Please rotate your phone
იური მეჩითოვი და მისი “თვალსაზრისი“

იური მეჩითოვი და მისი “თვალსაზრისი“



 

“ჩარჩოს ვადებთ ჭეშმარიტებას, ვამბობთ, რომ ამ მართკუთხედში რაც ჩანს - მნიშვნელოვანია.“

იური მეჩითოვი და მისი “თვალსაზრისი“

 
„ჩვენ გვინდა ფოტოგრაფია თანამედროვე სახვითი ხელოვნების ავანგარდში ჩავაყენოთ“ - ასეთი იყო ახალი ფოტოგრაფიული მოძრაობის, ფოტოჯგუფის „თვალსაზრისის“ დევიზი, რომელიც 1985 წელს გამოჩნდა ასპარეზზე საქართველოში, “პერესტროიკის“რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში.
 
ჯგუფის წევრები სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები იყვენენ: სამთო ინჟინერი იური მეჩითოვი, ინჟინერი გიორგი ცაგარელი, ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის ფოტოგრაფი სერგო ბელოუსოვი, ქიმიკოსი გურამ წიბახაშვილი, ფიზიკოსი ბორის შავერდიანი; იურისტი, მილიციის კაპიტანი მირიან კილაძე, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი გია ჯაველიძე, მათემატიკოსები დავით სულაქველიძე, გია ბაზღაძე, გია თაგვიაშვილი და მუსიკოსი ჯანო დემეტრაშვილი.
 
„თვალსაზრისი“ მიზნად ისახავდა სწრაფად ცვალებადი საბჭოთა რეჟიმის უკანასკნელი წლების - „პერესტროიკის“ პერიოდის ახლებურ ხედვას, ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დამოუკიდებელი დარგის პროპაგანდას და ქვეყნის ვიზუალური ისტორიის შექმნას.
 
სწორედ “თვალსაზრისმა“ მოამზადა ნიადაგი პოსტასბჭოთა პერიოდში ფოტოგრაფიაში ახალი ტალღის ფორმირებისთვის და იმ ტენდენციების ჩამოყალიბებისთვის, რომლებმაც  თანამედროვე ქართული ვიზუალური კულტურის თავისებურება განსაზღვრეს 90-იანი წლებიდან დღემდე.  
 
“თვალსაზრისის“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი 70 წლის გახდა. “თვალსაზრისიდან “დღემდე,  უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, იგი ქართული ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არტისტად არის აღიარებული.

“თვალსაზრისზე“, საბჭოთა პერიოდის ფოტოგრაფიაზე, ცენზურაზე და არა მხოლოდ ანა ფატლაძის ინტერვიუში იური მეჩითოვთან.




სამი ქუჩის შეერთება. თბილისი. 1980
 
 
80-იან წლებში ქართული ფოტოგრაფიის სცენაზე გამოჩნდა „თვალსაზრისი“ - ახალგაზრდა ფოტოგრაფების კოლექტივი, რომელმაც ცოტა ხანი იარსება, მაგრამ ახალი ჰაერი შემოიტანა მანამდე პროპაგანდით და ცენზურით ასფიქსირებულ არტისტულ სივრცეში. როგორი იყო ამდენად პოლიტიზირებული, სტერილური ფოტოგრაფია და როგორ მოხდა მისი გარდასახვა? 
 
დიმიტრი ერმაკოვის და ალექსანდრე როინაშვილის შემდეგ ქართულ ფოტოგრაფიაში ცარიელი, თეთრი ლაქაა. როდესაც საბჭოთა პერიოდში ფოტოგრაფია სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლის ქვეშ მოექცა, ფოტოჟურნალისტები ზუსტად იმას და ისე იღებდნენ, როგორც მათ ეს დავალებული ჰქონდათ. ავთენტურ ფოტოგრაფიაზე მაშინ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ათწლეულები გავიარეთ ისე, რომ იმდროინდელი “სიმართლე“, რეალობა არ აღბეჭდილა ფოტოგრაფიაში. ფოტოგრაფების წინა თაობისთვის მთავარი ტექნიკურად გამართული კადრის მიღება იყო. ფოტოგრაფიულ წრეებშიც ტექნიკურ პროცესებს ასწავლიდნენ და არა ხედვის განვითარებას. ძალიან ცოტა იყო ისეთი მასალაც, რომელსაც დაეყრდნობოდი და რომლითაც ისწავლიდი. არავინ ფიქრობდა,  რომ ფოტოგრაფი - ხელოვანია, ფოტო კი, მისი გზავნილი. და იმ ფორმით, რაკურსით თუ დამუშავებით, რომელსაც  ის ირჩევდა, თავის სათქმელს  ამბობდა როგორც ხელოვანი. ამის გააზრება ფოტოგრაფებმა ალექსანდრე სააკოვმა და გურამ თიკანაძემ დაიწყეს. რამდენიმე ადამიანმა მოამზადა ის საფეხური,  რომელზეც მერე „თვალსაზრისი“ შედგა. ეს ჯგუფი, რა თქმა უნდა, არ მოსულა “უდაბნოში“. მაგრამ მისი არსებობა იყო რევოლიცური. ის არავის არ ექვემდებარებოდა, არ იყო სტრუქტურის ნაწილი და მხოლოდ თავის თავს ეკუთვნოდა.



 
რეზო მგოიანი. სერგო ფარაჯანოვის მეზობელი. თბილისი. 1981

1985 წლიდან ე.წ. „დათბობის“ პერიოდი დაიწყო და კრიტიკული აზროვნების და ქმედების საშუალება გაჩნდა. შემსუბუქებული ცენზურის საშუალებით, ერთობლივად ახალი ენერგიით და ძალით დაიწყეთ სოციალურ, კრიტიკულ თემებზე მუშაობა და იმდროინდელ სტაგნაციასთან ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი საერთო პროექტი  იყო გამოფენა „ატატუი“, ანუ როგორც თქვენ მერე გაშიფრეთ  „არქივი ტენდენციური ატავიზმების, ტრუიზმების, უტოპიებისა და ინტრიგების“... 

გამოფენა “ატატუი“, უაზრობის და აბსურდის ვიზუალური ილუსტრაცია იყო, ფორმით და შინაარსით აბსოლუტურად განსხვავებული გამოფენა. ყველამ ჩვენ არქივებში მოვიძიეთ მასალა, და უსათაუროდ გამოვფინეთ, რომ ყველას დამოუკიდებლად განესაზღვრა შინაარსი. ეს იყო გროტესკულად მოწოდებული სოციალური კრიტიკა, რომელიც საზოგადოებას საკუთარ მანკიერ მხარეს აჩვენებდა.  ფოტოებში ჩანდა  ერთი და იგივე წარწერები -  „დიდება კომუნისტურ პარტიას“, რომლებიც ყველა ქუჩაზე იყო იმ დროს, გარშემო კი, ყველაფერი ჭუჭყში იძირებოდა. მაშინ ამ ვიზუალურ აბსურდს მიჩვეული იყო ჩვენი თვალი.  ის შიგნიდან გვაბინძურებდა ისე, რომ ამას ვეღარც ვაცნობიერებდით. მთავარს აღარ ვაქცევდით ყურადღებას. “ატატუიმ“ კი შეძლო და ხაზი გაუსვა, ჩარჩოში ჩასვა ის მთავარი სულიერი თუ ფიზიკური  სიბინძურე, რომელსაც ვეღარც ვხედავდით. ჩემთვის ეს არის ფოტოგრაფია:  ჩარჩოს ვადებთ ჭეშმარიტებას, ვამბობთ, რომ ამ მართკუთხედში რაც ჩანს - მნიშვნელოვანია. 
 


ჯგუფი "თვალსაზრისი". გამოფენის "ატატუი" გახსნა. გამომცემლობა "მერანი". 1987
 

თვალსაზრისის 
პირველ გამოფენას „თანამედროვე ქართული პორტრეტები“ ანტისაბჭოური, ანტიქართულიც კი უწოდეს. მაშინ 70-ამდე დიდი ზომის ფოტო გამოიფინა - სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანის პორტრეტი. გამოფენის კონცეფცია სიახლე იყო. თქვენ კი, ფაქტიურად, ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ქუჩის ფოტოგრაფია დაიწყეთ 80-იანი წლებში - იღებდით ქუჩას რეალური ადამიანებით. ეს მანამდე თითქოს არც იყო დაშვებული. მართალია, ამ დროს უკვე დაწყებული იყო ცენზურის შემსუბუქება, მაგრამ მაინც, როგორ ახერხებდით ლავირებას? 

საბჭოთა რეჟიმის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვეულებრივი პეიზაჟის ფოტოც კი, პოლიტიკური კრიტიკის და ბრალდებების საგანი ხდებოდა. ფოტოგრაფია პოლიტიკურად კორექტული უნდა ყოფილიყო. მისი მიზანი სოციალური შრომის პროპაგანდა იყო. საბჭოთა იდეოლოგიის სამსახურში იდგა როგორც ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგი. ამ დროს იბეჭდებოდა ფოტო წიგნები სახელწოდებებით „სამყარო მშვენიერია“... ფოტოგრაფიაც ამ გამოგონილ სილამაზესთან ასოცირდებოდა. აზრადაც არავის მოდიოდა, რომ ქუჩაში მდგარი მოხუცებული ქალი, უსახლკარო ადამიანი ან მათხოვარი  გადაეღო. და რომ სწორედ ეს შეიძლებოდა  ყოფილიყო იმ  აბსურდულ დროს ყველაზე ლამაზი. მე კიდევ მიმაჩნდა, რომ ზუსტად ეს სამყარო და რეალობა იმსახურებდა მეტ ყურადღებას.
 


მარჯანიშვილის მოედანი. თბილისი. 1981



ქურთი მეეზოვე. თბილისი. 1988


„თანამედროვე ქართული პორტრეტები“„მერანის“ გამომცემლობაში, ახლანდელ სავაჭრო ცენტრში გაკეთდა. გამოფენამ სხვადასხვა ფენის ადამიანის პორტრეტების გამოფენით იმდროინდელი ყოველდღიურობა გამოაშკარავა. ზოგი ფოტოგრაფისთვის ზედმეტად უცხო აღმოჩნდა ეს “ანდერგრაუნდ“ გამოფენა და ხმა გაიტანეს, რომ ანტისაბჭოურ ქმედებას ჩავდიოდით. მოვარდა “მთავლიტი“, ანუ ადამიანი, რომელსაც ევალებოდა ცენზურა. გამომცემლობის ხელმძღვანელი, რომელმაც ის სივრცე დაგვითმო, შეშინდა. მე დავამშვიდე, ავუხსენი, რომ ყველაფერი წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული. გადავირბინე კინოს სახლში ელდარ შენგელაიასთან. იქვე დავბეჭდეთ ფურცელი, სადაც ეწერა, რომ  თითქოს ამ გამოფენის ჩატარებაზე მოვითხოვეთ ნებართვა და მივიღეთ კიდეც. მივიტანე ეს ფურცელი გამომცემლობაში  და მდგომარეობაც განიმუხტა. ეს “მთავლიტის“ ინსტიტუციის ბოლო წელი იყო, მომავალ წელს ის უკვე აღარ არსებობდა.
 



ფოსტალიონი. თბილისი. 1980


მეარღნე. თბილისი. 1981
 
იმოქმედა თქვენზე ასეთმა გამოყენებითმა დამოკიდებულებამ ხელოვნების მიმართ? და მას შემდეგ რაც სახელმწიფო ცენზურა შემსუბუქდა, რამდენად ჩაანაცვლა ის თვითცენზურამ?
 
10-11 წლის ვიყავი, როდესაც ქუჩაში ნასვამი მოცეკვავე ქალი დავინახე და რამდენიმე ფოტო გადავიღე; მაშინ არ მქონდა გააზრებული რა იმპულსი მამოძრავედბა, რა იყო ეს - მხატვრული თუ დოკუმენტური ფოტოგრაფია? უბრალოდ, დამაინტერესა და გადავიღე. ამ დროს, ვიღაც კაცი მოვიდა ჩემთან. მითხრა, სადღაც ვმუშაობო, რაღაც წიგნაკი მაჩვენა  და, მოკლედ, კარგად ვერც გავიგე ისე მითხრა, ამის გადაღება არ შეიძლებაო და მთელი ფირი გამიშუქა. ამ ინციდენტმა ძალიან მძაფრად იმოქმედა ჩემზე. 20-25 წლის მერე კი, უკვე ესპანეთში ვნახე ისევ ნასვამი ქალი როგორ  ცეკვავდა ქუჩაში, ამჯერად ფლამენკოს... და მაშინ უკვე მოვახერხე ამის გადაღება, თვალწინ კი, ის ბავშობის დროინდელი სცენა დამიდგა... ეს ყველაფერი ძალიან გთრგუნავს და გბოჭავს, იწყებ ფიქრს - ღირს ამის გადაღება თუ არ ღირს... ისეთი პერიოდი იყო, უცოდველები თვითცენზურაში არავინ არ ვართ. თუმცა თავისუფლება მაინც სხვა რამეა. თუ ამის შეგრძნება გაქვს, ციხეშიც კი თავისუფალი ხარ და თუ ხელოვანი ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებ იპოვნო ხერხი, მეტაფორა თუ ალეგორიული ფორმა, რომლითაც შენს სათქმელს მაინც იტყვი.




მუსიკოკები ქუჩაში. თბილისი. 1980


მაშინ აკადემიური განათლება ფოტოგრაფიაში არ არსებობდა, „თვალსაზრისის“ ყველა წევრი არასტანდარტული გზით მივიდა ფოტოგრაფიამდე. თქვენ სამთო ინჟინერი იყავით. ჯგუფში იყვნენ ქიმიკოსი, ფიზიკოსი, იურისტი, მათემატიკოსები და მუსიკოსიც კი.  შეძლო თუ არა ერთობლივმა მუშაობამ იმ ვაკუუმის შევსება, რომელიც „სკოლის“ არარსებობის შედეგი იყო? თან პოლიტიკურად ასეთ დამუხტულ დროს როგორ მუშაობდით ერთად და როგორ ინარჩუნებდით ინდივიდუალურობას?  ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია კოლექტივში მუშაობა ხელოვანისთვის?
 
ჩვენ არ ვეყრდნობოდით რაიმე იდეოლოგიას. არ ვანიჭებდით უპირატესობას რომელიმე ჟანრს ან სტილს... უმთავრესი გამაერთიანებელი იყო თანამედროვე ენის პოვნის სურვილი და ფოტოსინამდვილის ერთგულება. ეს იყო ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც შევქმენით „თვალსაზრისი“. ერთობლივმა შრომამ ძალიან მნიშვნელოვანი საწყისი გააჩინა ჩვენთვის და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება მოგვცა. როდესაც ერთ-ერთი ჩვენგანი პერსონალურ გამოფენას აწყობდა, მაშინაც ერთად ვმუშაობდით და შემდეგ ერთმანეთის პროპაგანდისტებიც ვხდებოდით. დაგვეხმარა ისიც, რომ ყველას გამოკვეთილად ინდივიდუალური სტილი გვქონდა და ამიტომ არ ვიკვეთებოდით; ერთის საქმე მეორეს არ ჩრდილავდა. პირიქით, ძალიან ჰარმონიულად ეწყობოდა ყველაფერი. შეიძლება მაშინ ვერ ვხდებოდით ამას, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან ლაღად, ბუნებრივად ხდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთთან მუშაობით, დახმარებით ვსაზრდოობდით.



ბოშები. თბილისი. 1984


„თვალსაზრისმა“  ძალიან ინტენსიურად იმუშავა, 5 საერთო და ბევრი პერსონალური გამოფენა ჩაატარა, საქართველოს საზღვრებს გასცდა და სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც მოახერხა მესიჯის გატანა. თუმცა 1989 წელს ჯგუფი დაიშალა...

როდესაც არეულობა დაიწყო, ნელ-ნელა ჯგუფის  არსებობის სივრცე შევიწროვდა. მანამდე ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის საშუალებით მე ვამარაგებდი ჯგუფს ფოტო მასალებით. ჯერ ინსტიტუტი  დაიხურა, შემდეგ კი, სარდაფიც - ჩვენი შეკრების მთავარი ადგილი. ფიზიკური სივრცის არსებობა კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფიროსმანსაც ხომ მეტი არაფერი უნდოდა - სამოვართან დაჯდომა და ხელოვნებაზე საუბარი. ამ სარდაფისა და მასალების გარეშე შეუძლებელი ხდებოდა გაგრძელება, დაფინანსებას კი მაშინ, რა თქმა უნდა, არავინ გვაძლევდა.
ისეთი დრო მოვიდა, როდ ხელოვნებაზე კი არა, უბრალოდ გადარჩენაზე ფიქრობდი ადმიანი. „როდესაც ქუხან ზარბაზნები, მუზები სდუმან“...
ჩვენამდე არსებობდა  სიმონ კილაძის ფოტოჯგუფიც. მას ერქვა "ქართული ფოტოგრაფიის საზოგადოება", რომელსაც ხელმძღვანელობდა სიმონ კილაძე და ამ ორგანიზაციამ ბევრი კაი საქმე გააკეთა. მართალია, თვალსაზრისმა სულ 4 წელი იარსება, მჯერა, რომ ის დროშა, რომელიც გადმოგვეცა ღირსეულად ვატარეთ სადამდეც შესაძლებელი იყო.
 





ლენინის ძეგლი. მანგლისი. 1987

რა გზა გაირეს „თვალსაზრისის“ წევრებმა ფოტოგრაგიაში და როგორ გაგრძელდა თქვენი მოღვაწეობა უკვე ცალ-ცალკე? 
 
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული პროფესიები გვქონდა, ყველა ბავშობიდან ვიღებდით და გვაინტერესებდა ფოტოგრაფია. ჩვენი შეკრებაც ამით იყო განპირობებული. 1989 წლიდან, დრამატული ცვლილებების და ცხოვრების დროს - წინა პლანზე ფოტოჟურნალისტიკა წამოვიდა. ზოგიერთი ჩვენთაგანი მაშინ ამ გზას გავყევით. მე აქციების მემატიანე გავხდი, გოგი ცაგარელმა სხვადასხვა გამოცემებთან დაიწყო მუშაობა. ბორის შავერდიანი, რომელსაც ნამდვილად გამორჩეული ხელწერა ჰქონდა - ის  ლექსების და ფოტობის კომბინაციაზე მუშაობდა - არეულობის დროს ემიგრაციაში წავიდა და მიატოვა ფოტოგრაფია. მისი ალბომები კი, დღესაც გურამ წიბახაშვილთან ინახება.
თუმცა ბევრმა მაინც შეინარჩუნა კავშირი ამ საქმესთან. მირიან კილაძე ტექნიკურ ფოტოგრაფიაზე გადავიდა - რეპროდიქციებს და მუზეუმის ექსპონატებს იღებს - მასავით ასეთ დონეზე  საქართველოში სხვა ვერავინ ვერ აკეთებს ამ საქმეს.
დათო სულაქველიძე სიცოცხლის ბოლომდე სტამბაში მუშაობდა დიზაინერად, სულ ჰქონდა ფოტოგრაფიასთან საქმე და რამდენიმე წლის წინ „თვალსაზრისზეც“ გააკეთა წიგნი. გურამ წიბახაშვილი მუდმივად არტისტულ პროცესშია - ასწავლის, იღებს და თან ხატავს. მეც ვაგრძელებ ფოტოგრაფობას, არქივებზე, ფოტოწიგნებზე და ჩემს ფოტო-სკოლაში მუშაობას.
1989 წლის მერე ჩვენი გზები გაიყო და ერთობლივად აღარ გვიმუშავია, მაგრამ ფოტოგრაფია ყველა ჩვენთაგანისთვის ჩვენი სულის გაგრძელება იყო და იქნება.



მერაბ კოსტავას დაკრძალვის სერიიდან. 1989


თქვენი ფოტოები უახლოესი ქართული ისტორიის სიმბოლოებად გადაიქცა. თქვენ კი, საქართველოს ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვითმყოფად არტისტი ხართ. 40 წლიანი გამოცდილების შემდეგ, დღეს როგორ შეაფასებდით განვლილ გზას და  რომელ პერიოდს გამოარჩევდით როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს თქვენს ცხოვრებაში?

90-იან წლებში, როგორც ვახსენე, ძირითად პოლიტიკური პროტესტების და მიტინგების გადაღებაზე ვმუშაობდი. ამასობაში, სერგო ფარაჯანოვის „ბიოგრაფიც“ გავხდი... ალბათ ეს ორი თემა უფრო ასოცირდება ჩემს ფოტოგრფიასთან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი „თვალსაზრისის“ პერიოდი და მთლიადან 80-იანი წლებია. მაშინ მქონდა ის გამოფენები, რომლის შემდეგაც მე ჩავთვალე, რომ ფოტოგრაფი ვარ. სწორედ იმ დროს ჩამოვყალიბდი - ყველაზე მწირი საშუალების და ინფორმაციის დროს. 

 

ლტოლვილების მიტინგი ყოფილ სასტუმრო ივერიასთან. თბილისი. 1996 



პოლიტიკური მიტინგი უნივერსიტეტთან. თბილისი. 1990

 

როგორც ფოტოგრაფია იყოფა ორ განშტოებად - ხელობად და ხელოვნებად, ისევე იყოფა ჩემი ცხოვრება და პროფესიული გამოცდილება. “თვალსაზრისის“ პერიოდი ამ კუთხით ყველანაირი კომერციისგან დაცლილი, წმინდა წყლის შემოქმედების პერიოდია. „თვალსაზრისთან“ ერთად თუ საკუთარ თავთან გატარებულმა დრომ, საერთო თუ პერსონალურმა გამოფენებმა, გადააზრებამ, ქვეცნობიერი თუ ცნობიერ ნაბიჯების გადადგმამ მომცა საშუალება მეთქვა, რომ განთავისუფლებული ვარ და აღარაფერი მბოჭავს. ამიტომ ჩემს პროფესიულ ცხვრებაში ეს პერიოდია უმთავრესი, ამ დროს გავხდი ხელოვანი.




დასაფლავება. სურამი. 1996
 
უკვე 30 წელია, რაც ასწავლით და სტუდენტები გყავთ. ეს კითხვა როგორც ფოტოგრაფს, ისე მასწავლებელს ეკუთვნის:  რა რჩება და რა უძლებს დროს, როგორ უნდა შედგე ფოტოგრაფად?

ეპოქის სახეხატად რჩება ის გამოსახულება, რომელშიც ფორმისა და შინაარსის შერწყმა მოხდა. ეს რჩება ზედაპირზე და უძლებს დროს. 
 


მოხუცი დადიანების სასახლესთან. ზუგდიდი. 1994


ფოტოგრაფია თავისი ბუნებით ძალიან კომპლექსურია, გარდამავალია ხელობასა და ხელოვნებას შორის. ორივე  ერთი განშტოებაა, რომელსაც ერთი ფესვი აქვს. ადრე  ვისაც ფოტოაპარატი ხელში ეჭირა, ყველა ფოტოგრაფი იყო. დღეს ასე არ არის. დღეს უნდა შეძლო და გააერთიანო ბევრი რამ, რომ შენი მესიჯი ზუსტად მიზანში მოხვდეს. ხელობასაც უნდა ფლობდე და ფოტოგრაფიულ აზროვნებასაც - სხვადასხვა სიმბოლიკით აჩვენებდე რასაც გრძნობ და რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ხელოვანი ხარ - ფოტო კი, შენი იგივე ლექსია, ზღაპარი, სათქმელი. ყველა სათქმელს კი, თავისი ფორმა სჭირდება. ფორმა და  გამოსახულების შინაარსი კი, ერთმანეთთან შერწყმული უნდა იყოს, ცალ-ცალკე ისინი ვერ იარსებებენ.

ისე კი მგონია, რომ, რაც არ უნდა რთული იყოს, ადამიანი უნდა იყოს ხელოვანი. ღმერთმა ასე შეგვქმნა...


 
 მონაზნები მანავის ეკლესიასთან. კახეთი. 1997

 

 

 

 ფოტო ქავერზე: © იური მეჩითოვი. მუსიკოსები სასაფლაოზე. ფარავნის ტბა. 1982.

 

 

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე