Please rotate your phone
გიორგი შენგელია: ბნელი ოთახი როგორც თავისუფალი სივრცე

გიორგი შენგელია: ბნელი ოთახი როგორც თავისუფალი სივრცე



 
 
ანა ფატლაძის ინტერვიუ
 
 
 
მიუხედავად იმისა რომ ფოტოჟურნალისტიკის კურსი დაამთავრე, ამ მიმართულებით არ წახვედი, თუმცა სოციალურ თემებზე ხშირად მუშაობდი...
 
2013 გადავიღე „უცხო ქალაქი“, „midnight illusions“ უსახლკაროებზე - 2017 კი ხონში „so far so close“ - მაშინ ძალიან ახლოს იყო ჩემთვის სოციალურ თემებზე მუშაობა, მაგრამ მალე მივხვდრი რომ ფოტოჟურნალისტიკას არ ავირჩევდი. მგონია რომ სხივისი ისტორიის მოყოლა ძალიან ადვილია. წახვიდე ნებისმიერ დასახლებაში, სხვის მდგომარეობაში შეხვიდე და მისი გამოცდილება გაითავისო. როდესაც ტექნიკურად გამართული ხარ, გარკვეული გამოცდილების შემდეგ ეს აღარ არის შენთვის დიდი გამოწვევა. რაზეც ვმუშაობდი ყოველთვის ცნობიერად თუ არა, უნდა დამთხვეოდა ჩემს შინაგან მდგომარეობას.
 



"შემთხვევითი პორტრეტები". 2019-2020
 

რამოდენიმე წლის შემდეგ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ნებისმიერი თემა გადაღებული და დაღეჭილი იყო - ან ქართველ ან უცხოელ ფოტოგრაფს ნებისმიერ თემაზე ქონდათ ნამუშევარი და თითქოს წრეებზე დავდიოდი. თავი დავანებე ფოტოგრაფიას და ხატვა დავიწყე. ეს უფრო მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემის საშუალება იყო. ამ რეფლექციისთვის სივრცეს მაშინ ფოტოგრაფიაში ვერ ვპოულობდი.



"შემთხვევითი პორტრეტები". 2019-2020


ერთ-ერთ გალერეაში მასაო იამამოტოს ფოტოს გადავაწყდი. ძალიან პატარა ზომის ეს ფოტოები კედელზე არ იყო გაკრული, შეგეძლო ხელში აგეღო და ისე გენახა. ამის გამო ის აღარ იყო მხოლოდ ფოტო არამედ ნივთიც - ერთგვარი მინიატურული ძეგლი. მასაოს ნამუშევრებმა თავისი ამ ბუნებით და ესთეთიკით ჩემი ოჯახური ფოტოალბომი გამახსენა. ნებისმიერი ოჯახურ ალბომი ნოსტალგიური და სენტიმენტალურია - ფოტოები კი გულრწფელი და ბუნებრივი - აქ არ არის გათვლა არტისტიზმზე ან კადრირებაზე.  ეს ადამიანის, ოჯახის ნამდვილი სურათია. ჩემი ოჯახის ფოტოალბომების ძირითადი ნაწილი დაიწვა - დაიწვა როგორც გამოსახულება, ისევე ნივთი და რელიქვია. მივხვდი რომ შეიძლებოდა, ეს სინამდვილე თანამედროვე შინაარსით,  მაგრამ თავისი მუხტით და ფორმით გამემეორებინა. ფორმამ  ძველი პენთაქსის კამერასთან, გამჟღავნების პროცესთან და ბნელ ოთახთან მიმიყვანა, რომელმაც ძალიან სწრაფად და მძაფრად დამაბრუნა ფოტოგრაფიას.



"შემთხვევითი პორტრეტები". 2019-2020
 

ექსპერიმენტალურ ფოტოგრაფიაში დაბრუნება? ბნელ ოთახში მუშაობაც ხომ ერთგვარი ფერწერაა - იგივენაირად მძაფრია თავისუფლების შეგრძნება და კონტროლი ფიზიკურ ნივთზე. ესეთ დროს როგორ პოულობ ბალანსს ფორმასა და შინაარს შორის  - მაგალითად, რატომ ერთი კადრის რამდენიმე ვარიანტი? 

ფერწერაც და ბნელ ოთახში მუშაობა ძალიან გავს ერთმანეთს- ორივე შემთხვევაში გონება მუშაობს, მუშაობს ობიექტზე რომელსაც რაღაცად აქცევ ან აკრილის და ზეთის ან ქიმიკატების საშუალებით. ხატვის გამოცდილებამ შემდეგ ფოტოგრაფიაში გამიადვილა მატერიასთან მუშაობა. თავიდან ფირის გადაღების დროს ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ბრმად ვიღებდი, მაგრამ მერე უკვე ვიცოდი რომ ბეჭდვის დროს ამ კადრზე სრულ კონტროლს ვიბრუნდებდი, ფირიდან კადრის ფურცელზე ბეჭდვის დროს, მეორეჯერ „იღებ“ ფოტოს, ფაქტიურად თავიდან ქმნი. ამის საშუალება მერე გადაღების დროსაც მანთავისუფლებდა. მაგრამ მთავარი ორივე პროცესის დროს ჩემი - მატერიასთან ურთიერთობა იყო.

როდესაც მხოლოდ იღებ - შეიძლება რამე სივრცემ დაგმუხტოს, სივრცემ სადაც ერთი შეხედვით არაფერი არ ხდება, და შენ ცდილობ ამ მუხტის ფოტოკადრზე აღბეჭდვას. ხატვის და ბეჭდვის პროცესში კი შენ ხდები პირველადი მუხტის მატარებელი. რათქმაუნდა, თავიდან ტექნიკურად მაინტერესებდა ერთი კადრის რამდენჯერმე დაბეჭდვა და სხვადასხვა ექსპერიმენტის მასზე ჩატარება, მაგრამ მერე ეს უკვე კადრზე იყო დამოკიდებული - მის დიაპაზონზე და იმაზე, რამდენად შესძლებდა ეს კადრი ამ მუხტის ბევრნაირად აღქმას და დატევას. შეიძლება კადრს ერთი დაბეჭდვაც ეყოს, სხვა შემთხვევაში კი ათი სხვადასხვა ვარიანტი სხვადასხვა ისტორიას გიყვება. გადაღებაც, პროცესიც და გამოსახულებაც ყოველთვის შინაგან მდგომარებას ეხმიანება - და ეს ემოციური კავშირი არის ჩემთვის მთავარი - ამ გადაცემის, ერთმანეთის დამუხტვის დროს იკარგება ზღვარი ფორმასა და შინაარს შორის.
 






                                                                                               "შემთხვევითი პორტრეტები". 2019-2020


იპოვე ის სივრცე რომელსაც შენი პირველი სერიების გადაღების დროს ეძებდი? Darkroom-ში გადაღებული შენი სერიის სახელი „შემთხვევითი პორტრეტებია“ მაგრამ ზუსტად პორტრეტების სულ რამდენიმე კადრია... და თუმცა შენი სერიები შენს შინაგან სამყაროს და მდგომარეობას ყოველთვის ეხმიანება, ეს სერია თითქოს უფრო ღრმად აღწევს და კიდევ უფრო პირადულ ისტორიას გვიყვება...

ეს სხვადასხვა მდგომარეობის ,სხვადასხვა ემოციების ერთგავრი პორტრეტებია, ამ ყველაფერთან შემთხვევით მივედი და აქედანაც მოდის ეს სათაურიც. აქ ჩემს სამყაროზე ვყვები, მარტო ვარ გადაღების და გამჭღავნების პროცესშიც და გაცნობიერებულად ნაკლებად ვურთიერთობ ადამინებთან. ჩემს თავთან ურთიერთობისთვის იდეალური ადგილია darkroom-ი. ადრე ციფრულ ფაილზე პოსტ - პროდუქციაში მუშაობაც ძალიან მომწონდა, მაგრამ იქ გინდა არ გინდა შეზღუდული ხარ, darkroom-ში კი ეს შეზღუდვები მოხსნილი გაქვს, იქ მუშაობის ყოველი წამი სხვადასხვა რაღაცას გაძლევს - ექპერიმენტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. 




"შემთხვევითი პორტრეტები". 2019-2020


მქონია პერიოდი როდესაც ვეღარ ვხედავდი ჩემს საქმეში აზრს, მაგრამ მერე ბნელო ოთახის პროცესები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ამან მთლიანად მომიცვა. ეხლა ყველაზე მეტად იქ ვიხარჯები, ფიზიკურადაც და ემოცურადაც - საათების მანძილზე ვმუშაობ და ეს ერთგვარ მედიტაციად იქცევა - ოღონდ დამშვიდების მაგივრად, პირიქით, უფრო და უფრო ამაღელვებელი ხდება პროცესი - იქ ყოფნა და ამ ყველაფრის აღმოჩენა. 
ფიზიკური სივრცე - პირადი სივრცის ფუნქციას ითავსებს და სრულ არტისტულ თავისუფლებას მაძლევს.




"შემთხვევითი პორტრეტები". 2019-2020

 


 
ფოტო ქავერზე: © გიორგი შენგელია.
 
 
 
გამოქვეყნების თარიღი მაისი 09. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე