Please rotate your phone
გიორგი მაისურაძე: პანკისის (დაუსრულებელი) კრიზისი

გიორგი მაისურაძე: პანკისის (დაუსრულებელი) კრიზისი


ტექსტის ავტორი: გიორგი მაისურაძე. პანკისის (დაუსრულებელი) კრიზისი.

ფოტო ქავერზე: ვახო ხეთაგური. ჩვეულებრივად არაჩველებრივი ხეობის ქრონიკები. პანკისი. ჯოყოლო. 2021.



2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. პანკისის ხეობისთვის სპეცოპერაციები უჩვეულო სიახლე არ ყოფილა. პირიქით, 21-ე საუკუნე პანკისის ხეობისთვის უსიამო ცნობადობით დაიწყო: ქართულ და რუსულ პოლიტიკურ დისკურსებში გაჩნდა ფორმულა: „პანკისის კრიზისი“.

თუ საერთაშორისო მიმომხილველებისთვის საქართველო კონფლიქტებისა და მუდმივი დაძაბულობის ადგილის სახელს იმკვიდრებდა, თავად საქართველოში ამგვარი რეპუტაცია აღმოსავლეთ კავკასიონის კალთაზე, კახეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მცირე მოცულობის ხეობას ხვდა წილად. კრიზისის სტატუსმა, უნებლიედ, პანკისის ხეობა გლობალური გეოპოლიტიკური თამაშების მონაწილედ აქცია. კრიზისები კი ამ თამაშების აუცილებელი თანმხლებია, რომელიც გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და ახალ დიდ მოთამაშეთა ინტერესების დაჯახებას მოაქვს.

1991 წელს საბჭოთა იმპერიის დაშლამ აქამდე არნახული პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია, რომელიც თავისი მასშტაბებით პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მდგომარეობას შეიძლება შეედაროს, როცა იმპერიების ნანგრევებზე ახალი, აქამდე უცნობი ნაციონალური სახელმწიფოები აღმოცენდა. საბჭოთა კავშირის ერთობ მოულოდნელი დანგრევით დაირღვა საერთაშორისო პოლიტიკური ბალანსი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ორი იდეოლოგიურად ურთიერთდაპირისპირებული სისტემის - ერთ მხარეს საბჭოთა კავშირისა და მისი გავლენის სფეროების, ანუ სოციალისტური ბანაკისა და მეორე მხარეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ანუ „კაპიტალისტური დასავლეთის“ ჭიდილით იყო განსაზღვრული. ყოფილი საბჭოთა კავშირის თუ მისი ჰეგემონიის სივრცეში კონფლიქტებისა და დესტაბილიზაციის ისეთი ღრმა კერები გაჩნდა, რომ მათი მოგვარება 30 წლის შემდეგაც არ მოხერხებულა. საქართველო ამ საყოველთაო ნგრევისა და კრიზისების პროცესში, შეიძლება ითქვას, მოწინავე ადგილზე აღმოჩნდა. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება, რომელიც კულტურული იდენტობის სამარკო ნიშნად ჰქონდა საქართველოს, დამოუკიდებლობის გზაზე ეთნონაციონალიზმმა ჩაანაცვლა, რომელიც მთელი თავისი დამანგრეველი მუხტით მოედო მთელს ქვეყანას და იმ კატასტროფულ მოვლენებში შეიტყუა, რომლებიც 90-იანი წლებიდან დაიწყო. გარდა გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების 20%-ზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვისა, კონტროლირებად ნაწილებშიც ეთნონაციონალიზმმა არაერთი ფეთქებადსაშიში კერა გააჩინა. ახალი საუკუნის დამდეგს ასეთ კერად პანკისის ხეობა გადაიქცა. აქედან მოყოლებული უკვე ორი ათწლეულია, რაც პანკისი ყველაზე მეტად მასში განხორციელებული სპეცოპერაციების სიმრავლითაა ცნობილი. ამდენად, არც 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში გამოჩენილი სპეცდანიშნულების რაზმი ყოფილა სიახლე, თუმცა სანამ აქამდე მივალთ, სულ ცოტა „პანკისის კრიზისიდან“ უნდა დავიწყოთ. სწორედ ამ კრიზისის მეშვეობით ის, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და ამ პატარა ხეობის და მისი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უახლეს ისტორიაში მთელი გლობალური პოლიტიკური ტრანსფორმაციებიც და კონფლიქტებიც აირეკლა.

 „პანკისის კრიზისი“, რომელიც ოფიციალური ქრონოლოგიით 1999-2002 წლებით თარიღდება, პირდაპირ უკავშირდება ორ საერთაშორისო მნიშვნელობის ისტორიულ მოვლენას: პირველია ჩეჩნეთის მეორე ომი (1999-2009), მეორე - 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ იორკის ტერაქტი და მის საპასუხოდ წამოწყებული ამერიკისა და მისი მოკავშირეების „ომი ტერორის წინააღმდეგ“. ამ ორი საომარი კონფლიქტის შედეგად, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და სისასტიკეები დაანათლა ახალ საუკუნეს, წარმოიშვა „პანკისის კრიზისი“.

ყველაფერი დაიწყო 1999 წელს, იმ დროს ჯერ კიდევ რუსეთის პრემიერმინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ წამოწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციით“ ჩეჩნეთში, რომელიც „ჩეჩნეთის მეორე ომად“ განვითარდა. ეს ომი უკვე შევიდა მსოფლიო ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უსასტიკესი, თანმხლები ტერაქტებისა და უდანაშაულო მსხვერპლის სიმრავლით. ეს ომი, ბუნებრივია, საქართველოსაც შეეხო, თუმცა არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩეჩნეთი საქართველოს ესაზღვრება. ომის დასაწყისშივე რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პანკისის ხეობას თავს აფარებდნენ ჩეჩენი ტერორისტები და საქართველოს მთავრობისგან ხეობის დროებით გაკონტროლების ნებართვაც ითხოვა.

ვაინახურენოვანი ქისტები, რომლებიც პანკისის ხეობის მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობას უკვე XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან შეადგენს, ეთნიკურად ჩეჩნებს მიეკუთვნებიან. აქ ისინი მას შემდეგ გადმოსახლდნენ, რაც რუსეთის იმპერიამ ჩრდილო კავკასიის დიდი ნაწილი დაიპყრო და მკვიდრი მოსახლეობის შევიწროება დაიწყო. ამას დაემატა 1834-1859 წლების შამილის ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც მთელი აღმოსავლეთ ჩრდილოკავკასიელი ხალხები მონაწილეობდნენ. ასეთ პირობებში საქართველო მშვიდობიანი და უსაფრთხო ადგილი იყო.

პანკისელი ქისტების კულტურული ინტეგრაცია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში დაიწყო. ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ნიშანი პანკისელ ქისტებში გავრცელებული გვარების ქართული დაბოლოება „-შვილია“. როდესაც 1944 წელს საბჭოთა მთავრობამ ჩეჩნები და ინგუშები შუა აზიაში გადაასახლა, პანკისელი ქისტები გადაურჩნენ დეპორტაციას, რაშიც, როგორც ისტორიკოსები წერენ, ქართველების წვლილიც ერია. შესაბამისად, მთელი საბჭოთა პერიოდი პანკისის ხეობა ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ქართველების და ქისტების მშვიდობიანი თანაცხოვრების მშვენიერი მაგალითი იყო.

