„ის მოვიდა, რომ შინ წაგიყვანოს“, მოვიდა, რომ ფესვებთან დაგაბრუნოს, სახლი გაპოვნინოს, შენი ხმა, შენი წინაპრები. ის მოვიდა, რომ საზღვრები და ჯებირები გაარღვიოს. „გახსოვს მინდორი, აყვავებული მწვანე ბალახი იმ მუხების ქვეშ?“ გახსოვს ის ხმები, ამომხდარი მიწის გულიდან, ოკეანის სიღრმეებიდან? გახსოვს ის გზები, შინისაკენ რომ გაბრუნებენ? ან ჩრდილი გზაზე, სინათლის ხმები? გახსოვს ძვირფასი, შენი სულის უძვირფასესი, წინაპრების ნაფეხურები, გზა შინისაკენ?
გამოფენა, „ძალიან ძვირფასი რამ“, რომელსაც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს, 9 ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს. ცხრა ქალი ხელოვანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - პალესტინიდან, თურქეთიდან, ბანგლადეშიდან, იემენიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან, ინდონეზიიდან. ფოტოგრაფია, ვიდეო და ხმა მათთვის გარემომცველი სამყაროს აღქმის და გააზრების, წაკითხვის საშუალებაა, შინ დასაბრუნებელი გზაა.

რა შეიძლება იყოს ძალიან ძვირფასი და რა ცოდნას და შინაგან გამოცდილებას ინახავენ ეს ნამუშევრები - წინააღმდეგობის, ბრძოლის, მონატრების, თავისუფლების, სამყაროში საკუთარი ადგილის ძიების, წარმავალობის, სიცოცხლის ამბები. რა აიძულებს მათ იმოქმედონ, რატომ და რა უნდოდათ გაეცოცხლებინათ და ჩვენამდე მოეტანათ?
მარიან ფაჰმის ფილმი „ნანგრევების კანონები“ ალექსანდრიის უძველეს და ნანგრევებად ქცეულ წყლის ცისტერნას - „ელ ნაბიჰის“ აკვირდება. მარიანი ამბობს, რომ „ნანგრევების კანონებში“ მან 1970-იანი წლების ეგვიპტური სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დღიურები გამოიყენა. არვა სალეჰმა ეს დღიურები 1990-იან წლებში დაწერა და მასში იმ პერიოდის მოძრაობის მარცხზეც ისაუბრა. „ელ ნაბიჰი“ მიწას დაუფარავს, ადამიანებს დაუკარგავთ მასთან კავშირი - ფიზიკურიც, ემოციურიც - ეს შლის ამ ძველისძველ ნანგრევს, სამუდამო გაქრობისთვის წირავს. ხელოვანს სურს იგი თავისი ფილმით შემოუნახოს მეხსიერებას.
„ნანგრევების კანონები“, მარიან ფაჰმი
სამუდამო გაქრობისთვის, რღვევისთვის, გარე სამყაროს გულგრილ ან მტრულ მზერაში, შეიძლება გაიწიროს პარალელური რეალობაც პალესტინის მკვიდრისა - „იყო პალესტინელი დანაწევრებულ პეიზაჟში ცხოვრებას ნიშნავს, სადაც დროზე დაუნდობელი კოლონიური სისასტიკე ბატონობს“ – „აქ გადმოაგდეს მისი სხეული სახურავიდან“, „აქედან გააჩაღეს ცეცხლი, რომელიც მთელ ბაზარს მოედო“, „აქ ნაკბამდე ჩემი ოჯახი ცხოვრობდა“ - დინა სალემი პარალელური რეალობის - დანაწევრებული პეიზაჟის გამთელებას და შემონახვას ცდილობს.
“აქ და იქ”, დინა სალემი
„ის მოვიდა, რომ შინ წაგიყვანოს“.
“სად არის სახლი?”, ტაჰია ფარჰინ ჰაკი
ტაჰია ფარჰინ ჰაკის ფოტოსერია - „სად არის სახლი“ - ბანგლადეშში დაბადებული 6 დის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც 1947 წლის დაყოფის მოვლენების შთამომავლები არიან და იმისათვის, რათა საკუთარ ფესვებს დაუბრუნდნენ, თავთავიანთ ოდისეაში ერთვებიან, შინ დაბრუნების მტკივნეულ გზას ადგებიან. ფოტოსერია „სად არის სახლი“ არ არის ოჯახური კავშირების დოკუმენტაცია, ეს არის იდენტობის, მიკუთვნებულობის, საკუთარი ძირის ძიების ამბავი, და თან, კვლევა „ადამიანის უნივერსალური მისწრაფებისა“, მიიღონ და გაუგონ მათ ყველანაირი საზღვრისა და ბარიერის მიუხედავად.
“სად არის სახლი?”, ტაჰია ფარჰინ ჰაკი
„თავისუფლებისა და მიკუთვნებულობის წარმავალ მომენტებს“ აცოცხლებს კიდევ ერთი ხელოვანი - აბეერ არეფი თავის ფოტოპროექტში - „ჩემს ღამეებში ჟასმინი ყვავილობს“. ღამეული ცის ქვეშ გაშლილ ჟასმინის ყვავილებთან ერთად, თითქოს უნდა დაგეუფლოს განცდა, რომ სადღაც აქ, იმედიც არსებობს, და „თავისუფლება და მიკუთვნებულობა არ არის წარმავალი ილუზიები“. ჟასმინის ყვავილების გაფერმკრთალებასთან ერთად, ეს იმედიც ინავლება, იმ ადგილის ძიებას რომ მიესწრაფის, რომელსაც ეკუთვნი, რომელსაც შეგიძლია დაარქვა შენი.
“ჩემს ღამეებში ჟასმინი ყვავილობს”, აბეერ არეფი
იდენტობის, მიკუთვნებულობის თემა, გამოფენის ყველა მონაწილისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია - ვინ ვარ? სად არის ჩემი ადგილი ამ სამყაროში? სად არის ჩემი ფესვები? - ის კითხვებია, რომლებზე პასუხის პოვნასაც ცდილობენ. შაიმა ჰამადის ფოტოგრაფიული ინსტალაცია - „სიკვდილის მანძილი ჩემი ხელებიდან პირამდე“ - იკვლევს პალესტინური კულტურისთვის დანაკარგთან და სიკვდილთან დაკავშირებულ ორ აქტს - თხრას და ზელვას. „თხრა - ადამიანის პირველყოფილური ქმედება - შეზღუდულია ისრაელის სამხედრო ბრძანებებით, ზელვა კი, რიტუალი ხდება, რომელიც სრულდება კოლექტიური გლოვის დროს“. და მათშიც, როგორც წინააღმდეგობის აქტებში, რომლებიც დაუსრულებლად მეორდება და მეორდება, და ერთ წრედ იკვრება, ვხედავთ მნიშვნელობის ძიებას - მიწის, როგორც დასაბამის, და ხალხის კოლექტიური სულის, ღრმა და მარადიულ გამოცდილებას.
მანძილი ხელებიდან პირამდე - მთელი სიცოცხლე, ვიდრე სიკვდილამდე - ჩატეული მოძრაობაში, დაუსრულებელ ქმედებაში, რომელიც ადამიანის ცხოვრებას თან გაჰყვება.
“სიკვდილის მანძილი ჩემს ხელებიდან პირამდე”, შაიმა ჰამადი
Therefore, I cut – სარა კონტარის ფოტოსერია - „ორ ადგილს შორის გავიჭედეთ, სადღაც შუაში ვტრიალებთ და ვცდილობთ, რაიმე სახლის მსგავსი შევქმნათ. დედას ვაკვირდები, მაკრატლით ხელში, როგორ აჭრის მეგობრებს მათივე თხოვნით თმას. დედა არასდროს ყოფილა პარიკმახერი, მაგრამ ემიგრაციაში ისინი მხოლოდ ერთმანეთის ხელებს ენდობიან“. გესმის იატაკზე დაცვენილი თმის ხმა? აქაც სახლის ძიებაა, საკუთარი სივრცის, საკუთარი ადგილის, „უსაძირკვლო სახლის“ გამყარების მცდელობაა მათგან, ვინც იძულებითი გადასახლების მსხვერპლი აღმოჩნდა.
“Therefore I Cut”, სარა კონტარი
„ეს ჩვენ ვართ“ - ქალის სახე ხელებია. მისი თითები, რადგან მხოლოდ ხელებს ვხედავთ. პორტრეტები მათი ხელებია. ხელები ამბობენ - ეს მე ვარ. რისკა მუნავარაჰის ფოტოსერია გვიამბობს აჩელ ქალებზე, რომლებსაც შარიათის კანონების მოქმედების პირობებში უწევთ ცხოვრება. ფოტოგრაფს ამ სერიაზე მუშაობისკენ უბიძგა ოჯახურ არქივებში შემონახულმა ფოტოებმა, რომლებზეც გამოსახულები არიან ქალები ისლამური კანონის ძალაში შესვლამდე. „ამას მოჰყვა ქალების უსახო პორტრეტები, როგორც რეაქცია მთავრობის მიერ მათთვის სივრცის შეზღუდვაზე, მათი ისლამური საზოგადოების პასიურ სიმბოლოებად წარმოჩენაზე“.
“ეს ჩვენ ვართ”, რისკა მუნავარაჰი
„ის მოვიდა, რომ შინ წაგიყვანოს.
გახსოვს მინდორი?
აყვავებული მწვანე ბალახი იმ მუხების ქვეშ,
ჰაერი ისე გრილი იყო,
არც მზე არ გწვავდა.
ის მოვიდა, რომ გამოგგლიჯოს,
ჩამოგაშოროს ადამიანის მიერ შექმნილი ურჩხულის გამჭოლ მზერას,
რომელიც იმპერიალიზმისთვის ჩავლებული კლანჭებით ცხოვრობს და
შენს სხეულსაც ნაწილ-ნაწილ აქუცმაცებს,
შენს სულთან ერთად სატანას ადრის,
საკუთარ თავს კი ღმერთად აცხადებს.
ის მოვიდა, რომ შინ წაგიყვანოს“.
ლექსის ავტორია დაიანა ფერისი
დუმამას საუნდ ინსტალაცია - „იყო ხმა, გქონდეს ხმა“ - წყლის დიდი მასების, ოკეანეების ღრმა მოსმენის ტექნოლოგიების მეშვეობით, ჩვენს სხეულებსაც წყლის სხეულად განგვაცდევინებს და ჩვენ ვიწყებთ წყლის სმენას, იმ ინფორმაციის წაკითხვას, შემეცნებას, რასაც ეს წყლები თავის თავში ატარებენ, რასაც ჩვენ ჩვენს თავში ვატარებთ, საიდანაც მოვდივართ, სადაც დავბრუნდებით, რადგან ის მოვიდა, რომ შინ წაგვიყვანოს.
“დაიწყე სიბნელის მიღმა ხედვა”, ლარისა არაზი
ამ მიწიდან ბალახი ამოიზრდება. ჩვენი სხეულებიდან ბალახი ამოიზრდება, ხეები ამოიზრდება. შემოდი ჩემი ხის ჩრდილში, ჩემი ხის ნათელში, შემოდგი ფეხი ლეღვის ხის ჩრდილში, რომელიც იატაკზე, შენს თვალწინ გადაშლილა, შერთე შენი აწმყო შენსავე წარსულს, შერთე შენი წარსული შენსავე მომავალს, არ დაივიწყო ადამიანები, რომლებიც ომმა და ძალადობამ შეიწირა, რადგან შენ ახლა ჩემი მოშრიალე ხის ჩრდილში დგახარ.
ლარისა არაზის ინსტალაცია - „დაიწყე სიბნელის მიღმა ხედვა“ – 1974 წელს, კვიპროსში, ომის დროს მოკლული აჰმედ ჯემალის სხეულიდან ამოსული ლეღვის ხის - სიკვდილზე სიცოცხლის დამყნობის - მისტერიას გვიყვება. „ლეღვის ხე გამოქვაბულში აღმოაჩინეს, რომელთან მისვლაც მხოლოდ ზღვით შეიძლება“. აქ, ამ მხარეში ლეღვი არ ხარობს. კვლევა სამი თურქი კვიპროსელის დაკარგული გვამების აღმოჩენით დასრულდა. იმ ლეღვის თესლი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა, აჰმედ ჯამალმა სიკვდილამდე შეჭამა, გამოქვაბულის თავზე, ხვრელიდან შემოსული მზის სინათლის ზემოქმედებით გაღვივდა და ხედ გადაიქცა.
“დაიწყე სიბნელის მიღმა ხედვა”, ლარისა არაზი
გამოფენის კურატორი - ანა გაბელაია.
გამოფენა „ძალიან ძვირფასი რამ“ პრინც კლაუსის ფონდის პროგრამის, Fertile Ground, ფარგლებში შეიქმნა.