, კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდლის ადიუტანტი და შემდეგში ტფილისის გუბერნატორი ივან სვეჩინი (1863—1930), ფარმაციის მაგისტრი ნიკიტა იოანნისიანი, სამხედრო მოხელე ალექსანდრ შახბუდაგოვი, ქიმიკოსი პ. ფრიდონოვი და პროფესიონალი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი. როინაშვილი საზოგადოების დიდი გულშემატკივარი იყო. სწორედ მის ფოტოატელიეში გაიმართა 1893 წლის 17 აპრილს თბილისელ ფოტომოყვარულთა პირველი შეკრება, სადაც დამსწრეებმა საზოგადოების დაარსების პროექტი განიხილეს. იმავე წლის 21 მაისს, საზოგადოებისთვის საჭირო სივრცის მოპოვებამდე, ალექსანდრე როინაშვილმა ფოტოგრაფებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა.
იური მილიუტნი ველოსიპედისტთა ჯგუფში. მარჯვენა კიდეში ველოსიპედით ხელში დგას მხატვარი ლევ ართაზოვი. თბილისი.
უცნობი ფოტოგრაფი. 1912 წლამდე
ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების წევრების დიდი ძალისხმევით ორგანიზებულ კავკასიური ფოტოგამოფენის საძიებელში, რომელიც ზემოთაღნიშნული წიგნისთვის პირველად ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე, წინასიტყვაობის ავტორი წერს: „ის შინაგანი კმაყოფილება, რომელსაც თითოეული განიცდის, როდესაც შეიგრძნობს ძალას – სამუდამოდ აღბეჭდოს და თაობებს გადასცეს ბუნების მშვენიერი სურათი, რომლით აღტაცებაც აქამდე მხოლოდ მარტოს შეეძლო […] არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს ფოტოგრაფიის განსაცვიფრებელი განვითარების და გამოყენების მიზეზთა შორის. ფოტოგრაფიამ გააცნო კაცობრიობას ყველაზე შორეული ტელესკოპებისთვის მიუღწეველ ახალ სამყაროთა რიცხვი, სხვადასხვა მეცნიერებაში კვლევის ახალ გზებსა და მეთოდებზე მიუთითა; ფოტოგრაფიამ წაიკითხა ის, რის წაკითხვაც არც ქიმიის დახმარებით იყო შესაძლებელი და არც ფიზიკის (ე. ფ. ბურინსკის მიერ ძველ ხელნაწერთა აღდგენა). ფოტოგრაფიამ შეამსუბუქა და კვლავაც შეამსუბუქებს ტანჯული კაცობრიობის ცხოვრებას (პროფესორ რენტგენის აღმოჩენა); ფოტოგრაფია ნათელს ჰფენს ისეთ დანაშაულებს, რომელთაც იურიდიული ძალები ვერ იკვლევენ; ის გამოავლენს დოკუმენტების გაყალბებას (სასამართლო ფოტოგრაფია); ისვე ემსახურება სახალხო განათლებას; მასვე იყენებენ უმაღლესი კურსების ლექტორები. ფოტოგრაფიით სარგებლობს მინერალოგიც, ბოტანიკოსიც, ეთნოგრაფიც, არქეოლოგიც, ანთროპოლოგიც და ოქრომჭედელიც.“
დღეს ჩვენ არ ვიცით ვის ეკუთვნის საქმის ერთგულებით, ფოტოგრაფიის მნიშვნელობისა და ძალის მიმართ რწმენით დამუხტული ეს ხელმოუწერელი სიტყვები, მაგრამ ვინც უნდა იყოს მათი ავტორი, ერთი რამ ცხადია: ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება იყო გაერთიანება ხელოვანებისა, რომლებსაც სურდათ სახელოვნებო, სამეცნიერო თუ საყოფაცხოვრებო დონეზე წინ წაეწიათ ფოტოგრაფიის საქმე კავკასიაში და გაერთიანებული, კონსოლიდირებული ძალებით ჩამდგარიყვნენ მის სამსახურში.
"საქართველოს სამხედრო გზა, მთა ყაზბეგი და სამების მონასტერი. ფოტო:ალექსანდრე როინაშვილი." 1875-1898.
საქართველოს ეროვნული არქივი