ყველაფერი მკვეთრად იცვლება სსრკ-ს დაშლასთან ერთად. 1991 წლიდან, უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, საქართველოში იწყება პოლიტიკური დესტაბილიზაცია, სამოქალაქო ომი, სახელმწიფო ინსტიტუციების მოშლა, ეკონომიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება და შეიარაღებული ბანდფორმირებების განუკითხავი თარეში, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდა. პარალელურად, სიტუაცია დაიძაბა ჩეჩნეთშიც, სადაც ასევე 1991 წელს საერთო ეროვნულმა კონგრესმა, პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის მეთაურობით, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა, შესაბამისად, რუსეთისგან გამოყოფა გამოაცხადა. ეს დაპირისპირება მოსკოვსა და გროზნოს შორის 1994 წელს პირველ ჩეჩნეთის ომში გადაიზარდა, რომელშიც პანკისელი მებრძოლებიც მონაწილეობდნენ. ომი პრეზიდენტ დუდაევის მოკვლით დასრულდა, თუმცა რუსეთი იძულებული გახდა ჩეჩნეთიდან შეიარაღებული ძალები გაეყვანა და სამშვიდობო შეთანხმებაზეც ხელი მოეწერა. ეს მოკლევადიანი მშვიდობა 1999 წელს დაირღვა და ახალ, მასშტაბურ ომში გადაიზარდა. „პანკისის კრიზისიც“ ამ ომის შედეგად გაჩნდა.

მეორე ჩეჩნეთის ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მკვეთრად შეიცვალა საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება. 2001 წლის ნიუ იორკის ტერაქტმა და „ომმა ტერორის წინააღმდეგ“, ხოლო შემდეგ აშშ-ს და ბრიტანეთის ინტერვენციამ ერაყში, რამაც სადამ ჰუსეინის დამხობასთან და ერაყის ოკუპაციასთან ერთად, მთელი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია გამოიწვია. ამ ანტიტერორისტულ ომებს მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ისეთი ფაქტები მოყვა, რაც დასავლური სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უცნობი იყო და თავად დასავლური დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელი. ამგვარი „გადაცდენები“ აშშ-ს მხრიდან იხსნებოდა ტერორიზმის საფრთხით შექმნილი საგანგებო მდგომარეობით.

საგანგებო მდგომარეობა, პირველ რიგში, სამართლებრივი ცნებაა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, არსებული ნორმატიული წესრიგის შეჩერებას გულისხმობს. ის ომის, ამბოხის, ეპიდემიის, ან სტიქიური უბედურების დროს გამოიყენება, როდესაც ქვეყანა საგანგებო წესებზე გადადის, რაც ნორმალურ ვითარებაში კონსტიტუციით დაშვებული არაა. ამერიკამ ომი ტერორის წინააღმდეგ, თვით ერაყში ინტერვენციაც თავდაცვით ომებად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეეძლო და ასეთი რამ ამერიკას არც გამოუყენებია, ამ ომის კრიტიკულ ანალიზებში მუდამ ფიგურირებდა ეს ტერმინი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკის მიერ ომის ფარგლებში დატყვევებული თუ დაპატიმრებული ადამიანების წამების ფაქტები გახდა ცნობილი. იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი საგანგებო წიგნით - „საგანგებო მდგომარეობა“ - გამოეხმაურა ამ ფაქტებს. ის აბუ გრაიბისა და გუანტანამო ბეის საპატიმროებს „სამართლისგან თავისუფალ ადგილებს“ უწოდებდა და ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებს ადარებდა. ასეთ ადგილებს კი საგანგებო მდგომარეობის ლოგიკა წარმოშობს: რადგან საფრთხეა და ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, კანონიერებიდან გადახვევაც დასაშვები უნდა იყოს. ადამიანის უფლებათა ასეთი უხეში დარღვევები ბევრ კრიტიკულად განწყობილ ინტელექტუალს აფიქრებინებდა, რომ თავად დასავლეთსაც ემუქრება იმისი საფრთხე, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლაში საკუთარი დემოკრატიულობა დაკარგოს. ამისი ერთ-ერთი ნიშანია სამართლისგან თავისუფალი არა მხოლოდ ადგილების, არამედ მთელი რიგი რეგიონების გაჩენა, სადაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონების გვერდის ავლითი ქმედებები დასაშვები ხდება, თუკი ამისი საფუძველი არსებობს. „ისლამისტური ტერორი“ 21-ე საუკუნის დამდეგის მთავარი პოლიტიკური თემა და საგანგებო ქმედებების მიზეზი იყო. ოსამა ბინ-ლადენის და ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ყაიდას ცალკეული განშტოებების ძებნამ ამერიკა ჩეჩნეთის ომში რუსეთის ფაქტობრივ მოკავშირედ აქცია, ხოლო ჩეჩნეთი ისლამისტური ტერორის ერთ-ერთ კერად.

საქართველოს იმდროინდელი მთავრობა (პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მმართველი პარტია - საქართველოს მოქალაქეთა კავშირი) საკმაოდ დელიკატურ ვითარებაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, საქართველო იღებდა ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს, პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევდა ჩეჩნეთის მოკლული პრეზიდენტების ჯოხარ დუდაევისა და ასლან მასხადოვის ოჯახის წევრებს, მეორე მხრივ, ჩაერთო ანტიტერორისტულ კამპანიაში.

ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა დიდმა ნაწილმა პანკისის ხეობას შეაფარა თავი. მათი დევნილობის სტატუსი ოფიციალურად აღიარა საქართველომაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც ხეობის ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგება დაიწყეს. პირველი დაძაბულობაც სწორედ ჰუმანიტარული დახმარებების განაწილებას მოყვა: ჩეჩენი ლტოლვილები აცხადებდნენ, რომ ჰუმანიტარული დახმარებების დიდი ნაწილი კრიმინალური დაჯგუფებების ხელში მოექცა. 2000 წლიდან პანკისის ხეობაში იწყება ადამიანების გატაცების სერიები. თავდაპირველად ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეებს იტაცებდნენ და გამოსასყიდს ითხოვდნენ. თანდათანობით გატაცებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც აღმოჩდნენ. ასე გაჩნდა „პანკისის კრიზისი“. პანკისის ხეობა კი ერთგვარ სამართლისგან თავისუფალ ზონად იქცა, რომელიც მუდმივ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრებას შეესატყვისებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საქართველოს მთავრობის რეაქცია თავდაპირველად საკმაოდ მშვიდი იყო. საუბარი იყო მხოლოდ მზარდ კრიმინალზე, რომელშიც ფაქტობრივად მხოლოდ პანკისის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა მოიაზრებოდა, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ურთიერთობის გამწვავებას ერიდეობდა და სიტუაციის განმუხტვას კრიმინალურ ჯგუფებთან მოლაპარაკების გზით ცდილობდა. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. ქართულ პრესაში გავრცელდა ვერსიები, რომ ჰუმანიტარული დახმარებები იყიდება და იარაღის შეძენას ხმარდება, ხოლო ამ ყველაფრის უკან ვაჰაბიტები დგანან.

ვაჰაბიზმი 18-ე საუკუნის საუდის არაბეთში გაჩნდა და მისი ფუძემდებელია მუჰამად იბნ აბდ ალ-ვაჰაბი, რომელმაც თავის სწავლებაში სუნიტური და შიიტური ისლამის სხვადასხვა ელემენტი გააერთიანა. ამ მოძრაობის მიმდევრები საკუთარ თავს უმეტესწილად სალაფისტებად მოიხსენიებენ. ვაჰაბისტების, ანუ სალაფისტების რწმენით, მხოლოდ მათი მოძღვრებაა ჭეშმარიტი ისლამი, ხოლო სხვა მიმართულებებს არ შეიძლება ეწოდოს ისლამი. ამდენად, ვაჰაბიზმი სუნიტური ისლამის რადიკალურ მიმართულაებად მიიჩნევა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან მთელს ისლამურ სამყაროში გავრცელა და 20-ე საუკუნის მიწურულს პანკისის ხეობაშიც შემოაღწია. ვაჰაბიზმის თემა 21-ე საუკუნის დამდეგს, ანტიტერორისტული კამპანიის კონტექსტში გააქტუალურდა, როცა ის ალ-ყაიდასთან თუ სხვა რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციებთან კავშირში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის გავრცელება ავტომატურტად ტერორიზმთან დაკავშირდა. თავად პანკისის ხეობაში ვაჰაბისტების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებული იყო: კრიზისის პერიოდში მოსახლეობას ყველა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაზე მეტად სწორედ ვაჰაბისტების ნდობა ჰქონდა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებასაც მათ ანდობდა. თუმცა ვაჰაბისტების ხსენება საკმარისი არგუმენტი გახდა იმისათვის, რომ პანკისის ხეობა საერთაშორისო ტერორიზმის რუკაზე აღმოჩენილიყო.

2001 წლის 18 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას ნოტა გამოუგზავნა და საქართველოს „ტერორიზმის მხარდაჭერის“ შეწყვეტისკენ მოუწოდა. იმავე წლის 27 ნოემბერს რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა პანკისის ხეობაზე, მათივე განცხადებით, ჩეჩენი ტერორისტების სამალავები დაბომბა. ასეთი დაბომბვები რუსეთის მხრიდან კიდევ არაერთხელ განმეორდა. 2002 წელს კი რუსეთმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო „ტერორისტების მფარველობაში“ დაადანაშაულა. რადგან აშშ-ც ტერორიზმს ებრძოდა, ხოლო საქართველო, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ამ ბრძოლაში ამერიკის გვერდით უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით 2002 წელს აშშ-მ დაიწყო 1200 ქართველი ჯარისკაცის ანტიტერორისტული ოპერაციისთვის წვრთნის პროგრამა.

2002 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციები წამოიწყო. პირველივე ოპერაციის დროს დააკავეს 41 ეჭვმიტანილი, რომელთა შორის იყვნენ ეთნიკურად ქართველები, ქისტები, ჩეჩნები და არაბები. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები ძირითადად სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ და პანკისში არა ისლამისტი ტერორისტები, არამედ კრიმინალური ქსელები მოქმედებდნენ, ხეობის მკვიდრი მოსახლეობაც და ჩეჩენი ლტოლვილებიც მომდევნო წლებშიც ტერორიზმსა თუ რადიკალურ ისლამიზმში ეჭვმიტანილებად დარჩნენ. ასეთი ეჭვიმიტანილობა გამოიხატებოდა საქართველოს წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროსაც, რომლებსაც თან ახლდა პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, როგორც თავად პანკისელების, ასევე ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ.

თუ შევარდნაძის მთავრობა პანკისში მიმდინარე პროცესებს, ფაქტობრივად 2001 წლამდე, უმოქმედობით პასუხობდა, 2004 წლიდან მიხეილ სააკაშვილის მთავრობა აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. 2004 წელსვე სააკაშვილი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა. ერთ თავის საჯარო სიტყვაში, სააკაშვილმა ვაჰაბიზმი „სენად“ და „ანტიქართულ“, „მტრულ“ იდეოლოგიად გამოაცხადა და აქტიურ ძალისმიერ ქმედებებზე გადავიდა ყველა „ვაჰაბისტური ელემენტის“ წინააღმდეგ. ასეთ ოპერაციებს თან ახლდა მსხვერპლიც.

2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილმა რადიკალურად შეცვალა ჩრდილო კავკასიასთან პოლიტიკა. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისთვის საქართველომ შემოიღო უვიზო შემოსვლის უფლება, საგანგებო წესები და შეღავათები საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული ჩრდილოკავკასიელი სტუდენტებისათვის, აგრეთვე აღიარა რუსეთის მიერ ჩეჩნების გენოციდი. ეს ცვლილებები აისახა 2012 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციაშიც“. ეს ცვლილებები პანკისის ხეობისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებასაც შეეხო. სახელმწიფო აქამდე საშიშად მიჩნეულ ვაჰაბიტებთან ურთიერთობა დაიწყო, თუმცა 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარებულმა ლაფანყურის სპეცოპერაციამ პანკისელები ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მეტად უარყოფითად განაწყო, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ პანკისელთა უმეტესობამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმა “ქართულ ოცნებას“ მისცა.

2012 წლიდან საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის დაწყებასთან ერთად, კიდევ ერთხელ იცვლება ცენტრის დამოკიდებულება პანკისის ხეობის მიმართ. ქართული ოცნება აღარ განიხილავს ჩრდილოეთ კავკასიას რუსეთისგან ცალკე რეგიონად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება კი რუსეთის ყველა მოქალაქეზე ვრცელდება. “ქართული ოცნება“ განაგრძობს პანკისის ხეობის მოსახლეობის „საშიშ“ და „უვნებელ“ კატეგორიებად დაყოფას, თუმცა სააკაშვილისგან განსხვავებით, ურთიერთობას „უვნებლებთან“ ამყარებს.

ამავე პერიოდში კიდევ ერთხელ მძაფრდება ტერორიზმის თემა საერთაშორისო და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში. ასპარეზზე ახალი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ გამოვიდა და 2011-2014 წლებში ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში საკუთარი „ხალიფატის“ შექმნა სცადა. ამ ტერორისტული გაერთიანების ბოლო სიმაგრე ჩრდილოეთ სირიაში მხოლოდ 2019 წელს საერთაშორისო ანტიტერორისტული მხარდაჭერით დაეცა. რამდენადაც „ისლამური სახელმწიფოც“ ისლამის სალაფისტური ვერსიის მიმდევრად აცხადებდა თავს, სალაფისტები, ანუ ვაჰაბიტები კვლავინდებურად ანტიტერორისტული კამპანიების ყურადღების ცნეტრში აღმოჩნდნენ. ეს ფაქტორი კიდევ ახალი სიმძაფრით შეეხო პანკისის ხეობასაც, როდესაც გაირკვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქეც იბრძოდა, ხოლო ერთი მათგანი, პანკისის ხეობის მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს-ის) 2015 წლის ანგარიშში „ხალიფატის“ საქართველოში წარმომადგენლად მოიხსენიება. ოფიციალური ბრალდების თანახმად, ის ტერორისტულ ორგანიზაციაში საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას ხელმძღვანელობდა. 2015-2017 წლებში, ისლამისტურ ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, პანკისის ხეობა სუს-ის მუდმივი მეთვალყურეობისა და სპეცოპერაციების ასპარეზად იქცა.

ასეთი პოლიტიკის ტრაგიკული დაგვირგვინება იყო 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. სუს-ის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი ეჭვმიტანილი იყო საერთაშორისო ძებნაში მყოფ ჩეჩენ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან თანამშრომლობაში, თუმცა გამოძიებამ მყარი მტკიცებულებების მოტანა ვერ შეძლო. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC, ამჟამად „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“) საგამოძიებო საქმეში მრავალი უზუსტობა გამოავლინა, რომლებიც თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობას და ტერორიზმთან კავშირს ფაქტობრივად აბათილებს.

ამ შემზარავ ფაქტს, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა თბილისის საზოგადოების მხრიდან, რაც კი აქამდე პანკისის ხეობის თემას ჰქონია, რაშიც უდიდესი წვლილი თემირლანის მამას - მალხაზ მაჩალიკაშვილს მიუძღვის, რომელიც უსამართლობასთან შეუგუებლობისა და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 2018 წლის მაისსა და ივნისში უკვე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები. პროტესტმა მალევე მძაფრი პოლიტიკური შინაარსი შეიძინა და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის საწინააღმდეგო მანიფესტაციად გადაიქცა. ამით პანკისის თემამ ისევ უკანა პლანზე გადაიწია. ეს მოცემულობა თავად მმართველმა პარტიამაც მიიღო და ყველა საზოგადოებრივი პროტესტი ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულ პროვოკაციებად გამოაცხადა. სახელისუფლებო პროპაგანდა თავად მალხაზ მაჩალიკაშვილის, როგორც „ნაცის“ სტიგმატიზაციასაც შეეცადა. “ნაციონალური მოძრაობის“ თუ მისი სხვადასხვა განაყოფის ოპოზიციური ნარატივის მიხედვით კი ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის ნება-სურვილს განასახიერებდა. უკანასკნელი წლების მთელი პოლიტიკური კრიტიკა ამ ორი ნარატივის ურთიერთმონაცვლეობად იქცა, რომელმაც რეალური პრობლემები და მათი მიზეზები გადაფარა.

თუკი თავდაპირველად “ქართული ოცნების“ პოლიტიკა ყველა მიმართულებით, მათ შორის, პანკისის პრობლემის მიმართ, „პოლიტიკის არქონის პოლიტიკას“ წარმოადგენდა, 2016 წლიდან, როცა “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით შეუდგა ქვეყნის მართვას, მისმა მმართველობამ სულ უფრო მეტად ძალადობრივი სახე მიიღო. პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, რომელთა მიმართაც ხელისუფლება სამართლებრივ დევნას არ ერიდებოდა, ძალადობრივი მეთოდების სამიზნე განსაკუთრებით ის სოციალური ჯგუფები აღმოჩდნენ, რომლებიც არ მონაწილეობენ ძალაუფლებრივ ჰეგემონიაში. წლების განმავლობაში საშიშ და არასტაბილურ ადგილად სტიგმატიზებული პანკისის ხეობა სწორედ ამ კატეგორიაში გავიდა.

2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში ისევ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. ამჯერად ისინი ტერორისტებთან ან კრიმინალური ბანდებთან საბრძოლველად არ შემოსულან. სპეცრაზმი კერძო კომპანიის “ალაზანი ენერჯის“ სამშენებლო ტექნიკას მოყვებოდა, რომელიც პანკისის ხეობაში უკვე მესამე ჰიდროელექტრო სადგურის “ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას აპირებდა. 2018 წლიდან მოყოლებული პანკისელები აპროტესტებდნენ ამ ჰესის მშენებლობის გეგმას, რომელიც სოფელ ბირკიანის მახლობლად უნდა აშენებულიყო. ეს მშენებლობა კი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ ხეობის ეკოლოგიურ მდგომარეობას, არამედ მთელ ადგილობრივ მეურნეობას სრული მოშლით ემუქრებოდა. მოსახლეობა წინ გადაუდგა სპეცრაზმს და ტექნიკას და ფიზიკური დაპირისპირების ფასად, არ მისცა ხეობაში შესვლის უფლება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხეობაში იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. გახარიას განცხადებით, ჰესი არ აშენდებოდა, თუკი ის ადგილობრივი მოსახლეობის 90%-ის ნებას არ შეესატყვისებოდა.

ამ ინციდენტით პანკისის ხეობა ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა ამჯერად პანკისმა სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა ასახა, როდესაც პოლიცია და მისი სპეცრაზმი არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ კერძო კომპანიის ინტერესების დასაცავად შემოვიდა. სახელმწიფო დიდი კაპიტალის ინტერესების მხარეს აღმოჩნდა, მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მხოლოდ ახალი ფიზიკური დაპირისპირებისა და კონფლიქტის გაჩენის საფრთხემ აიძულა უკან დაეხია.

მომდევნო წლებში რიონის ხეობაში, “ნამოხვან ჰესის“ მშენებლობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა პანკისის ხეობა, როგორც ინვესტორისა და მოსახლეობის ინტერესთა დაპირისპირების მაგალითი. საპროტესტო ტალღამ, რომელიც “ნამოხვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აგორდა, საქართველოში ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა გამოააშკარავა: სახელმწიფო, როგორც კერძო ინვესტორის მხარდამჭერი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს ახალი რეალობაც გლობალური ტენდენციის ნაწილია, რომელიც აქტუალურ კრიტიკულ დისკურსებში სულ უფრო ხშირად „ნეოკოლონიალიზმად“, ან „თვითკოლონიზაციად“ მოიხსენიება. ამ ტენდენციის თანმდევი ნაწილია კერძო ინვესტორის სურვილების საზოგადოებრივზე მაღლა დაყენება, ხოლო „ურჩი“ მოსახლეობის „განვითარების მოწინააღმდეგეებად“ და „ჩამორჩენილებად“, ან რელიგიურ ფანატიკოსებად და ქსენოფობებად წარმოჩენა. პანკისის ხეობა ამ სამწუხარო რეალობის ამსახველიცაა.   

 



გამოცემულია "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის პანკისის ხეობაში განხორციელებული სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრება შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.  

 

   




გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16. 2021
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე