Please rotate your phone
ლევან ხერხეულიძე:  მარტოობის ავტოპორტრეტი

ლევან ხერხეულიძე: მარტოობის ავტოპორტრეტი


 

ანა ფატლაძის ინტერვიუ


ლევან, ფოტოგრაფია შენს ცხოვრებაში 28 წლის ასაკში შემოვიდა. იქიდან მოყოლებული დღემდე, სამყაროშიც შეიცვალა ფოტოგრაფია და მისდამი დამოკიდებულებაც; და სავარაუდოდ შეიცვალა შენი დამოკიდებულებაც საკუთარი ფოტოგრაფიის მიმართ. ბუნებრივია, ამ წლების განმავლობაში თავადაც იცვლებოდი. როგორ აისახა ეს ცვლილებები ფოტოგრაფიასთან შენს ურთიერთობაზე?

არის ასეთი გამოთქმა - „მარადიული მხოლოდ ცვლილებებია“ და ის ყველაფერს ესადაგება - მთელ ცხოვრებას, ადამიანურ ურთიერთობებს და რა თქმა უნდა, იმას, რასაც თავად ადამიანი ქმნის - ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია. ფოტოგრაფიით უკვე 23 წელია შეპყრობილი ვარ. დიახ, შეპყრობილი და ეს შეფასება არაა გადაჭარბებული, რადგან ის არა მარტო ჩემი ცხოვრების ნაწილია, არამედ მეტიც, ჩემი ცხოვრების აზრთაგან ერთ-ერთია. არ ვთვლი, რომ ცხოვრებას თავისთავად აქვს რამე აზრი, მგონია, რომ ყოველი ადამიანი თავად სძენს საკუთარ ცხოვრებას გარკვეულ აზრს კონკრეტული მიზნების, მისწრაფებებისა თუ არჩევნების საფუძველზე. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი არჩევანი - ფოტოგრაფიაა, უფრო ზუსტად კი, ფოტოგრაფობა. ჩემთვის, იყო ფოტოგრაფი, პირველ რიგში,ნიშნავს იყო დამკვირვებელი - ინტერესიანი, ყურადღებიანი, ვნებიანი და ემპათიური. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის დაკვირვებული ვიყავი, ასე რომ, ეს თანდაყოლილი თვისება ფოტოგრაფობამ კიდევ უფრო გააძლიერა და მისი როლი სხვა ხარისხში აიყვანა. ამ თვალსაზრისით, ვერ ვიტყვი, რომ რამე შეიცვალა ამ 23 წლის მანძილზე, მაგრამ, შეიცვალა ჩემი ფოტოგრაფიული ინტერესები. 



ლევან 
ხერხეულიძე. "სიჩუმის ხმები". 2002-2019


თავიდან ქუჩის ფოტოგრაფიით დაიწყე. ეს ინსტინქტურად მოხდა თუ გაცნობიერებელი გადაწყვეტილება იყო?

დასაწყისში ყველაზე მეტად მაინტერესებდა ქუჩის ფოტოგრაფია. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ბოლომდე გაცნობიერებული არჩევანი, უბრალოდ ასე გამოვიდა და იცი, რატომ? ძალიან მერიდებოდა ხალხთან ახლო მანძილზე ურთიერთობა. მაშინ ვარჩიე, არ დამეძლია მათთან მიახლოების დისკომფორტი და ამიტომ ადამიანები გამოსახულებების დამხმარე და არა მთავარი გმირები აღმოჩნდნენ. მაშინ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი თავად გარემოს, მასში არსებულ განათებას, შუქ-ჩრდილს, მათ კონტრასტს თუ პლასტიკას, რაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან ურბანული ლანდშაფტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა (და დღესაც მაქვს) - განათლებით არქიტექტორი ვარ. მაშინ ფირით ვმუშაობდი და იმის მიუხედავად, რომ უკვე არსებობდა ფერადი ფირები, არჩევანი მაინც შავ-თეთრზე შევაჩერე. იმ პერიოდში ფერისადმი რაღაცნაირი უნდობლობა მქონდა და ჩემ ირგვლივ არსებული სივრცეების ფერში აღბეჭდვა არ მაინტერესებდა. არასოდეს მქონია სურვილი, გარემო რეალისტურად გადამეღო, ანუ ისეთად, რაგორსაც თვალი ისედაც ხედავდა.
2002 წლიდან მოყოლებული, 2019 წლის ჩათვლით, მომიწია სხვადასხვა ბეჭდურ თუ ონლაინ გამოცემაში ფოტოგრაფად მუშაობა და ამ ფაქტმა ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში ის, რომ ხელში ჩამივარდა ციფრული კამერა და ამან თითქმის მყისიერად მათქმევინა უარი ფირზე.

ურბანული პეიზაჟების პარალელურად დავინტერესდი პორტრეტებით, რეპორტაჟებით, ისტორიების მოყოლით. რაც მთავარია, ამან ხელი შეუწყო ჩემს მიახლოებას ადამიანებთან. მომეხსნა შინაგანი მორიდებულობა და მომემატა თავდაჯერებულობა. შედეგად, მივიღე ფოტოარქივის სიუჟეტური მრავალფეროვნება.


ფსიქიატრიული კლინიკა ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფები ხშირად მუშაობენ. ის მიმზიდველია თავისი ეგზოტიკურობით, მაგრამ მარგინალიზებულ ჯგუფებთან ურთიერთობას რისკებიც ახლავს. როგორი იყო გადაღების პროცესი და როგორ მოახერხე ამ თემასთან დაკავშირებული კლიშეების თავიდან აცილება?

ამ თემაზე მუშაობისას გარკვეული გამოწვევების პირისპირ აღმოვჩნდი და ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.
პირველად, თბილისის გლდანის ფსიქიატრიულ კლინიკაში, 2002 წლის ოქტომბერში, ჟურნალისტთან ერთად მოვხვდი. მეხსიერებაში მკაფიოდ ჩამრჩა იმ ადამიანების ზოგადი მდგომარეობა - ყველა, თითქოს, დროსა და სივრცეში იყო დაკარგული. ძალიან უცნაური განცდა დამეუფლა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ადამიანები დისკომფორტს განიცდიდნენ (გარეგნულად ასე ნამდვილად არ ჩანდა), ისინი, თითქოს, საკუთარ ფიქრებსა თუ სამყაროებში იყვნენ გამოკეტილები. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და იქიდან წამოსულს თავში ერთადერთი რამ მიტრიალებდა - როგორ და როდის შევძლებდი ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას.
ისე მოხდა, რომ ძალიან მალე მომეცა საშუალება, გადასაღებად შევსულიყავი თბილისის, ასათიანის ქუჩაზე არსებულ, ფსიქიატრიულ კლინიკაში და მუშაობა იქ გამეგრძელებინა.




 ლევან ხერხეულიძე. "სხვა სამყარო?" 2003-2011

                                                                                         
მუშაობის დაწყებამდე დავდე პირობა, რომ ფოტომასალას არსად არ გამოვფენდი და არ დავბეჭდავდი, რის მერეც გადაღების სრული თავისუფლება მომეცა - არ ვიყავი შეზღუდული პრაქტიკულად არაფერში. მაგრამ უცებ მივხვდი, რომ მე თავად უნდა შემეზღუდა საკუთარი თავი! პირველად მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ფრთხილი და გაითვალისწინო ის ვითარება, რომელშიც აღმოჩნდი და ადამიანები მათი უჩვეულო მდგომარეობით. ეს იყო სულ სხვა სამყარო, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოხვდეს ძლიერი სტრესის, დეპრესიის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა თუ მყიფე ფსიქიკის გამო. სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ უნდა მემუშავა და რა უნდა აღმებეჭდა ფოტოებზე - ფოტოისტორია ადამიანებზე, რომლებიც იმსახურებენ თანაგრძნობასა და ყურადღებას.
მორალისტობას არ ვცდილობ, თუმცა ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფმა განსაკუთრებული პრინციპულობა და ეთიკურობა სწორედ ასეთი დაუცველი ადამიანების მიმართ უნდა გამოიჩინოს. რთულია, არ გახდე თემატური ეგზოტიკის მსხვერპლი და არ დახურდავდე იაფფასიან ვიზუალურ ეფექტებზე. მაგრამ ეს არის მომენტი, როდესაც პირველ რიგში მათზე უნდა ფიქრობდე და არა - საკუთარ თავზე.


შენს თემატურ მრავალფეროვნებაში დიდი ადგილი დაეთმო პორტრეტებს. მაინტერესებს, როგორია მათზე მუშაობის პროცესი? განსხვავდება თუ არა ის სხვა გადაღებებისგან? არის თუ არა შენთვის პორტრეტების გადაღება ერთგვარი კომფორტის ზონა და რამ განაპირობა ის, რომ პორტრეტების სერია „Spirits“ - შენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია?



ლევან 
ხერხეულიძე. "Spirits". ნატო მირზაშვილი. 18.10.2003

                                                                    
პორტრეტებზე მუშაობა განსხვავდება ყველა სხვა ტიპის გადაღებისგან. პირველ რიგში, იმით, რომ ეს გადაღებები დაგეგმილი და ნაკლებად სპონტანურია, ცენტრალური ფიგურა კი ადამიანია და მასთან ურთიერთობა არის გადამწყვეტი. ბევრი რამაა დამოკიდებული თავად ადამიანის განწყობაზე, ხასიათზე, რასაც ალღო უნდა აუღო. ცოტა ფსიქოლოგიც უნდა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანთან ურთიერთობის ცოდნა, მისი კაპრიზების თუ ახირებების გათვალისწინება და ამავდროულად უნარი, არ აჰყვე ამ ყველაფერს და შეუმჩნევლად იმუშაო ისე, როგორც შენ გინდა და არა მას. ფოტოგრაფს უნდა შეეძლოს ადამიანის მართვა, ოღონდ, ყოველგვარი ზეწოლისა და ძალადობის გარეშე. ჩემთვის მთავარია დავიჭირო ის წამი, როდესაც ადამიანი თითქოს ივიწყებს, რომ უღებენ, აღარ პოზირებს, დუნდება და მოგყვება. და რაც მთავარია - გენდობა. რთული და საინტერესო პროცესია.


                                                      

  ლევან ხერხეულიძე. "Spirits". მალხაზ ხარბედია. 15.02.2007

             

შეკითხვაზე, როგორი არის კარგი პორტრეტი, ცალსახა პასუხი არ მაქვს. საერთოდ არც კი ვიცი, მაქვს თუ არა პასუხი.

არის თუ არა პორტრეტების გადაღება ჩემი კომფორტის ზონა? - არ ვიცი. ადამიანთან ასეთი მჭიდროდ მუშაობა უდავოდ საინტერესოა, მაგრამ, თუ გადაღების დინამიკურ მხარეს შევეხებით, უნდა ვაღიარო, რომ სხვა ტიპის გადაღებები მეტად მხიბლავს და უფრო ჩემია.

დავამატებ, რომ იმ პორტრეტისტებს არ მივეკუთვნები, რომლებიც მხოლოდ კარგად ნაცნობ ადამიანებს იღებენ. თავისუფლად შემიძლია ახლად გაცნობილებთან მუშაობა. საერთოდ, მგონია, რომ სახეზე ბევრი რამ არის აღბეჭდილი და ამის წაკითხვა უნდა შეგეძლოს. თავად სახე უნდა იყოს რაღაცით საინტერესო ჩემთვის. ყოველთვის ვენდობი ამა თუ იმ ადამიანის მიმართ გაჩენილ ჩემს პირველად იმპულსს.





ლევან ხერხეულიძე. "Spirits". მაია სუმბაძე. 24.07.2014


როგორ იღებ ხოლმე კონკრეტული სერიის გადაღების გადაწყვეტილებას? აი, მაგალითად, რამ გიბიძგა გადაგეღო პროექტი ბაქოზე?

მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ ვზივარ და რაღაც თემებზე გამუდმებით ვფიქრობ. ასე ნამდვილად არ არის. იმის გამო, რომ ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა არასოდეს ყოფილა შემოსავლის წყარო, თავს უფლებას ვაძლევ არ ვიჩქარო და დაველოდო შიგნიდან თუ გარედან გაჩენილ იმპულსებს, რომლებიც ამამოქმედებენ. ალბათ, ცოტა ზარმაციც ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს დისკომფორტს არ მგვრის. სრულიად დაუზარელი კი გადაღებების დაწყებისთანავე ვხდები.
ბოლო წლებია, ძალიან დავინტერესდი ფოტოწიგნებით და ჩემს ნამუშევრებს არა გამოფენების, არამედ უფრო წიგნების სახით ვხედავ. ყველაფერს თავისი მნიშვნელობა და წონა აქვს - გამოფენასაც და ფოტოწიგნსაც, მაგრამ ავტორთან ერთი-ერთზე, უფრო ინტიმური, ურთიერთობის ფორმა მაინც წიგნი მგონია. ამას იმიტომ ვყვები, რომ ბაქო თავიდანვე ფოტოწიგნის ფორმით წარმოვიდგინე და ამით ავენთე.



ლევან ხერხეულიძე. "ქარების ქალაქი". 2017-2018


ბაქოზე საუბარს ყოველთვის იმით ვიწყებ, რომ ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მყისიერად გახდა. მისდამი დამოკიდებულებას კი ერთი ნახვით შეყვარებას თუ შევადარებ. როდესაც ადამიანი მიყვარდება, მაშინვე მიჩნდება ხოლმე სურვილი, მას საკუთარი თავი მივუძღვნა. დაახლოებით იგივე დამემართა ბაქოზეც და გადავწყვიტე, ფოტოწიგნი გამეკეთებინა. დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე და ახლა უკვე თითქმის მზადაა ყველაფერი მის ასაწყობად და გამოსაცემად. იმედია, უახლოეს მომავალში ამას რამენაირად შევძლებ.


ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ: „მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომ, ყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა“. ბაქოს შემოგარენში სიარულისას დაიწყო შენი ამ ეტაპზე ბოლო სერია „Sense Sea Spirit“. ეს, ალბათ, შენი ყველაზე ინტიმური ნამუშევარია, სადაც ზღვისპირეთს ისე ასახავ, როგორც შენი ცხოვრების ერთგვარ ანარეკლს. ეს შენი შინაგანი სამყაროს ვიზუალიზაციაა, ყველაზე პირადულის, იმ უნივერსალური მარტოობის, რომელიც იქ გვხვდება. როგორი იყო გადაღების პროცესი?

დაგეთანხმები იმაში, რომ „Sense Sea Spirit“ ჩემი ყველაზე ინტიმური და ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია.



ლევან ხერხეულიძე. "შეიგრძენი ზღვის სული". 2017-2018

                                                                                 

2011 წლის ნოემბერში, ბაქოში სტუმრობისას, ერთმა მეგობარმა, რომელიც თავადაც ფოტოგრაფია, ქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით კასპიის ზღვის სანაპიროზე წასვლა შემომთავაზა. დავეთანხმე. ჩავსხედით მანქანაში და დაახლოებით 45 წუთში მიტოვებულ პლაჟზე აღმოვჩნდით: ღრუბლიანი ცა, რბილი განათება, ძლიერი ქარი, მისგან გაპარტახებული ცარიელი ქოხები და ფორმადაკარგული მცირე ნაგებობები, სიცივე, უამრავი ქვიშაში ჩაფლული საბურავი, რამდენიმე მიტოვებული ძველი მანქანა და აბობოქრებული რუხი ტალღები. თითქმის 2 საათი გაუჩერებლად ვიღებდი და მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც თითები იმდენად გამეყინა, რომ ფოტოაპარატს ვეღარ ვიმორჩილებდი. იმ მომენტში არც კი მიფიქრია, რომ გაუცნობიერებლად საკუთარ ავტოპორტრეტზე მუშაობა დავიწყე.




ლევან ხერხეულიძე. "შეიგრძენი ზღვის სული". 2017-2018

 
სხვადასხვა სეზონზე ჩასული, ყოველთვის მივდიოდი ზღვისპირეთის სხვადასხვა პლაჟზე - თბილ პერიოდებშიც, ხალხით სავსე სანაპირო ზოლშიც კი ვახერხებდი გადამეღო ფიქრებში წასული ადამიანები, რომ არაფერი ვთქვა უამინდობაში გადაღებულ მიტოვებულ ლანდშაფტებზე. და უცებ მივხვდი, რომ ვიღებდი მარტოობას... საკუთარ მარტოობას! ოღონდ არა ტრაგიკულს, არამედ უნივერსალურს, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ადამიანშია ღრმად ჩამარხული.
ასე რომ, „Sense Sea Spirit“ არის ჩემი ერთგვარი პორტრეტი და ნამდვილად ძალიან ინტიმურია.



  ლევან ხერხეულიძე. "შეიგრძენი ზღვის სული". 2017-2018

                                                                                       

რამ განაპირობა ის, რომ უეცრად, 2017 წელს, ბაქოსა და მის ზღვისპირეთზე მუშაობისას მიიღე გადაწყვეტილება გამოსახულება ფერადი ყოფილიყო?

ფერთან მუდამ რთული ურთიერთობა მქონდა. ძალიან მომწონდა ზოგიერთი ფოტოგრაფის ფერადი გამოსახულებები, მაგრამ საკუთარ ფოტოგრაფიას ფერში ვერ ვხედავდი. ფერი მიშლიდა მთლიანობის აღქმაში, შავ-თეთრი გამოსახულება კი ორგანული იყო ჩემთვის. მაგრამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო: როგორც საკუთარ, ასევე სხვა ავტორების ფოტოებში ყოველთვის დრამატულობას ვეძებდი, რომლის გარეშეც გამოსახულება არ მაღელვებდა. ფერები ჩემთვის ყოველთვის დეკორატიულობასა და რეალიზმთან ასოცირდებოდა, რაც არასოდეს მომწონდა. ეს ეხებოდა ყველაფერს: პორტრეტს, ლანდშაფტს, ურბანულ პეიზაჟს, ქუჩის ფოტოგრაფიას... დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი გამოსახულების ემოციურ სიღრმეს და რატომღაც მეჩვენებოდა, რომ ფერად გამოსახულებას ეს სიღრმე აკლდა. ახლა მშვიდად შემიძლია ვაღიარო, რომ ვცდებოდი.



ლევან 
ხერხეულიძე. "შეიგრძენი ზღვის სული". 2017-2018

 

როგორც ჩანს, 2017 წლისთვის იმდენად დამღალა საკუთარმა შინაგანმა დრამატულობამ, რომ მისგან გათავისუფლება მომინდა. გაქრა შავ-თეთრი და შემოიჭრა ფერები. არ ვიცი, რამდენად ბოლომდე შევძელი დრამატულობისგან თავის დაღწევა, მაგრამ ძალიან მახარებს, რომ აღმოვაჩინე და შევიყვარე ფერები, რომლებმაც ისე გაამდიდრა ჩემი ფოტოგრაფიის პალიტრა, რომ საერთოდ არ დაუკარგა სიღრმე.



ფოტო ქავერზე: © ლევან ხერხეულიძე



გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე