ლოტე ჩრდილების ქვეყანაში: ლ.რაინიგერი ანიმაციური ფილმის ავანგარდში (1899 - 1981)
თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმი “ლოტე ჩრდილების ქვეყანაში“ შარლოტა “ლოტე” რაინიგერის - გერმანელი კინორეჟისორის, ანიმაციური ფილმის და სილუეტის ანიმაციის პიონერის, პირველი გამოფენაა საქართველოში. გამოფენა მრავალეკრანიანი ვიდეო ინსტალაციაა და მსოფლიო ანიმაციის ავანგარდის წამყვანი ხელოვანი ქალის უაღრესად მდიდარი და თვითმყოფადი შემოქმედების გაცნობის უნიკალური შესაძლებლობაა.
ვიდეო ინსტალაცია 1926-1955 წლებში შექმნილ 11 ანიმაციურ ფილმს აერთიანებს, რომლებიც ლოტე რაინიგერის მიერ შექმნილი ხელოვნების ახალი ფორმის - სილუეტური ფილმის შესანიშნავი ნიმუშებია.
ხელოვანი თვითმყოფად ხელწერას თავისი დროისთვის ახალი ესთეტიკისა და ინოვაციური ტექნიკის კომბინაციით ქმნის. რაინიგერის პერსონაჟები არ ჰგვანან მე-20 საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების ჩვეულ ანიმაციურ პერსონაჟებს, რომლებიც ემოციებს, ძირითადად, სახის გამომეტყველების მეშვეობით გამოხატავდნენ. რაინიგერი თავისი ფილმების სიუჟეტისა და ემოციური დინამიკის განვითარებისთვის მუყაოდან ამოჭრილი პერსონაჟების ჟესტებისა და დახვეწილი დეტალების მონაცვლეობის მხატვრულ ხერხს იყენებს, რომელიც მუნჯი კინოს ტრადიციებისთვის უჩვეულო იყო. პერსონაჟების ქაღალდიდან ამოჭრისა და “გაცოცხლების“ ეს უნიკალური ტექნიკა, მან წლების მანძილზე პრაქტიკულად დახვეწა და მიიღო შედეგები, რომლებიც ხმოვან ფილმში რთულად თუ იყო მიღწევადი. თუმცა მანამდე ….
ლოტე რაინიგერმა ბავშვობიდანვე დაიწყო სილუეტების გამოჭრა და ჩრდილების თეატრის იმიტაცია. უნდოდა მსახიობობა და სამსახიობო გაკვეთილებს ცნობილ მაქს-რეინჰარდტის სკოლაში ესწრებოდა, სადაც მსახიობებისა და მოცეკვავეების სილუეტებს ჭრიდა. ამ პერიოდში, ლოტემ მსახიობობით თავისი გატაცება სილუეტური თოჯინების შექმნაზე გადაიტანა იმისათვის, რომ თავისი საყვარელი პიესებისა და ზღაპრების უნიკალური გამოსახულებები შეექმნა. დროსთან ერთად ლოტე რაინიგერმა სილუეტების გამოჭრის ტექნიკა ისე უბადლოდ განავითარა, რომ პერსონაჟების ჟესტების გარდა, მათი ხასიათის, სინატიფისა და მოძრაობის დახვეწილობის გადმოცემასაც ახერხებდა, რამაც მისი სილუეტები ხელოვნების დამოუკიდებელი ნამუშევრები გახადა.
ლოტე რაინიგერს ფართომასშტაბიანი აღიარება 1926 წელს ფილმმა “ პრინც აჰმედის თავგადასავალი” მოუტანა, რომლისთვისაც ლოტემ და მისმა ცხოვრების თანამგზავრმა და თანამოაზრემ - კარლ კოხმა - ე.წ. “ანიმაციის მაგიდა” შექმნეს - ქვემოდან განათებული ბრტყელი მინის ფენა, რომელსაც ზემოდან კინოკამერით იღებდნენ. ლოტეს სამი წლის თავდაუზოგავი შრომა და 250,000 კადრი დასჭირდა იმისთვის, რომ კინოს ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი, ანიმაციური ფილმი გადაეღო.
ლოტე რაინიგერი ბერლინის კულტურული და ინტელექტუალური ავანგარდის აქტიური ფიგურა იყო, თუმცა მან ნაცისტური გერმანია დატოვა და 1933-1944 წლებში, მეუღლესთან ერთად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იცხოვრა და იმუშავა.
ლოტე რაინიგერს 60-ზე მეტი ანიმაციური ფილმი აქვს შექმნილი. აქედან 11 დაკარგულად ითვლება და მხოლოდ 50 არის ცნობილი. მისი შემოქმედება მოიცავს შავ-თეთრ და ფერად ფილმებსაც, რომლებიც ევროპის - ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ასევე კანადის არქივებშია დაცული.
1970 წლიდან რაინიგერის შემოქმედებით საერთაშორისო ფესტივალები ინტერესდებიან და მისი ფილმები სპეციალურ კინოპროგრამებში ხვდება, რაც საერთაშორისო კინემატოგრაფისტების წრეებს მისი ნამუშევრების თავიდან აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. რაინიგერის შემოქმედებიდან ყველაზე მეტად მუნჯი კინოს პერიოდის ზღაპრებია ცნობილი, ისევე როგორც 1930-იანი წლების მუსიკალური ფილმები და 12 საბავშვო ზღაპრის სერია, რომელიც ინგლისში 1953-1954 წლებში შეიქმნა.
ლოტე რაინიგერი უდავოდ იყო აღიარებული ხელოვანი. თუმცა მისი ნოვატორული, მდიდარი და თვითმყოფადი შემოქმედება ჯერ კიდევ შესასწავლი და აღმოსაჩენია. გარკვეული წინააღმდეგობა არჩეული მედიუმის სპეციფიკასა და იმ შინაარსს შორის, რომლითაც რაინიგერი მუშაობდა, მისი საყოველთაო “არაღიარების“ წინაპირობაც გახდა: ანიმაციური ფილმი გარკვეული სტერეოტიპის თანახმად, საბავშვო მედიუმია, მაშინ როდესაც ლოტე რაინიგერის ფილმების სიუჟეტები, სინამდვილეში, არც თუ ისე საბავშვოა და, ძირითადად, მითებით, იგავებით, თუმცა კი, ზღაპრებითაც არის შთაგონებული; ასევე არა საბავშვოა ის მხატვრული ხერხი, მათ შორის დახვეწილი ირონია, რომელსაც იყენებს ხელოვანი თავისი ფილმების ესთეტიკისა და ზოგადად, მხატვრული ხელწერის შესაქმნელად.
ასე რომ, ჯერ კიდევ შესასწავლი და შესაფასებელია ის როლი, რომელიც შარლოტა “ლოტე“ რაინიგერმა ანიმაციური ფილმის ესთეტიკისა და ტექნიკის განვითარებაში შეასრულა. და ისიც, როგორ გახდა მის მაგალითზე ანიმაციური კინო ემანსიპირებული - ძლიერი, განათლებული, თავისუფალი, პროფესიონალი ქალის მედიუმი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.