გიგო გაბაშვილი(1862-1936) რეალიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში, თამამი ექსპერიმენტატორი ფოტოგრაფიაში
გიგო გაბაშვილი (1862-1936)
რეალიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში, თამამი ექსპერიმენტატორი ფოტოგრაფიაში
© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი II. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
საბჭოთა კავშირის ყველაზე მძვინვარე პერიოდის - მისი პირველი ათწლეულების ნამდვილი ტერორის ფონზე, როდესაც განსხვავებულად ხედვა, აზროვნება, ცხოვრების წესი და მისწრაფები სასტიკად ისჯებოდა, გიგო გაბაშვილის “არაკანონიკური“ ფოტოგრაფიასაბჭოთადოგმების, „კანონიკურად" დაშვებული სიუჟეტების, ერთფეროვნებისა და ბანალურობის წინააღმდეგ ამბოხად შეიძლება განხილული იყოს.
როგორც ნატურალისტი და კომპოზიციის ჭეშმარიტი ოსტატი, გიგო გაბაშვილი თავდაპირველად ფერწერული ტილოების შესაქმნელად იყენებს ფოტოგრაფიის შესაძლებლობებს. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ევროპელ მხატვრებში ფოტოგრაფიის გამოგონების პირველი წლებიდანვე. საქართველოში იმ მხატვრებს შორის, ვინც აქტიურად იყენებდა ფოტოებს მუშაობისას სხვებთან ერთად ნიკო ფიროსმანიც იყო. თუმცა სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ნამუშევრებს იყენებენ ხატვისას, გიგო გაბაშვილი თვითონ იღებს, თვითონ არის ფოტოგრაფი.
გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფია, ისევე როგორც ფერწერა სავსეა რელიგიური და მითოლოგიური ქვეტექსტებით და სიმბოლიკით, ისევე როგორც ალეგორიებით და ფანტაზიებით. თუმცა გაბაშვილის ფერწერა “კანონიკურია“. მაშინ როდესაც ფოტოგრაფია, როგორც ვიზუალური პრაქტიკა, გიგო გაბაშვილს დოგმებისგან თავისუფალი ექსპერიმენტული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. აქ გაბაშვილი ცენზურისგან და, მეტიც, თვითცენზურისგან თავისუფლდება. მისი ფოტოები ეპოქისთვის და რეჟიმისთვის უჩვეულო ეროტიკული სიმძაფრით გამოირჩევა და დიდი ფერმწერის, სოც რეალიზმის ფუძემდებლის დაფარულ და უაღრესად მომხიბლავ მისწრაფებს ააშკარავებს.
შიშველი სხეულზე მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების გარდა, გაბაშვილის არქივი შუააზიაში - ბუხარასა და სამარყანდში, ისევე როგორც საქართველოში, ქართლის მთიანეთში და თუშ-ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობის ამსახველ ფოტო მასალასაც აერთიანებს.
მხატვრის ფოტო არქივი, რომელიც 684 ნეგატივს აერთაინებს, 1936 წელს, მისივე ანდერძის თანახმად, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, სადაც დღემდე ინახება. მხატვრის გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი მისი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ფართო პუბლიკისთვის უცნობი იყო. და მხოლოდ ფოტოების ნაწილის პირველი საჯარო გამოფენის და წიგნის პუბლიკაციის შემდეგ გახდა ცნობილი ქართულ ფერწერაში რეალიზმის ფუძემდებლის - გიგო გაბაშვილის - თამამი და პიკანტური ფოტოგრაფიული ექსპერიმენტები.
© გიგო გაბაშვილი. ნატურმორტი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.