Please rotate your phone
გიგო გაბაშვილი(1862-1936) რეალიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში, თამამი  ექსპერიმენტატორი ფოტოგრაფიაში

გიგო გაბაშვილი(1862-1936) რეალიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში, თამამი ექსპერიმენტატორი ფოტოგრაფიაში

© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი I. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.



გიგო გაბაშვილი (1862-1936)

რეალიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში, თამამი ექსპერიმენტატორი ფოტოგრაფიაში 

 

ქართულივი ზუალური ხელოვნების ისტორიაში გიგო გაბაშვილი (1862-1936) რეალისტური ფერწერის ფუძემდებლად არის აღიარებული. თუმცა მისი  ფოტოარქივის გასაჯაროვების შემდეგ გაბაშვილმა განსაკუთრებული ადგილი ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაშიც დაიკავა.

იმ შემოქმედებით სივრცეში,  სადაც საბჭოთა იდეოლოგიური დოგმები და მკაცრი პურიტანული განწყობები დომინირებდა მე-20 საუკუნის 20-იანი და 30-იან წლებში , გიგო გაბაშვილი  -  აღიარებული რეალისტი მხატვარი - თათამამი და დახვეწილი ეროტიზმით გაჯერებული არტისტული ექსპერიმენტების ავტორად გვევლინება. გაბაშვილის გარდა შიშველ სხეულებზე შესრულებული ამ მასშტაბისა და რაოდენობის ეტიუდები ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას, მითუმეტეს, საბჭოთა პერიოდში,უბრალოდ არ შემოუნახავს. 

საბჭოთა რეალობამ პარტიული იდეოლოგის პროპაგანდის ზეწოლით,ფაქტიურად, ხელოვნების ყველა დარგის, მათ შორის ვიზუალური ხელოვნების “ასფიქსია“ მოახდინა. ამგვარ გარემოში პროგრესული, ეპოქის შესატყვისიდა გულრწფელი შემოქმედების ადგილი აღარ დარჩა.

 

     

© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი II. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
 

საბჭოთა კავშირის ყველაზე მძვინვარე პერიოდის - მისი პირველი ათწლეულების ნამდვილი ტერორის ფონზე,  როდესაც განსხვავებულად ხედვა, აზროვნება, ცხოვრების წესი და მისწრაფები სასტიკად ისჯებოდა, გიგო გაბაშვილის “არაკანონიკური“ ფოტოგრაფიასაბჭოთადოგმების, „კანონიკურად" დაშვებული სიუჟეტების, ერთფეროვნებისა და ბანალურობის წინააღმდეგ ამბოხად შეიძლება განხილული იყოს.

გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფიული  მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი  ნაწილი   მის სახელოსნოში შექმნილი ფოტოების დიდი სერიაა - ეტიუდიები - ექსპერიმენტები შიშველ  სხეულზე.


© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი III. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
 

 

როგორც ნატურალისტი და კომპოზიციის ჭეშმარიტი ოსტატი, გიგო გაბაშვილი თავდაპირველად ფერწერული ტილოების შესაქმნელად იყენებს ფოტოგრაფიის შესაძლებლობებს. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ევროპელ მხატვრებში ფოტოგრაფიის გამოგონების პირველი წლებიდანვე. საქართველოში იმ მხატვრებს შორის, ვინც აქტიურად იყენებდა ფოტოებს მუშაობისას სხვებთან ერთად ნიკო ფიროსმანიც იყო. თუმცა სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ნამუშევრებს იყენებენ ხატვისას, გიგო გაბაშვილი თვითონ იღებს, თვითონ არის ფოტოგრაფი.

 



 
© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი IV და V. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
 

 

გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფია, ისევე როგორც ფერწერა სავსეა რელიგიური და მითოლოგიური ქვეტექსტებით და სიმბოლიკით, ისევე როგორც ალეგორიებით და ფანტაზიებით. თუმცა გაბაშვილის ფერწერა “კანონიკურია“. მაშინ როდესაც ფოტოგრაფია, როგორც ვიზუალური პრაქტიკა, გიგო გაბაშვილს დოგმებისგან  თავისუფალი ექსპერიმენტული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. აქ გაბაშვილი ცენზურისგან და, მეტიც, თვითცენზურისგან თავისუფლდება. მისი ფოტოები ეპოქისთვის და რეჟიმისთვის უჩვეულო ეროტიკული სიმძაფრით გამოირჩევა  და დიდი ფერმწერის, სოც რეალიზმის ფუძემდებლის დაფარულ და უაღრესად მომხიბლავ მისწრაფებს ააშკარავებს. 

შიშველი სხეულზე მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების გარდა, გაბაშვილის არქივი შუააზიაში - ბუხარასა და სამარყანდში, ისევე როგორც  საქართველოში, ქართლის მთიანეთში და თუშ-ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობის ამსახველ ფოტო მასალასაც აერთიანებს.  

მხატვრის ფოტო არქივი, რომელიც 684 ნეგატივს აერთაინებს, 1936 წელს, მისივე ანდერძის თანახმად, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, სადაც დღემდე ინახება.  მხატვრის გარდაცვალებიდან  ნახევარ საუკუნეზე მეტი მისი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ფართო პუბლიკისთვის უცნობი იყო. და მხოლოდ ფოტოების ნაწილის პირველი საჯარო გამოფენის და წიგნის პუბლიკაციის შემდეგ გახდა ცნობილი ქართულ ფერწერაში  რეალიზმის ფუძემდებლის - გიგო გაბაშვილის -  თამამი და პიკანტური ფოტოგრაფიული ექსპერიმენტები.    




© გიგო გაბაშვილი. ნატურმორტი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
    
 




გამოქვეყნების თარიღი მარტი 20. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე