მარიამ ნატროშვილი: შავმა ღრუბელმა გადაუარა
ტექსტის ავტორი: მარიამ ნატროშვილი. შავმა ღრუბელმა გადაუარა.
ფოტო ქავერზე: გურამ წიბახაშვილი. ქისტურ-ქართული განმარტებანი. პანკისი. ჯოყოლო. 2021.
მაისია, მინდვრები ამწვანებული, ცა ლურჯია.
ახმეტას მერე, ალაზნის ველი ნელ-ნელა ვიწროვდება და ველები მთებად იქცევა, პანკისის ხეობა იწყება.
მდინარე ალაზანი კავკასიონიდან მოდის, სათავეს ბორბალოს მთიდან იღებს, ჩამოდის, იტოტება და ხეობის ძარღვად ქცეული კასპიის ზღვისკენ მიედინება.
მთები მცველებივით ყავს, დარაჯებივით.
ალაზანი პანკისის ხერხემალია. სოფლები მდინარეს მიუყვება. ბევრი ადგილი აქ არ არის, მცირემიწიანი კუთხეა.
პანკისში ოთხი დღე ვიყავი. ოთხი დღე მქონდა და ოთხი ამბავი ჩამოვიტანე. ზოგი ამბავიც არ არის, ზღაპარია. ზოგი ისეთი ამბავია, წლების მერე ზღაპრად რომ იქცევა. ერთიც ისეთი გამოცდილებაა, ენით ვერ აღწერ, უნდა დაესწრო და იგრძნო. პანკისი ასეთია, ძნელია აღწერო, საკუთარი თვალით უნდა ნახო.
პანკისი ფიქრის ადგილია. მდინარეს კავკასიონის ფიქრები მოაქვს. თუ მთები გაბრაზდნენ, მდინარე დიდდება. დიდდება და ნაპირებზე მთების ბრაზს ტოვებს, იქიდან მოტანილ ქვებს.
გზა მდინარის პარალელური ხაზია, გზას და მდინარეს შორის სოფლებია.
ასფალტიანი გზის ბოლოს პოლიციის დიდი შენობაა. პანკისის ხეობის სოფლები პოლიციით იწყება და პოლიციით მთავრდება. ქვა - ღორღიანი გზა ჩანჩქერისკენ და ბაწარას ნაკრძალისკენ მიდის. იქვე, პოლიციის შენობასთან ახლოს, დიდი მილები ყრია.
ეს მილები აქ ვერ აშენებული ჰესის სამახსოვროდ დარჩა.
1. ჰესი არ აშენდა
პანკისის ხეობა ზღაპარია. მწვანე მთები, ღამ-ღამობით თითქოს ცოცხლდებიან და მდინარეზე თამაშობენ; მდინარეს მძინარე სოფლებიდან ზღვასთან ჩურჩულით მიაქვს სიზმრები; ღრუბლები ცაზე მოწყენილობისგან ხან ჩიტებს, ხან სახეებს, ხან ცხოველებს ემსგავსებიან.
ზღაპარს კანონზომიერება და წესი აქვს. სადაც ზღაპარია, იქ ადრე თუ გვიან ურჩხულიც გამოჩნდება. პანკისში ორთავიანი ურჩხული გაჩნდა - ხელისუფლების და ბიზნესის, ძალაუფლების და ფულის ნაჯვარი მხეცი. მაგრამ, წესების მიხედვით, სადაც ურჩხულია, იქ აუცილებლად გაჩნდება გმირი, ვინც ურჩხულს დაამარცხებს.
ხადორი 3 - ის აშენება მოსახლეობის დაუკითხავად გადაწყდა. მოსახლეობა ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო. ჰესს მრავალხმრივი უარყოფითი გავლენა ექნებოდა ხეობაზე. მოსახლების გარდა, გარემოსადმცველებიც ამტკიცებდნენ რომ ჰესი ხეობას სარგებელს არ მოუტანდა და დააზიანებდა.
ჰესისთვის ალაზნის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი მილსადენში ექცეოდა, მდინარე მიწაში იმარხებოდა.
ხეობაში ორი ჰესია.
- რაც ეს ჰესები აშენდა, ხეები ხმება, ჭები შრება. თუ კიდე ახალი ჰესი აშენდა, წყალი დაშრება, ხეობაში ვეღარ გავჩერდებით. - ამბობდნენ პანკისელი ქალები. - თუ წყალს წაგვართმევენ, აქ აღარ გვეცხოვრება.
ჰესის ასაშენებლად საჭირო არც გარემოს სათანადო კვლევა არსებობდა, არც დასაბუთება იმისა, რომ ხეობას ჰესი სჭირდება.
დასაქმების დაპირებებით პანკისელები ვერ მოატყუეს. ვერც მაღალი ხელფასებით დაითანხმეს ვერავინ. ხეობის კეთილდღეობა პირად კეთილდღეობაში არავინ გაცვალა.
ჰესის წინააღმდგ ხალხი გამოვიდა. ერთ მხარეს მოსახლეობა და მდინარე იყო, მეორე მხარეს ხელისუფლება, ინვესტორი და ფული. რა არ სცადეს ხალხის დასაყოლიებლად: დაშინება, მოსყიდვა, გაფრთხილება. ვერაფერი გააწყეს.
პროტესტის და გამოსვლების შედეგად ჰესის მშენებლობა 2019 წლამდე დროებით შეჩერდა.
2019 წლის გაზაფხულზე კომპანიამ სამუშაოები განაახლა. ჯერ ჩუმად, ღამ-ღამობით მუშაობდნენ. ხეობაში მილები და ტრაქტორები შემოაპარეს. 21 აპრილის დილას კი სამუშაოები პოლიციის დაცვით განახლდა. სამუშაოების განახლებას არავინ ელოდა, ცოტა ხნით ადრე მინისტრები მოსახლეობას დიალოგის გაგრძელებას და საფრთხეების გამოსარიცხად დამატებით კვლევებს დაპირდნენ.
ამბავი ხეობაში ელვის სისწრაფით გავრცელდა.
ხეობის სოფლებში სახლები უმალ დაცარიელდა. კაცები, ქალები, ყველა სახლიდან გამოვიდა. ხალხი მდინარესთან მიდიოდა.
ხელისუფლებამ გაბრაზებულ ხალხს სპეცრაზმი დაუპირისპირა. მთავრობამ ინვესტორს პირად დაცვად პოლიცია და სპეცრაზმი გამოუყო, კავკასიონმა ალაზანს დარაჯად ქისტები.
მძიმე დღე იყო. გრძელი და მძიმე. ხალხის და სპეცრაზმი ერთმანეთს რამდენჯერმე შეეჯახა.
პანკისელები გაბრაზდნენ. ბრაზის ფიალაში ხალხის წინააღმდეგ წასვლა და ინვესტორის სასარგებლოდ ხეობაში სპეცრაზმის შემოყვანა ბოლო წვეთად იქცა და პანკისში მორევად დატრიალდა.
აქ ხალხის მეხსიერება არ იკარგება.
თემირლანის მკვლელობა, პოლიციური კონტროლი, პანკისელების მუდმივად საფრთხედ მოაზრება, უყურადღებობა და უარყოფა, არაფრად ჩაგდება დაგროვდა, დაგროვდა და იფეთქა. წლების მანძილზე დაგროვილი წყენა ქვებად გადაიქცა.
როცა ხმა არ ისმის, როცა სიტყვას პოლიცია უპირისპირდება და ადამიანებს ხელისუფლება აჩუმებს, რჩება ის, რაც ალაზანს მთებიდან მოაქვს - რიყის ქვებად ქცეული ბრაზი.
მდინარესთან ცრემლსადენი გაზის კვამლი დადგა, ნისლი გეგონებოდა. რეზინის ტყვიების და ქვების წვიმა წამოვიდა.
ბევრი დაშავდა, პოლიციელებიც და უფრო მეტი გამომსვლელები.
- უკანონობას სჩადიანო. - ამბობდა პოლიციის უფროსი ცეცხლწაკიდებულ პოლიციის მანქანაზე.
- ამდენი ხალხი რა, კანონი არ არის? - იყო პასუხი.
ხეობაში შსს მინისტრი ჩამოვიდა. მოლაპარაკება დიდ ხანს გაგრძელდა.
- ჩვენ შევთანხმდით ასეთ რაღაცაზე, რომ ჰესს მოსახლეობის 90 % რომ დაუჭერს მხარს, მხოლოდ მაშინ აშენდება. - თქვა მინისტრმა.
ხალხი კანონად გადაიქცა.
მაინც იმუქრებოდნენ, დავიჭერთ დამნაშავეებსო, მაგრამ ხალხმა - რომელიმე რომ დაიჭირონ, ყველა ვინც აქა ვართ პოლიციასთან მივალთ და ჩავბარდებით, მაშინ ყველა უნდა დაგვიჭიროთ, ყველა დამნაშავე ვართო. არავინ არ დაუჭერიათ.
ღრუბლებმა გადაიარა, ჰესი არ აშენდა. მდინარე ალაზანი ხალხმა დაიცვა. მდინარის ომი ხალხმა მოიგო.
ჰესის შეჩერების მერე, ხელისუფლებამ გადაწყვიტა პანკისი დაესაჯა. შეაჩერეს ინფრასტრუქტურული პროექტები. პროტესტის ადგილას კი 200 თანამშრომელზე გათვლილი პოლიციის შენობა ააშენეს. ეს პოლიციის შენობა მემორიალია, ნიშანი - რომ საქართველო ქისტებისთვის დედინაცვალია, რომ ხელისუფლებას პანკისელებთან მხოლოდ პოლიციის ენით უნდა ლაპარაკი. ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ექსპერტების თქმით, პანკისი მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ არის. მთავრობები იცვლება, პოლიტიკა პანკისის მიმართ კი არა.
საქართველო არ იცნობს პანკისელებს. არ იცნობს და არც უნდა რომ გაიცნოს.
ჰესის ამბავი გაკვეთილია. ხელისუფლებისთვის - რომ ხალხის ხმა კანონია. ხალხისთვის - ბრძოლის მაგალითი. ეს გაკვეთილი სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი, როცა მდინარე რიონს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლება მოსახლეობას ინვესტორის სასარგებლოდ ისევ პოლიციას უპირისპირებს.
2. ზიქრი - ალქიმია
ყოველ პარასკევს, დუისის ძველ მეჩეთში ქალების ზიქრი ტარდება. ზიქრი სუფიური რიტუალია. რიტუალის შესრულებისას მორწმუნე ღმერთს უახლოვდება. ზიქრი წრეზე სიარულით, რიტმული მოძრაობით, ცეკვით, ლოცვების გამეორებით, სიმღერით სრულდება.
პარასკევს,12-ის ნახევარზე უკვე მეჩეთთან ვიყავი. მეჩეთის ეზოში ქვას აგებდნენ და მტვერი იდგა. ქალები სად არიან? - ვკითხე ხელოსნებს. ეზოში მდგარი პატარა ოთახისკენ მიმანიშნეს.
ზიქრი უკვე დაწყებული იყო. ქალები წრეში იდგნენ და იმეორებდნენ: ლა ილაჰა ილ ალაჰ (არ არს ღმერთი გარდა ალაჰისა). კედელთან დავდექი. ქალებმა წრეზე სიარული დაიწყეს. ლოცვა გალობამ ჩაანაცვლა. სწრაფი ტემპით, რიტმულად მოძრაობდნენ, ოთახს წრეებს ურტყამდნენ. წამებში პატარა, ვიწრო ოთახში ქალების სიტყვები, ქალების ხმა და ნაბიჯები ქარბორბალად იქცა. სიტყვები მორევივით დატრიალდა, გალობა თითისტარივით დაბზრიალდა და ისეთი გრძნობები მოიტანა, კავკასიონის თოვლზე ძველი რომაა. ზიქრი არ არის მხოლოდ რელიგიური რიტუალი. ზიქრი გრძნობების ტრიალია, ასობით წლების მანძილზე დაგროვებული გრძნობების წრე. ამ რიტუალით ქისტი ქალები ტკივილზე, სიყვარულზე, ბრაზზე, მშვიდობაზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზე, მარადისობაზე და წარმავლობაზე ყვებიან. ამ მარადიულ გრძნობებს წრეში ატრიალებენ და მუდმივობად გარდაქმნიან. ზიქრი განხორციელებულ ალქიმიას ჰგავს - ადამიანური გრძნობები, უბრალო ლითონები ოქროდ, ღვთაებრივ სიმშვიდედ გადაიქცევა.
“მთელ მსოფლიოში მშვიდობა იყოს, აი ამას ვთხოვთ ღმერთს - მეუბნება რაისა მარგოშვილი, ზიქრის შემსრულებელი, - კიდევ, ყველა თავ-თავის შვილებზე შესთხოვს, ვინც ავად არის - კარგად ამყოფე. როცა არ ვიქნებით კიდევ, სამოთხეს ვთხოულობთ.”
ქალები ჩერდებოდნენ, მღეროდნენ და ისევ წრეზე სიარულს აგრძელებდნენ. ნელ-ნელა ქარბორბალა შენელდა, სიტყვები უკვე ჩუმად ისმოდა. გაჩერდნენ. ბოლო ლოცვა წაიკითხეს. პატარა ოთახიც გაჩუმდა. ქალები სახლებში წავიდნენ. სახლის საქმეებს დაუბრუნდნენ. პატარა ოთახი მეჩეთის ეზოში მომავალ პარასკევამდე მოლოდინად გადაიქცა.
3. თემირლანი
თემირლან მაჩალიკაშვილი, 19 წლის ბიჭი, ღამით, საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში სასიკვდილოდ დაჭრა სპეცრაზმელმა. თემირლანის მკვლელი დღემდე არ არის გასამართლებული, სახელმწიფომ დღემდე არ აღიარა დანაშაული, თემირლანის ოჯახი დღემდე არ უცნიათ დაზარალებულად.
ქისტებს სიკვდილის არ ეშინიათ. ეს ქისტური ადათი, წესია. სიკვდილი მუდამ მოსალოდნელია, ყოველდღიურობის ნაწილია. უშიშრობა კანონია. სილაჩრე, სიტყვის გატეხვა, ღალატი ქისტისთვის ცოდვის ტოლია. ქისტი მტერს ზურგში არ ესვრის, მტერსაც კი, ზურგში დანას არ ჩაარტყავს, არ უღალატებს. თემირლანს ძილში ესროლეს, საწოლში დაჭრეს, უმიზეზოდ და უკანონოდ მოკლულს სამართალიც არ აღირსეს.
ქისტი ჭირში გაუტეხელია. ადათების მიხედვით, ქისტს მწუხარება და გლოვა არ უნდა შეეტყოს, მტკიცედ უნდა შეხვდეს უბედურებას. წლებია თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მტკიცედ იბრძვის თემირლანის მკვლელის დასასჯელად. სისტემა ყრუ და ბრმაა, ურჩხულად ქცეულს არ ესმის და ვერ ხედავს. ბრმა და ყრუ სისტემის უსამართლო კანონზომიერებაა თემირლანის სიკვდილი. სანამ თემირლანის მამა სამართალს ვერ იპოვის, მსხვერპლი კანონზომიერებად დარჩება, სისტემა - ურჩხული კვლავ გადაყლაპავს ახალგაზრდებს, ხან სად და ხან როდის. უსამართლობა წყევლად იქცა, თემირლანის მკვლელის დაუსჯელობა, ტრაგედიის განმეორებადობას გულისხმობს.
YouTube-ზე ვიდეოს წავაწყდი - თემირლანის საპატივცემულოდ გამართული დოღის რამდენიმე წუთი. მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად დოღის გამართვა ძველი წესია. კავკასიაში იციან, მთაში და ზოგჯერ ბარშიც. დოღი გლოვის ნაწილია. მაგრამ ამ გლოვაში არის დღესასწაულის წილიც, სიცოცხლის გაგრძელების ზეიმი, გახსენების, არდავიწყების ზეიმი. დოღი სიკვდილის გაცილებაა, სიცოცხლის სევდიანი დღესასწაული.
აქ ყველაზე კარგად იციან, რომ სიკვდილს სიცოცხლე მოსდევს, სამართლიანობა ადრე თუ გვიან დადგება, რომ ქარიშხალი ბოლოს ჩადგება და რომ შავი ღრუბლებიც გადაივლიან.
მოკლე ვიდეოა. მუსიკა ადევს. ხეობაში, ალაზნის ნაპირზე მხედრები ცხენებით ჯირითობენ. გარშემო მთებია. თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შავებში ჩაცმული დგას და მხედრებს უყურებს. ქარის ხმა შიშინივით ისმის. წამით მგონია, რომ იქ ვარ. ვფიქრობ - თემირლანი ამ დოღში მხედარი უნდა იყოს, მკვდარი კი არა. ცაზე ღრუბლებია. რამხელა მთებია. ვიდეო წუთში მთავრდება. ნეტავ დოღი ვინ მოიგო, ვინ გაიმარჯვა.
4. ქარიშხალი და მგელი
ძალიან დიდი ხნის წინათ, უხსოვარ დროში, ქვეყანაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ქარიშხალმა ძირფესვიანად მოთხარა ხეები, ზღვა მდინარეებიდან წყალი ხმელეთზე გადმოანთხია, მთები ჩამოიქცნენ და დიდი უბედურება დატრიალდა.
ყველა სულდგმული თავგზა აბნეული დარბოდა აქეთ - იქით. თავს ვუშველოთო. ერთდაერთი მგელი არ შეუშინდა გრიგალს, დაჯდა და უშიშრად დაუპირისპირდა.
გრიგალმა ტყავი შემოაფლითა, დაასისხლიანა, მაგრამ ადგილიდან ძვრა ვერ უყო ძარღვმაგარ მგელს.
ქარიშხალი ჩადგა, მზე გამობრწყინდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, სიმშვიდემ დაისადგურა დედამიწაზე.
ცხოველებმა ისევ ერთად მოიყარეს თავი, მივიდნენ მგელთან და უთხრეს:
მგელო, ქარი რომ ხეებს გლეჯდა, ხმელეთი რომ წყალმა დაფარა, მთები რომ ჩამოიქცა და ყველა თავშესაფარს ეძებდა, შენ ადგილიდან არ დაძრულხარო.
მგელს სისხლი სწვეთდა სხეულიდან, თვალების სივრცისთვის გაეშტერებინა, ამაყად იჯდა და ისე მიუგო მათ:
მიწა, რომელზეც დავიარები, ჩემი სამშობლოა, რა უბედურებაც არ უნდა დამატყდეს თავს, სამშობლოშ იქით წასასვლელი ქვეყნიერებაზე არა მაქვსო.
ნათქვამმა ჩააფიქრა ცხოველები, სირცხვილმა შეიპყრო და უხმოდ გასწიეს ბუნაგებისკენ.
დარჩა მგელი იქვე, თავისი დასახიჩრებული, დაფლეთილი სხეულით, მიმავლებს თვალი გააყოლა.
მგელს სხვა სამშობლო არ ჰქონდა. *
სახლში ვბრუნდები. ზურგს უკან, ხეობაში ღამდება. ღამე ჩანთიდან ვარსკვლავებს იღებს და ცაზე აწყობს.
მეც ჩანთაში ჩემი ვარსკვლავები მიდევს, პანკისიდან წამოღებული ვარსკვლავები: მდინარე ალაზანი, ზიქრი, ადათ-წესები, მთები და მინდვრები. ის, რაც პანკისიდან არასდროს დაგავიწყდება. რაც მთავარია, სიტყვები, რომელიც ალაზანმა მოიტანა და რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება: შეუპოვრობა, სიმტკიცე, ერთიანობა. სიტყვები, რომელიც დღეს საქართველოში უცხო სიტყვებად იქცა.
______
* ვაინახური თქმულება, ხასო ხანგოშვილის წიგნიდან “ქისტები”.
გამოცემულია "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის პანკისის ხეობაში განხორციელებული სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრება შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.