Please rotate your phone
დავით მესხი: „სხეულით შეიძლება ყველაფრის თხრობა და წაკითხვა“

დავით მესხი: „სხეულით შეიძლება ყველაფრის თხრობა და წაკითხვა“





ანა ფატლაძის ინტერვიუ



როგორ დაიწყო შენი ჩამოყალიბება ფოტოგრაფად, და როგორ დაიკავა სხეულმა ასეთი ცენტრალური ადგილი შენს შემოქმედებაში?

ბავშობაში მამაჩემს, რომელიც მწვრთელი იყო, ჩამოჰქონდა სხვადასხვა ჟურნალები და ბუკლეტები, რომელიც კინოს გარდა, ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთი იყო, რომ ჩემი ყოველდღიურობის გარდა კიდევ სხვა ფერადი სამყარო არსებობდა.
ეს ბუკლეტები თან კვებავდა ჩემს წარმოსახვას და თან რეალისტურ იმედს მაძლევდა, რომ ეს სამყარო მხოლოდ ფანტაზიად არ დარჩება.
მამაჩემს, სხვადასხვა შეჯიბრბებზეც დავყვებოდი და რადგან მე თვითონ არ ვვარჯიშობდი, ბევრი დრო მქონდა დაკვირვებისთვის; ზუსტად მაშინ აღვიქვი პირველად სხეულის ფიზიკურად არსებობა, მის ორგანული, ბუნებრივი ცვლილებები და სხვადასხვა ფორმები.
აღვიქვავდი - სხვადასხვა ელემენტების ერთობლიობა როგორ ქმნის პარალელურ ჯადოსნურ სამყაროს.



Carpet sunrise, 2018

მაგალითად, დოღზე მისულს შეიძლება იქ მოჯირითე შეგიყვარდეს, მაგრამ როგორც კი ის ტანსაცმელს გამოიცვლის, მთელი მისი ჯადოქრობა იკარგება. შენ დგახარ გამოსასვლელთან და იმ ადამიანის გამოჩენას ელოდები, რომელიც უკვე აღარ არსებობს. სხეულს და მის სიშიშვლესაც ამის უნარი აქვს - მოქმედებასთან ერთობლიობაში ძალიან ბევრის გადმოცემის უნარი აქვს.
საქართველოში თაობები იზრდებობდა ისე, რომ საკუთარი სხეული სარკეშიც არ ჰქონდათ ნანახი, მასთან კომფორტში ყოფნაზე ლაპრაკიც ზედმეტია. არადა, იმის აღქმა, რომ ეს შენი ტანია, შენია და ლამაზია, აუცილებელია იმისთვის, რომ შენ საკუთარ თავთან და მერე სამყაროსთან ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეს.
ჩემთვის სხეული ყოველთვის ძირითად „ფუნჯად“ რჩება იმის სათქმელად რაც მინდა და მჭირდება. სხეულით შეგიძლია ყველაფრის თხრობა და წაკითხვა.



Abstract Body, 2016


შენ შემოქმედებაში მთავარი ხაზი ყოველთვის თავისუფლება იყო. 2008 წელს ჟურნალისთვის "ცხელი შოკოლადი" გადაიღე პერსონალური სერია - გაშიშვლებული სხული ბუნებაში - როგორც შინაგანი თავისუფლების გამოხატულება...

“ცხელ შოკოლადში“ იმ პერიოდში ვმუშაობდი, როდესაც ყველაფერი ნაკლებად პოლიტიზირებული იყო. მაშინ პირველად მიეცათ ხელოვანებს და ჟურნალებს მეტი გასაქანი, ამ დროს გავაკეთე ჩემი პერსონალური სერია, „when earth seems to be light“ (ეს სახელი შემდეგ სკეიტერების პროექტსაც დაერქვა). მაშინ ჩემი მეგობრები გადავიღე, გაშიშვლებულები, ლაღები, ახალგაზრდები და საკუთარ სხეულთან სრულ კომფორტში, ყველანაირი შუქ-ჩრდილების და უხერხულობის გარეშე. მაშინ იშვიათად იქმნებოდა ასეთი სერიები და ასეთი თავისუფლება პირველად ამ პერიოდში მოგვეცა. ეს სერია “ცხელი შოკოლადის“ 2008 წლის აგვისტოს გამოცემაში დაიბეჭდა და რამდენიმე დღეში ომიც დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეგრევე შეიცვალა - სოციალურმა და პოლიტიკურმა თემებმა დაიკავა ხელოვნების თითქმის ყველა დარგი. ეს სერია კი, სიმბოლურად დარჩა ჩემთვის როგორც რაღაც ახალ დაწყებულის დასასრული.


Abstract Body, 2016

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ 2008 წლის ომის მერე, როდესაც ფოტოგრაფები ძირითადად სოციალურ თემაზე გადავიდნენ, ძველ თემებთან მიბრუნება აზრს მოკლებული გეჩვენებოდა და "გერიდებოდა" კიდევაც. თუმცა ისეთ სივრცეში სადაც თავისუფლების ნაკლებობაა, შენი შემოქმედებით შეზღუდვების წინააღმდეგ წასვლა მის "სოციალურობას" თავისთავად არ გულისხომბს ?

კი ეგრეა. საქართველოში ძალიან ჩაკეტილი გენდერული და სოციალური ნორმებია, რომელიც შენს პირად თავისუფლებას ზღუდავს. ეს განსაკუთრებით გამძაფრებული იყო ომის დროს, როდესაც ვიზუალურად ძალიან მამაკაცური სურათებით ვიყავით გარშემორტყმული: ახალგაზრდა ბიჭები, ავტომატებით ხელში. ამ დროს მე ამის საპირისპიროს ჩვენებას ვცდილობდი, რომ ამ ბიჭების შინაგანი მდგომარეობა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ მოთხოვნებს, რაც მათ აკისრებოდათ. სკეიტერებთან მუშაობის დროს ვიცოდი, რომ ეს ბავშვებიც სხვებისთვის გაუგებარ სუბკულტურას მიუკეთვნებოდნენ… და ამის კვლევა, მათი და მათი ინტერესის აღიარებაც სოციალურად მნიშვნელოვანი იყო. თუნდაც თავიანთ მშობლებთან, უფროს თაობასთან ურთიერთობა ჩვენმა ფილმმა და მისმა წარმატებამ გაადვილა. ამიტომ ნამდვილად რეალობა გკარნახობს , რა თემებია სოცუალურია თუ მნიშვნელოვანი.


Gold of light, 2018

ურთიერგამომრიცხავი ელემენტები ბევრია შენს სერიებში, და მაინც ისინი ორგანულად თანაარსებობენ: ფიზიკური ძალა და მოწყვლადობა, მასკულინური და ფემინური ენერგიები, გარდატეხის ასაკის სიმწიფე და ბავშვურობა...

გარდატეხის ასაკი გულისხმობს რაღაც კონტრასტებს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ასაკი ოდესმე მთავრდებოდეს. ეს მუდმივი პროცესია და ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა გარდატეხებს განიცდის. შესაბამისად, ამ მხირვ სულ საინტერესოა. თუმცა ამ “თინეიჯერობის“ ასაკს განსაკუთრებით კარგად ვიცნობ და ალბათ ამიტომაც ვუბრუნდები.
ფოტოებზე ხშირად მეკითხებიან: „is it slightly gay?“ რაზეც ვპასუხობ : „slightly? I think it is very gay“. დღეს მთელ მსოფლიოში კაცის და ქალის ენერგიის, პატრიარქატის და მატრიარქატის ცნება ცვლილებებს განიცდის. ეს როგორც გლობალურ დონეზე, ისე ინდივიდუალურადაც, შინაგან შრეებზე მიმდინარეობს. ჩვენში ფემინური და მასკულინური ენერგიები ყოველთვის დინამიკაში არიან. ჩემი სერიის ობიექტი პირველი დანახვით მარტივია აღიქვა როგორც სექსუალური ობიექტი, მაგრამ სინამდვილეში ის ამაზე ამაღლებულია და შინაგანი თავისუფლების და ამ ენერგიების ჰარმონიის გამომხატველი ობიექტია. 
 

რამდენიმე წელია, რაც რელაურად სხვაგან გადახვედი საცხოვრებლად. ეს ისევ თავისუფლების ძიებასთან არის კავშირში?

არა, ჩემი გერმანიაში გადასვლა უფრო პირადი გადაწყვიტილება იყო. ძირითადად, ჩემს პროექტებს მაინც საქართველოში ვიღებ. ეს ლოჯისტიკურადაც მარტივია და ბუნებრივადაც აქაურ რეალობაზე მინდება ლაპარაკი. 



Supernature, 2018

როდესაც სპორტსმენები, სპორტდარბაზებში გადავიღე - სერია პოსტ საბჭოთა მოდას მიაკუთვნეს და ამით გახდა ის პოპულარული. მაშინ გავიგე, რომ ის, რაც ჩემი რეალობა და ყოველდღიურობა იყო, სახელი ჰქონდა და ტრენდიც კი იყო. მაშინ საბჭოთა ელემენტები გავაქრე. მხოლოდ სხეული დავტოვე, რომელიც შემდეგ დავშალე და აბსტრაგირება გავუკეთე. მაშინ ეს გარდამტეხი მომენტი იყო ჩემთვის, როდესაც დოკუმენტური ფოტოგრაფიიდან კონცეპტუალურზე გადავედი. შესაბამისად, თავისუფლებისკენ და სინამდვილის გადმოცემისკენ სწრაფვა ჩემთვის ყოველთვის შინაგანი იყო და ფიზიკური გადაადგილება ამისთვის არ მჭირდებოდა.



Supernature, 2019

„when earth seems to light“ ჯერ ფოტო სერია იყო - შემდეგ კი დოკუმენტური ფილმი. დღეს თანამედროვე ხელოვნება ხშირად სცდება ერთ მედიუმს და ჟანრების კვეთასაც გულისხმობს. შენ კიდევ აგრძელებ სხვადასხვა კოლაბორაცებს?

ყველაზე ხშირად მოდის ინდუსტრიასთან მაქვს გადაკვეთა. მაგალითად, ახლა პარფუმერიის კამპანიაზე ვმუშაობ, რომლის მთავარი ინგრედიენტი ოფლია. როდესაც რამე შეკვეთას ვიღებ, ვიცი, რომ კონკრეტულად ჩემი ხედვა და სტილისტიკა სჭირდებათ. ხშირად ეს ექსპერიმენტალური პროექტია და მის შესასრულებლად ვიცი, რომ სრულ თავისუფლებას მივიღებ. ეს მგონია, რომ საქართველოში იშვიათად ხდება, მინდა რომ აქ არტისტულ თავისუფლებაზე ტენდერები არ ცხადდებოდეს. ნებისმიერი კოლაბორაციის დროს არცერთის ნიშანი დაიკარგოს და მოხდეს ის, რაც ერთმანეთის გარეშე ვერ შეიქმნებოდა.



Gold of light, 2018


და ბოლოს, შენი ობიექტები ხშირად გრავიტაციის ძალას უარყოფენ. მათი ფიზიკური მდგომარეობა გარდამავალ წერტლშია - უწუნობის პიკში და რამდენიმე წამით ადრე დავარდნამდე…

უწონობის ზენიტში ყოფნა - რა თქმა უნდა, გულისხმობს დაცემასაც - რაც უფრო მაღლა ხარ მით უფრო დიდი ვარდნაა წინ. იცი, რომ ეს დაშვება გარაუვალია, მაგრამ ის კულმინაცია მაინც უნდა განიცადო…


Carpet sunrise, 2019



Supernature, 2019


უწუნობა - ჰაერში დაჭერილი ეს მდგომარეობა რეალობიდან მოწყვეტაა, ეს გაჩერებული წამი ფრენას გავს, ახტომის მომენტში ყველაზე მაღალ წერტილში ყოფნა, ფოტოში მეორდება განუწყვეტლივ და სამუდამოდ არის აღბეჭდილი.




ტანმოვარჯიშე, 2019






ფოტო ქავერზე: © დავით მესხი


გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე