Please rotate your phone
მარიკა ქოჩიაშვილი: გაკოცებ რომ გავიზრდები

მარიკა ქოჩიაშვილი: გაკოცებ რომ გავიზრდები





ანა ფატლაძის ინტერვიუ



"When inner space becomes outer space, you become a spaceship" - მარიკა ქოჩიაშვილის ფოტოები, პროექტები თუ ვიდეოები ერთგვარი „spaceship”-ია , რომელიც ხან სხვა სამშობლოს და მოძრავი ნავსაყუდლის ძიებაშია, ხან კი საკუთარი თავის და იდენტობის კვლევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ხომალდს ბოლოს თავისუფლებისკენ მივყავართ. თავისუფლება აქ არა როგორც ჰოლივუდური საბოლოო მოცემულობაა, არამედ როგორც დრეკადი და ცვალებადი ცნობა, რომელიც მუდმივი შთაგონების საგნად რჩება.

ლონდონში ცხოვრების დაწყება, უფრო კი, შენი საქართველოდან წასვლა, სექსუალობის აღმოჩენასთან, მის კვლევასთან და მიღებასთან ერთად, შენი პროექტების ერთგვარი ლეიტმოტივია. იგრძნობა, რომ ბოლო წლების მანძილზე გავლილი ემოციური გზა, შენს ფიზიკურ გადაადგილებასთან არის კავშირში. მარტივად რომ ვთქვათ საქართველოში ჟურნალისტი იყავი, ინგლისში კი, ფოტოგრაფი ხარ.



 
"Spaceship". 2018-2019


იმის მერე რაც ლონდონში აღმოვჩნდი, სხვა ერა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ეს სრული გადატრიალების და გარდაქმნის პერიოდი იყო. აქ, მოხდა ჩემი "ქამინგ აუთიც". როცა აღარ მალავ ვინ ხარ, შენს ტვინში ჩაკეტილი უჯრედები იხსნება და სხვა შრეებზე იწყებ ფიქრს. განათლებით და გამოცდილებით ჟურნალისტი ვიყავი, ამიტომ სულ ვფიქრობდი დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე. ერთ დღეს შანტალ აკერმანის ფილმს ვუყურებდი მეგობართან ერთად. ეს რაღაც ბიძგი აღმოჩნდა, დავიწყეთ ქალების გამოკითხვა, მათი სექსუალური გამოცდილებების ჩაწერა და ბოლოს ამ თემაზე გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი. აქედან უკვე სულ სხვა გზა და პროექტები დაიწყო.


სერიაში Frame in a Frame შენ მხოლოდ დამკვირვებელი ხარ, რომელიც ლონდონში, ოთახის ფანჯრიდან იქაურ ყოველდღიურობას და სინამდვილეს იღებს. ლონდონში ჩასვლისას, რამდენად იყო კამერა შენი ინტეგრაციის იარაღი?




                                                                                                         სერიიდან "Frame in a Frame". 2017



ფოტოგრაფია ამ შემთხვევაში აღქმის იარაღი იყო. მანამდე შეიძლება ერთი წელი მევლო ქუჩაში, მაგრამ რეალურად არ დამენახა ის დეტალები, რაც ჩემი ფანჯრიდან, უმოძრაოდ მყოფმა შევამჩნიე. ამ დროს ძალიან აშკარად დავინახე კლასებად დაყოფილი ლონდონი, მისი ცვალებადობა… შეიძლება იქვე, კლუბიდან გამოსულმა ხალხმა ჩაიაროს, გვერდზე ორი ბიჭი ერთმანეთს კოცნიდეს; გამთენიისას, როცა არავინ აღარ არის, დიდ ხანს აკვირდებოდე ერთ წყვილს და ცოტა ხანში მიხვდე, რომ მათი დაშორების მოწმე ხარ. ეს ერთ კვადრატულ მიწის ნაგლეჯზე ხდება, მაგრამ მთელ ქალაქზე და მის დინამიურობაზე მეტყველებს.




                                                                                                დაშორება. სერიიდან "Frame in a Frame". 2015


მაშინ ბესო უზნაძესთან ვცხოვრობდი და როცა სახლის შეცვლა და ამ ოთახის დატოვება მომიწია, ყველაზე მეტად ამ პროექტის ძალაუნებურ დამთავრებაზე დამწყდა გული. ჯადოსნური და მაგნიტური პროცესი იყო - ხვდები, რომ რაღაც იწყება, და ვიდრე ბოლომდე არ განვითარდება მოქმედება, ვერ იხედები.


თუ Frame in a Frame შენი ინტეგრაციის დასაწყისია, We Are Queer იმ პროცესის კულმინაციად შეიძლება აღვიქვათ, როდესაც შენ შენი პირადი და არტისტული განვითარების სივრცეს პოულობ. ნაჯიბ მაჰფუზი, ეგვიპტელი მწერალი, ამბობს: „შენი სახლი იქ კი არ არის, სადაც დაიბადე, არამედ იქ, საიდანაც გაქცევის სურვილი გეკარგება“. როგორ ფიქრობ ასეთი ადგილი იპოვე?


ფიზიკურად არ არსებობს ადგილი, საიდანაც გაქცევა არ მინდა. ალბათ, ეს ბევრი ემიგრანტის ტვირთია. ვისთანაც არ მილაპარაკია, ყველასთან მხვდება გაქცევის, ახლის ძიების სურვილი. ბევრს არ აქვს იმის განცდა, რომ იქ, სადაც არის, მთელი ცხოვრებაის გატარება შეუძლია.



                                                                                             სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you". 2018



ჩემი "ქამინგ აუთი" ლონდონში, გეი ბარში მოხდა. მაშინ სრულიად უცნობმა, ჩემზე ცოტა უფროსმა გეი ქალმა მითხრა: “welcome to the club“. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიფიქრია, ასეთი სივრცე საქართველოში რომ ყოფილიყო, ძალიან ბევრი რამე შეიცვლებოდა ჩემთვის. ის აღიარება და მიღება რაც ქვიარ საზოგადოებაში გხვდება, უმნიშვნელოვანესი რაღაც არის - ეს ხალხი და ეს კომუნა ხდება შენი ოჯახი. We Are Queer - ის სერიით, სრული თავისუფლების ადგილის გადაღება და ჩვენება მინდოდა. ასეთი სივრცის არსებობა ცდება ფიზიკურ სივრცეს და ბევრად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.


Fear of The Nipple საქართველოში გადაიღე. ამ სერიაში სხვადასხვა საჯარო სივრცეში წელს ზემოთ გაშიშვლებული ქალი დგას. ეს თავისი ხასიათით პროვოკაციული პროექტი, პროტესტი და განაცხადია, რომ შენი ქვეყნის ნებისმიერ სივრცეში სრულფასოვანი არსებობის უფლება გაქვს; შენი აზრით როგორ გაგრძელდება შენი როგორც ფოტოგრაფის დიალოგი შენს ქვეყანასთან?


საქართველოში უკვე ჩემს შეყვარებულთან ერთად ჩამოვედი. ამ სერიის ყველა ფოტოშიც ის არის. პირველი ფოტო ეკლესიაში გადავიღეთ. პატარა სოფლის ეკლესიაში შევედით, სადაც არავინ იყო. რაღაც მომენტში ის საკურთხეველთან ახლოს მივიდა და მე შეშინებულმა დავუყვირე, რომ იქ ქალისთვის ფეხის დადგმა არ შეიძლება. ასეთი მძაფრი, შეშინებული რეაქცია ჩემი შეყვარებულისთვის სრულიად ამოვარდნილი იყო ჩემი ხასიათიდან (როდესაც ფიზიკურად “ძველ სივრცეში“ ვბრუნდები, მენტალურადაც ძველ მდგომარეობას ვუბრუნდები ხოლმე - ძალიან ეკლესიურად ვიზრდებოდი და ამანაც განაპირობა, რომ 27 წლამდე ჩემს თავთანაც ვერ ვაღიარე რომ გეი ვარ).



სერიიდან "Fear of The Nipple". 2019
 

ამის საპასუხოდ დაიბადა იქვე ეს სერიაც. იმან გაიხადა, მე კამერას დავიჭირე, ვიცოდი რომ უნდა მეჩქარა, სულ ორი ფოტოს გადაღება მოვასწარი და ესე დაიწყო Fear of The Nipple, რომელიც ცოტა ხანში “ინდიგოში”გამოქვეყნდა. ამას მოყვა, საშინელი აგრესია, წერილები, მეილები, ხმის ჩანაწერები, მუქარები. კარგს არაფერს ველოდებოდი, მაგრამ იმდენად დიდი იყო ეს აგრესია, რომ მაინც გამიკვირდა. მესმოდა, რომ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ როგორც ყველა ჩემი პროექტი ესეც ინსტინქტურად, შინაგანი საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. რამდენიმე წელიწადში ჩემს შეყვარებულზე კიდევ ერთი პროექტი გავაკეთე - პატარა ფილმი, ჩვენი გაცნობის მოკლედ ისტორია და ყოველდღიურობიდან ამოღებული პატარა ინტიმური ნაწყვეტები. ესეც “ინდიგოში“ გამოქვეყნდა და კიდევ ერთი აგრესიის ტალღისთვის მოვემზადე, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ძალიან დადებითი რეაქცია მოყვა და ეს მუხტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. შეიძლება წლებია საქართველოში აღარ ვარ, მაგრამ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ყველა ჩემს პროექტს ქართული საზოგადოებისთვის ვაკეთებ. ამიტომ შინაგანი დიალოგი მუდმივად მიმდინარეობას. ალბათ ყველა არტისტს აქვს რაღაცის შეცვლის, გავლენის მოხდენის სურვილი. რა თქმა უნდა, ერთ დღეში ცნობიერების შეცვლა არ მოხდა, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ხელოვნება თუნდაც ბიძგი იყოს გადააზრებისთვის. შეიძლება გააბრაზო კიდეც, მაგრამ ბრაზს შემდეგ დაფიქრება მოყვეს. ეს პროცესი ერთგვარი ბრძოლაა, სადაც ვხვდები, რომ ბევრნაირი იარაღი არსებობს, მაგრამ სადაც სიყვარულით ბევრად მეტს მოიგებ.


ბოლო წლების მანძილზე, სახელოვნებო სივრცე ცვლილებებს განიცდის, ქალისთვის და უმცირესობებისთვის მანამდე არარსებული სივრცე და შესაძლებლობები გამოჩნდა. ახლა კი, ეს თემები ფოტოგრაფიულ სამყაროში დომინანტურია. შენი პროექტებიც ამ ტალღის ნაწილია,თუმცა ის დაცლილია ყველანაირი ტენდენციური სიყალბისგან. მთავარი იდეა თუ შთაგონება საკუთარი თავის ძიებაა - უნივერსალური და მუდმივი პროცესი... როგორ მიმდინარეობს პროექტის დაწყება და გადაღება? როგორ უნდა დაიცვა გარე სამყაროსგან და დაბინძურებისგან შენი ხელოვნება?




                                                                           ავტოპორტრეტი. სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you". 2020


ვფიქრობ, რომ რაზეც მუშაობ, შინაგანად შენი უნდა იყოს. ის გზა, რასაც იღებ, შენ თვითონვე გავლილი და განცდილი უნდა გქონდეს. თუ რაღაცას იმიტომ აკეთებ, რომ იმ დროს ეს თემა გარკვეულ ფოკუსშია, მაგრამ ორგანულად შენი არ არის, იქ მარტივია სიყალბე შემოგეპაროს. ვიცი, რომ ბევრი არტისტი დღეს მუშაობას დიდხნიანი კვლევის მერე იწყებს. ცუდია ეს თუ კარგი, ასე ვერასდროს ვმუშაობდი. ვერ წარმომიდგენია, რამე იდეა მომივიდეს და იმის მაგივრად ეგრევე დავიწყო მუშაობა, ჯერ დავჯდე და რამე კვლევა დავიწყო. როგორც კი რამე შთაგონება მიჩნდება, ინსტინქტურად ვიწყებ და მერე მოდის კითხვები, რომელსაც პროცესშივე ვცემ პასუხს. 2017 წლიდან ვმუშაობ შიშველ სხეულზე, მაგრამ მაინც თითზე ჩამოსათვლელი პორტრეტები მაქვს, იმიტომ რომ, იმ სურვილს ველოდები, როდესაც გულწრფელად მინდება ადამიანის გადაღება. ეს შეიძლება ახლობელი იყოს, შეიძლება გუშინ გაცნობილი ადამიანი, რომელიც არც ვიცი რატომ მთანხმდება. შეიძლება ხშირად გვესმის, რომ უფრო ინკლუზიურები უნდა ვიყოთ, რომ მეტი დივერსიფიკაციაა საჭირო, მაგრამ თუ ეს ორგანულად არ მინდება, ვერასოდეს გადავუღებ ადამიანს, რომელთანაც რაღაც კავშირს ვერ ვგრძნობ. თვითონ გადაღების პროცესში კიდევ, არაფერს არ ვაპრიალებ, არც ეგეთ ადამიანებს არ ვეძებ, პირიქით, ამის მიმართ პროტესტი მაქვს და მის საწინააღმდეგო მდგომარეობაში ვხედავ სილამაზეს.




სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you". 2020


როგორც თქვი 2017 წლიდან შიშველ სხეულზე მუშაობ. სერიისთვის When I grow up I’m gonna Kiss You (“გაკოცებ რომ გავიზრდები“), მხოლოდ 4 წლის შემდეგ პირველად გადაიღე ავტოპორტრეტები…



ჩემი შეყვარებული ვაშლის ხესთან. სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you". 2019


ეს სერია ზაფხულში, ლონდონში პირველი ჩაკეტილობის დროს გადავიღე. ამას დაემთხვა ჩემი დიდ ხნიანი ურთიერთობის დამთავრებაც. ქალების პორტრეტები და "ნიუების" გადაღება რომ დავიწყე, მერე დავსვი ის კითხვები, რომელიც შინაგანად მაწუხებდა. მერე მივხვდი, რომ ამ გზით საკუთარი თავის და იდენტობის ქვეცნობიერ კვლევას ვატარებდი. ამ პროცესში ჩუმად დამყვებოდა ფიქრი - შევძლებდი თუ არა ოდესმე ჩემი თავის გადაღებას. თავიდან ტელეფონის კამერითაც ვერ ვახერხებდი ამას, მაგრამ მაინც ეს ამ პროექტის ერთგვარ ფინალად წარმომედგინა.




ავტოპორტრეტი კარანტინში. სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you". 2020


"გაკოცებ რომ გავიზრდები" Tbilisi Photo Festival-ის პროგრამის I -Residency ფარგლებში პანდემიის თემაზე გაკეთებული პროექტია. ამ დროს როგორც ფიზიკურად ვიყავი ჩაკეტილი, ისე სულიერადაც იგივეს ვგრძნობდი. როდესაც ხანგრძლივი ურთიერთობა მთავრდება, ის სიახლოვე, საკუთარი თავის და სხეულის სიყვარული, რომელიც ახლო ურთიერთობაში წლების მანძილზეა აკუმულირებული, თითქოს უკუსვლით მიდის და მთლიანად ქრება…




სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you". 2019


შენ კი ვეღარ წარმოგიდგენია ვერც სიყვარული, ვერც ფიზიკური სიახლოვე და ყველა პროტესტი საკუთარი თავის მიმართ თითქოს გიბრუნდება... ამ დროს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვიყავი და კიდევ უფრო ჩავუღრმავდი ჩემს თავს. ჯერ გადავიღე ავტოპორტრეტი კაბაში, იმ კაბაში, რომელიც საქართველოდან წამოვიღე. კაბა, რომელსაც, როგორც იქაურ სტერეოტიპებს და ტაბუებს, ვერასდროს ვირგებდი…



აბა წინა ცხოვრებიდან. სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you". 2020


მერე უკვე, "ნიუ" ავტოპორტრეტიც გადავიღე. ეს მართლა იყო ერთგვარი დასასრული ამ პროცესის, სხვისი დაკვირვების და საკუთარი თავის აღმოჩენის და ბოლოს განთავისუფლების. ამ პროექტს, თემას, თუ შინაგან კითხვებს მაინც დავუბრუნდები, პროექტი ტექნიკურად დასამუშავებელია, საკუთარ თავთან ურთიერთობაც მუდმივი სამუშაოა.




ფოტო ქავერზე: © მარიკა ქოჩიაშვილი. სერიიდან "გაკოცებ რომ გავიზრდები".
































გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26. 2021
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
ოფისი: +995 599 311 768
info@tpmm.ge

მედიათეკა

სამშაბათი-პარასკევი 12.00-17.00

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე