Please rotate your phone
თავისუფლებისთვის გაქცეული

თავისუფლებისთვის გაქცეული





ნათია წულუკიძის ინტერვიუ ბესო უზნაძესთან


ბესო უზნაძე არც დასავლეთში მიღწეული წარმატებებით და არც ტერმინებით ჟონგლირებს და საუბრობს  ფოტოგრაფიის სასარგებლოდ შემთხვევით გაკეთებულ არჩევანზე; ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად აღებულ ვალზე; დაძაბულ მუშაობაზე და ვალის გადახდის სირთულეებზე; წარმატების, ბევრი ჯილდოს და პოპულარობის მიუხედავად დამატებითი სამსახურის აუცილებლობაზე; ლონდონის ქართულ კაფეში მიმტანად მუშაობაზე... მისთვის ესეც  კი შემოქმედებითი პროცესია. და ესეც შემთხვევით ნაპოვნი - იქ უამრავ განსხვავებულ ადამიანს ხვდება და ადვილად ითანხმებს პორტრეტის, ხშირად კი ნიუს გადაღებაზეც. ამასაც დიდი ხნის ნაცნობობას აბრალებს და არა რაიმე განსაკუთრებულ შემოქმედებით უნარებს. მხატვრული ღირებულებები ხშირად ჩვეულებრივ ვალუტაში გადაჰყავს. თითქოს ძალიან ცნობილი პერსონაჟის ტაქტიკას ირჩევს - ადამიანებს, რაიმე გასაგებად რომ აუხსნა, უბრალოდ უნდა უთხრა რომ „ძალიან ძვირია“.



© ბესო უზნაძე. სერიიდან Don't Wake Me Up
 

ვიდრე შევხვდებოდით, ვფიქრობდი, რომ ინტერვიუს სტატიად გადავაკეთებდი. თუმცა ამ „უშუალობადაკარგულ“ ეპოქაში ასე იშვიათი შეუფუთავი უშუალობა, მინიმუმ ფორმატის შენარჩუნებას იმსახურებს. ასე რომ, ინტერვიუ ბესო უზნაძესთან, თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წარმომადგენელთან.

ფოტოგრაფიაში მუშაობა 90-იან წლებში, მაშინ  დაიწყეთ როდესაც თბილისი ძალიან უფერული იყო. რატომ დაგაინტერსათ დოკუმენტურმა ფოტოგრაფიამ და იმ რეალობის ასახვამ რომლისგანაც ყველა გაქცევას ცდილობდა?




© ბესო უზნაძე. სერიიდან Don't Wake Me Up 


- იმ ეტაპზე ფოტოგრაფიის სპეციფიკა არც კი მქონდა გააზრებული. უნივერსიტეტში კიბერნეტიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ხელოვნებისაგან ძალიან შორს ვიყავი. ეს უბრალოდ თავისუფალი დროის შევსების მცდელობა იყო. თან მაშინ საქართველოში ფოტოგრაფი მხოლოდ ჩვეულებრივ ხელოსნად ითვლებოდა. ქუჩაში სეირნობისას მეგობარი მესაუბრებოდა, როგორი მაგარი და საინტერესოა ფოტოგრაფია. ამ აზრმა საქართველოში პირველი ფოტოსკოლის პირველი გამოშვება გაგვხადა. შესაძლოა ეს, იმ უფერულ და ცარიელ  გარემოში აღმოჩენილი თვითგადარჩენის ხერხიც იყო.


                                                                          © ბესო უზნაძე. სერიიდან Don't Wake Me Up 


თუმცა, შინაგანად მუდმივად მქონდა ხელოვნებასთან შეხების მოთხოვნილება. ბავშვობაში ხშირად ვავადმყოფობდი. დედა სახატავებით მამარაგებდა და მეც  სულ ვხატავდი. პირველი დადებითი შეფასება მეზობელი მხატვრისაგან მაშინ მივიღე.  ხატვის სურვილი მერეც მქონდა - საკუთარი ფულით მოლბერტიც კი ვიყიდე. თუმცა, პროფესიულად ამ გზას ვერ გავყვებოდი. საბჭოთა საქართველოში სამხატვრო აკადემია ჩველებრივი ადამიანისთვის ფუფუნება იყო: მომზადებისთვის ბევრი ფული უნდა გქონოდა, ჩაბარებისთვის გავლენიანი ახლობლები. საბოლოოდ, ხელოვნების სფეროში ფოტოგრაფიის საშუალებით მოვხვდი. და ეს იყო აბსოლუტურად სრულფასოვანი შემოქმედებითი პროცესი. განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩემსა და ფოტოგრაფიას შორის. ბოლო რამდენიმე წელი ფერწერაში ვმუშაობ, თუმცა პროცესი და განცდები ორიევ შემთხვევაში სრულიად იდენტურია.


                                                                         © ბესო უზნაძე. სერიიდან Don't Wake Me Up 

ბევრი პროფესია გამოიცვალეთ, ყველაზე ხანგრძლივად მაინც ფოტოგრაფიაში დარჩით. ახლა ფერწერაში მუშაობთ. შესაძლებლად თვლით რომ კიდევ შეცვალოთ არჩევანი?

- ეს თვისება მუდმივად მაქვს. ბაშვობიდანვე მიჭირდა ერთ სფეროში გაჩერება,ძალიან ხშირად ვცვლიდი არჩევანს. ნიჩბოსნობიდან დაწყებული ყველა სპორტზე დავდიოდი, გარკვეულ წარმატებებსაც ვაღწევდი და თითქოს სწორედ წარმატება მაკარგვინებდა ინტერესს. თუმცა, ფოტოგრაფიის შემთხვევაში სხვა ფაქტორებიც იყო - გამჟღავნება, ფართოფორმატიანი კამერა ან ლინზები, ყველაფერი  ძალიან ძვირი ღირდა. ესეც ფუფუნება აღმოჩნდა. საბოლოოდ, გამოსავლის და საკუთარი თავის ძიებამ ფერწერსთან მიმიყვანა. ალბათ ეგოისტიც ვარ. ხატვა იმდენად მსიამოვნებს, იმდენად ბოლომდე ვიხარჯები, რომ საკუთარი სიამოვნების განცდას ვერ ვღალატობ.

ბევრი დრო რომ მქონდეს კიდევ უამრავ რამეს ვცდიდი და შევცლიდი. უბრალოდ, სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა და ვერ ვასწრებთ. 


                                                                     © ბესო უზნაძე. სერიიდან Don't Wake Me Up 

პოლისტილური ტიპის ხელოვანი ხართ. რის საფუძველზე ხდება სერიიდან სერიამდე სტილების ცვლა?

- საერთოდ ვერ ვამჩნევ ამ განსხვავებას. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვიმეორებ. ხშირად შემთხევევით ვპოულობ რაიმე ფოტოტექნიკას და მომწონს ამ ტექნიკაში მუშაობა.

ფოტოგრაფიამ რადიკალურად შემცვალა. საკუთარი ახლობლებიც კი სხვა კუთხით, სხვაგვარად დამანახა. ახალი, ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი შრეები გახსა. ფოტოებს ინტუიტიურად, შემთხვევითობის პრინციპით ვიღებ. ამბავი, სათაური, სერია, კონცეფცია, ყველაფერი უკვე გადაღებული ფოტოების შემდეგ და მათ საფუძველზე დგება.  სათაურებს ხშირად სულაც იმიტომ ვარქმევ, რომ გალერისტები მთხოვენ. თუმცა, ნებისმიერი ფოტო, თემატიკის, ჟანრის ან სიუჟეტის მიუხედავად ჩემივე ავტოპორტრეტია. სამყაროს, რეალობის სუბიექტური ხედვით გადმოცემაა. მემგონი, გადაღება უბრალოდ ჯადოქრობაა. რაღაც უხილავ სიმებს მივაგენი და ამით ვმანიპულირებ.                                           

თქვენი ბოლო პერიოდის ნამუშევრებთან დაკავშირებით ხშირად იყენებენ ტერმინს - აპროპრიაციონიზმი, რაც უკვე  არსებული არტობიექტის რეკონტექსტუალიზაციას ნიშნავს, მაშინ როდესაც ეს არსებული ნიმუში - ორიგინალი - პორვანდელი სახითაც ნაცნობია მაყურებლისთვის. თქვენ, ძირითადად, საკუთარი ნამუშევრების კომბინირებას ახდენთ ერთ ნამუშევრად.  როგორ ფიქრობთ ეს აპროპრიაციონიზმია?

- არ ვიცი. მაშინ არ გამოდის აპროპრიაციონიზმი.  მე მხოლოდ ჩემივე ნამუშვერებს ვიყენებ. დიდად არც მაღელვებს ტერმინები ან კონცეფციები. ძირითადად, მხოლოდ ბედნიერების წუთებს ვეძებ. ეს კი მუშაობის პროცესში მოდის, ხშირად დღეები ისე გადის ჭამაც მავიწყდება და შემდეგი დღის გათენებას სულმოუთქმელად ველოდები, ისევ მუშაობას რომ დავუბრუნდე.  ასეთ დროს თითქოს ამ სამყაროსთან ვწყვეტ კონტაქტს და სხვა სამყაროში ვიკარგები.

 

                                                                             © ბესო უზნაძე. უსათაურო. 2018

ხშირად, გარდატეხის გასაღებს თვითონ ხელოვნება მაძლევს. ტილო და ფუნჯები მარლენ დიუმას გამოფენის შემდეგ ვიყიდე. მივხვდი, რომ ხელოვნება ზოგჯერ ასეთი მარტივიც შეიძლება იყოს და მეც შემიძლია დავხატო. უამრავი გავლენის წყარო არსებობს - ხელოვანები, რომლებიც ძალიან მომწონს. მათი შემოქმედება ჯერ მიყვარდება, შემდეგ ვაკვირდები, ვსწავლობ, საათობით ვუყურებ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გამოცდილებად იქცევა და საკუთარ ნამუშვერებში ვიყენებ. ჩვენ ეპოქაში შეუძლებელია რაიმე სრულიად ახალი მოიგონო ან გააკეთო, გამეორებები კი არ მაშინებს.

 
                                                                       © ბესო უზნაძე. უსათაურო. 2018

სწავლა ევროპაში გააგრძელეთ და დღესაც ლონდონში ცხოვრობთ. ეს ნოვაციები თქვენ ხელოვნებაში ევროპამ მოიტანა? ზოგადად, რამდენად შეგცვალათ გარემომ? და რამდენად მნიშვნელოვანია გარემო შემოქმედებითი თვალსაზრისით?

- უზარმაზარი გავლენა მოახდინა გარემომ. აქ რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ. თბილისში თითქოს ჰაერწვეთოვანი გზით ხდება ჩემი ინტოქსიკაცია. რასაც ვეწინააღმდეგები და ვფიქრობ, რომ დავძლიე, უცბად, ისევ იღვიძებს ჩემში. საქართველოდან ბევრ სხვა მიზეზებთან ერთად, თავისუფლებისთვის გამოვიქეცი. უამრავი კულტურული შოკების გადალახვის შემდეგ, ამ გარემომ პიროვნული და შემოქმედებითი თავისუფლების  სრულყოფილი განცდა შემიქმნა.

 

                                                                                     © ბესო უზნაძე. სერიიდან Don't Wake Me Up

ბევრი პორტრეტული ნიუ გაქვთ გადაღებული. როგორც ამბობთ, ეს ნიუები მაშინ გადაიღეთ როდესაც საქართველოში სიშიშვლე და ეროტიკა ტაბუ იყო. თუმცა, თქვენი ნიუები არასოდეს არის ეროტიკული. წინასწარი მომზადების, დალაგების გარეშე, შემთხვევითი საგნებით სავსე გარემოში მომწყვდეული ადამიანები არა სურვილის, არამედ თანაგრძნობის, თანაგანცდის ობიექტები ხდებიან.

- მთავარი აზრიც მაგაშია. მემგონი, მოვახერხე და სიშიშვლესა და ეროტიკას შორის არსებული ზღვარი ვიპოვნე. ჩემთვის სხეული არც არასდროს არის პირდაპირი ინტერესის ობიექტი. ის შინაგანი სამყაროს გადმოსაცემი ინსტრუმენტია. საკუთარი კომპლექსების გადალახვის საშუალებაცაა. ძალიან მორცხვი ვიყავი. ეს ნიუები კი განთავისუფლებაში მეხმარებიან. ხშირად, სწორედ ის მოუწესრიგებელი გარემო და შემთხვევითი დეტალები ხდება მთავარი ფოტოგრაფიული აქცენტები. ამიტომ არასოდეს ვამუშავებ, ვკროპავ და ვაშორებ კომპოზიციიდან, მაგალითად, მინის საწმენდ ქიმიურ სითხეს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დეტალი იმ გარემოს ორგანული ნაწილია და გადაღების სურვილი, შესაძლოა, მათი დამსახურებაც იყოს.



                                                                        © ბესო უზნაძე. სერიიდან Don't Wake Me Up

რას ფიქრობთ? ქართულ ფოტოგრაფიაზე ხედავთ რაიმე განსაკუთრებულ, სახასიათო ნიშანს?

- ძალიან ბევრი მომწონს და მიყვარს. ყველა განსაკუთრებულია. ალბათ სივრცე გვაქვს საერთო. საქართველოში ევროპას ვერ გადავიღებთ. პოსტსაბჭოთა ატმოსფერო და აურა, საერთო ისტორია თავის დაღს გვასვამს.

-  დიდი ხნის წინ კარლო კაჭარავას ჰქონდა შესანიშნავი სტატია „რატომ არ არის საქართველო?“, რომელშიც მსოფლიო არტრუკაზე საქართველოს არარსებობაზე საუბრობდა. ზოგადად, სტატიებს კონკრეტული დროის შესაბამისი აქტუალობა ახასიათებთ. როგორც წარმატებული ქართველი ხელოვანი, როგორ ფიქრობთ, ეს შეკითხვა დღემდე აქტუალურია თუ უკვე მოვინიშნეთ რუკაზე?

- სამწუხაროდ, ჯერ ალბათ ისევ არ ვართ. თუმცა, რამდენიმე ძალიან საინტერესო არტისტი გვყავს. მათი ჩამოთვლა სულ ერთ ხელზე შეიძლება. მაგრამ, ესეც ჩვენი გადასაჭრელი პრობლემაა. მთავარია  სიცოცხლის სიყვარულმა არ მოგვასვენოს და არ დავტოვოთ ხელოვნების მაგნიტური ველი.

 

 

სრულიად ნათელია, რომ რუკაზე საქართველოს მონიშვნა მხოლოდ ხელოვანების გადასაჭრელი პრობლემა არ არის, ეს არტპოლიტიკის და ინსტიტუციური საკითხია. თუმცა, ქართველი ხელოვანები უკვე ტოვებენ თავიანთ ნაკვალევს ამ რუკაზე. მათ შორის კი ერთ-ერთი ნამდვილად არის ბესო უზნაძე, პოლისტილური ფოტოებით და უზარმაზარი აბსტრაქციული ფერწერული ტილოებით.

 

 
ფოტო ქავერზე: © ბესო უზნაძე. სერიიდან Don't Wake Me Up 






გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე