დავიწყებული მნიშვნელობები. გურამ წიბახაშვილის გამოფენისთვის, „ასვლა“ | მედეა იმერლიშვილის სტატია
“ასვლა“. © გურამ წიბახაშვილი. 1988
„ასვლა“ - თავად ეს სიტყვა და მით უფრო ის, რასაც ვხედავთ გურამ წიბახაშვილის ამ ფოტოებზე, შეიძლება ითქვას, რისი მომსწრე და მონაწილეებიც ვართ - მომენტალურად გვახსენებს ძველისძველ მითს სიზიფეს შესახებ, რომელიც, განგების ძალით, ღმერთების ნებით, თუ რაღაც ამოუხსნელი მანქანებით, შესჭიდებია შრომას, რომელსაც დასასრული არა აქვს, ზურგზე მოუკიდებია ლოდი და ცდილობს მთის ძირიდან მის მთის წვერამდე ატანას. მისი ტვირთიც ეს არის და ყოფნის არსიც - თვითონ ეს ლოდი და ეს გამუდმებული მცდელობა, აათრიოს ის მთის მწვერვალამდე. მიატანს თუ არა მწვერვალს, ლოდი გორდება და ის ხელახლა შეუდგება მთის ციცაბო ფერდობს, ზურგზე ლოდმოკიდებული.

სპეციალურად გამოფენისთვის ფოტოების ფრაგმენტებით შექმნილი ინსტალაცია. სერიიდან “ასვლა“. © გურამ წიბახაშვილი. 1988
„ასვლას“ პირველ ასოს თუ მოვაშორებთ, სიტყვამ, რომელსაც მივიღებთ, შეიძლება გაგვახსენოს კიდევ ერთი ამბავი, მითი თუ ბიბლიური პასაჟი დიადი სვლისა - გამოსვლათა წიგნიდან, რომელიც, სიზიფეს მითისგან განსხვავებით, ადრე თუ გვიან, სულაც ორმოცი წლის თავზე, სრულდება.
ასეთი გამოსავალი იქნება უფრო იმედიანიც გვეჩვენოს, მაგრამ იქ ვართ, სადაც ვართ და ჩვენი უახლესი ისტორიისთვის, ანუ ჩვენივე წარსულისთვის და დღევანდელობისთვის თვალის გადავლება, ძალაუნებურად გვაგრძნობინებს თავს სიზიფეებად.
“ავტობიოგრაფია დაბადებამდე“. © გურამ წიბახაშვილი
გამოფენა „ასვლა“, რომელსაც მასპინძლობს ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი, გურამ წიბახაშვილის 1988-2016 წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. ეს დოკუმენტური და კონცეპტუალური ნამუშევრები, რომლებიც თავისთავად ნაწილია ხელოვანის რამდენიმე ცნობილი ფოტოსერიისა - „განმარტებები“, „ულისე“ და სხვ., - პარალელური, ერთმანეთის განმმარტავი, ერთმანეთის შემავსებელი რამდენიმე ნაკადი - ერთიან სააზროვნო სივრცეს ქმნიან.

“უფლისციხე “ 2018 და ობიექტი “შენ მაგაზე ნუ ფიქრობ“ 1993 წელი
როგორ აირეკლება ისტორიული მოვლენები, ყოველდღიური ამბები, შეხვედრები, ხელოვანის ცნობიერებაში, და რა სახით გვიბრუნდება უკან - რა მინიშნებებით, თანმიმდევრობით, განმარტებებით? რატომ განმარტებები? რატომ ხდება საჭირო ამ სიტყვების ახსნა? ნუთუ დავივიწყეთ და აღარ ვიცით მათი მნიშვნელობა?
გამოსახულება - ყოფნის ზღვარზე - რაღაც ქრება, ხელიდან გვეცლება - როგორც მეხსიერება, როგორც თავად ყოფნა, რადგანაც სამყარო, სადაც ეს მოქმედებები ხდება, უკიდურესად ცვალებადია, წარმავალია, ჩანაცვლებადია. წარმავალია ეს ლოზუნგები საბჭოთა ბანერიდან - „დიდება სამშობლოს! დიდება! დიდება“. მაგრამ წარმავალი არ არის თვითონ სამშობლო - „ქვეყანა, მხარე, სადაც დაიბადა ადამიანი და რომლის მოქალაქედაც ის იქცევა“.

“განმარტებები“. © გურამ წიბახაშვილი. 2016
რაღაცის მონაწილედ ყოფნა, ამ რაღაცაში ცხოვრება, შეიცავს საფრთხეს, რომ ეს რაღაც ძნელად დაინახო და მოიხელთო, იმიტომ რომ მისი ნაწილი ხარ. ამიტომ, ფოტოგრაფი გვინარჩუნებს, სიუზენ ზონტაგის სიტყვებით, - „გვიმთლიანებს ისტორიას მისი ნამსხვრევებიდან“, აღწერს, გვიყვება, განგვიმარტავს, გვახსენებს.
გვახსენებს მაგიურ სიტყვებს - თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა.

“განმარტებები“. © გურამ წიბახაშვილი. 2016
ხელოვანი განგვიმარტავს - სიყვარული, ზრუნვა, პროტესტი, წესრიგი - არის... აქ სადღაც არის, ან უნდა იყოს. და სადაც არის ან სადაც უნდა იყოს, მაგრამ ვერ ვხედავთ, ჩნდება „დარდი“. „მდინარე, მდინარება, მდინარებს“. დარდი.
სადაც არის ადამიანი და სამშობლო და „თავისუფლება - ნების გამომჟღავნების შესაძლებლობა“, სიყვარული, ზრუნვა, პროტესტი, იქ ციხეც ჩნდება - საპატიმრო, საპყრობილე, სატუსაღო. და იქ კითხვაც ჩნდება - როგორ ტყდება ციხე? როგორ წყდება ეს გაუთავებელი წრებრუნვა?

თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი. გურამ წიბახაშვილი ხელს აწერს ფოტოების სერიის “ულისე“ ინსტალაციას. 4 ნოემბერი 2025 წ.