Please rotate your phone
ჩაიცვით სინდისის პერანგი!

ჩაიცვით სინდისის პერანგი!






ბორის შევერდიანი - პირველი ქართველი ფოტოკონცეპტუალისტი და ყოფიერების დეზერტირი მკვდარი ღმერთისა და ადამიანური ქაოსის ცივილიზაციის შესახებ


ავტორი: ნათია წულუკიძე


სრულიად შეუძლებელი თეზა, შეთავაზება, თუ მოთხოვნაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სინდისის პერანგი არც იცმევა და საერთოდაც არსად იყიდება, არც იმიტომ, რომ ფიზიკურ კანონებს აცდენილი და შეუსაბამოა. არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში მორალურ კანონებსაც აცდენილი და შეუსაბამოა. და სწორედ ეს ბოლო "იმიტომ" არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.



                                                                             ბორის შავერდიანი. ალბომიდან „ხუთი ერთდროული ალბომი".



ამ ფრაზის ავტორი თბილისში რამდენიმე ათწლეულის წინ ცხოვრობდა და თვითონაც ყველაფერთან - დროსთან, გარემოსთან, საზოგადოებასთან, სივრცესთან, მენტალიტეტთან "აცდენილი და შეუსაბამო იყო". არსებობდა საკუთარ "იისფერ ჯებირებში" (1) ჩაკეტილი და იყო ფოტოგრაფი, მაშინ როდესაც ეს მხოლოდ ხელობა იყო; სხვა ფოტოგრაფებისგან განსხვავებით არასდროს იღებდა რეალურ გარემოს რეალურად, ფოტოებსაც არასწორად ბეჭდავდა - ხან "ემულსია ეღვრებოდა", ხანაც ფოკუსი, ან საერთოდაც მიზანმიმართულად აზიანებდა. შემდეგ ზემოდან ტექსტებს აწერდა, არც თუ მომხიბვლელი კალიგრაფიით, სასვენი ნიშნების გარეშე, უამრავი გრამატიკული "შეცდომით" და ძალიან რთული შინაარსით. მოკლედ, არაფერს აკეთებდა წესისა და რიგის მიხედვით და, როგორც თვითონ ამბობდა, "ყოფიერების დეზერტირი" იყო. ის ალბათ, დღესაც "დეზერტირობს". თუმცა, ამ გაცნობიერებულ და რთულ არჩევანს ხელოვნების ენაზე აღარ გამოხატავს - 90-იან წლებში დედის სიკვდილის შემდეგ რუსეთში გადასახლდა და ფოტოების გადაღება შეწყვიტა. სამყაროსთან დამაკავშირებელი ეს ძაფიც ჩაჭრა. მაგრამ, წასვლამდე საქართველოში დატოვა თავისი ფოტოარქივი და ისტორიული ნაკვალევი.



                                                                           ბორის შავერდიანი. ალბომიდან „ხუთი ერთდროული ალბომი".


ბორის შავერდიანი პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც 1970-80-იან წლებში ფოტოკონცეპტუალურ ნამუშევრებს ქმნიდა. თუმცა, მაშინ არც ამ მიმდინარეობის შესახებ იყო რაიმე ცნობილი და არც ეს სიტყვა არსებობდა საქართველოში. ეს ამ რთული ადამიანის დამოუკიდებელი სტილური არჩევანი და თვითგამოხატვის ხერხი იყო, რისთვისაც ორივე - იმიჯიც და ტექსტიც - სჭირდებოდა. შავერდიანი "აზრთა მდინარებას" (2) მხოლოდ ასეთი სინთეზით გადმოსცემდა. აზრები კი სრულიად უჩვეულო კალაპოტში მიედინებოდნენ. ისეთში, ძალიან დიდხანს რომ არავის მოსწონდა და უბრალოდ გროვდებოდა "ხუთ ერთდროულ ალბომში" ან "ჩემოდანში მამის ნეგატივებით" (3).



                                                                     ბორის შავერდიანი. სერიიდან „იისფერი ჯებირი“, 1990.


მხოლოდ 2010-იან წლებში ვაღიარეთ, რომ, ეს რადიკალურად ინტროვერტი ფოტოგრაფი ქართული ვიზუალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია; მისი გრამატიკული "შეცდომები" ნეოლოგიზმებია და სამყაროში ახალი სიტყვით ახალი აზრი მოაქვს; ფოტოგრაფია სულაც არ ყოფილა მხოლოდ რეალობის დაფიქსირების საშუალება და პოსტრეალობის კონცეფციებსაც შესანიშნავად ასახავს; ტექნიკურად გამართული, სწორად გადაღებული ფოტო არ არის ფოტოგრაფიის ერთადერთი ლოგიკა და მას სხვა, უცხო ენაზეც შეუძლია იმეტყველოს დაზიანებული, დაშუქებული, კომბინირებული ფოტოებით; ფოტოებს არა დათვალიერება, არამედ წაკითხვა სჭირდება. შავერდიანის მაყურებელი მკითხველ-მაყურებელი უნდა იყოს, რადგანაც თვითონ ავტორი პოეტი-ფოტოგრაფია. აქ ვერბალური ინფორმაცია და იმიჯი თანაბარმნიშვნელოვანია.



                                                                      ბორის შავერდიანი. სერიიდან „იისფერი ჯებირი“, 1990.


შავერდიანი გამოსახულებას და სიტყვას შორის ზუსტ ბალანსს პოულობს და, მათი სინთეზით, მხოლოდ მისთვის სახასიათო კონცეპტუალიზმს ქმნის. ეს ფოტოები ჰიპერლინკებია ერთი იდეის მიღმა კიდევ სხვა იდეაა, მის მიღმა კიდევ სხვა და ასე უსასრულოდ შეგიძლია მოგზაურობა სამყაროს შესაცნობად, რომლის "ამწყობიც დაავადებულა" (4) და სამყაროც ძველი პიანინოსავით აშლილი და არეული დაუტოვებია. ამიტომაც არ ცდილობს შავერდიანი "მკვდარი ღმერთის" და ადამიანური ქაოსის ცივილიზაციაში დაბრუნებას და საკუთარი "დეზერტირობით" ტკბება. 




                                                                                ბორის შავერდიანი. ალბომიდან „ხუთი ერთდროული ალბომი“.


თუმცა, ზოგჯერ მაინც ძალიან უნდა საკუთარი "რეფლექსიით თავის მოწონება, უბრალოდ ოცნებობს" (5). ფოტოგრაფის ასკეტური ბუნება ადამიანური ასპექტის სასარგებლოდ ტყდება და ცდილობს ჯებირებს მიღმა, ადამიანურ სამყაროში თანამოაზრეები იპოვნოს.

ერთ-ერთ სერიაში ფოტოებად საკუთარი ჩანაწერების ტექსტებს იღებს, მაგიდაზე დებს ფოტოაპარატს - სამყაროსთან საურთიერთო მთავარ იარაღს - "უიარაღოდ" რჩება მაყურებლის წინაშე და გვეუბნება: "მე გავჩერდი"; აწყობს კუთხეებს სარკეებით და გამადიდებელი შუშებით და თავისსავე ანარეკლს სხვადასხვა რაკურსით და "ყველა მხრიდან" გვანახებს. შავერდიანი ამ ფოტოებით ავტოპორტრეტს, "ფსიქოლოგიურ ნიუს" ქმნის. თავს უფლებას აძლევს ცოტა ხნით დათმოს "ყოფიერების დეზერტირის" სტატუსი, ფსიქოლოგიურად გაშიშვლდეს და "გაჩერდეს" მაყურებლის წინაშე. "ცდილობს, რაღაც მონოსპექტაკლის მსგავსი შექმნას, როგორც ავტორმა, რეჟისორმა და მსახიობმა" (6). ამ სპექტაკლზე მაყურებელი მხოლოდ 30-40 წლის შემდეგ მიდის მაგრამ ბორის შავერდიანს ჰყოფნის მოთმინება, გველოდება და კიდევ ერთხელ გვიყვება ამბავს შავ-თეთრი სამყაროს შესახებ, რომელსაც "ხშირად ეღლება და სტკივა ხალხი" და სადაც "სიყვარულის შესახებ მხოლოდ მაწანწალა ძაღლებს სმენიათ" (7). 




                                                                     ბორის შავერდიანი. ალბომიდან „ხუთი ერთდროული ალბომი“.
 

თუმცა, ეს ამ ამბის მხოლოდ დასაწყისია. რადგანაც თვითონ ამბავი ძალიან გრძელია და უამრავია მოსაყოლი: როგორ შეძლო ერთმა "დეზერტირმა" პირველობა, როგორ აირჩია ძალიან რთული გზა, რადგანაც ზუსტად იცოდა, რომ "სიმარტივე დაგვღუპავს, ის ქურდობაზე უარესია".




                                                                                           ბორის შავერდიანი. ალბომიდან „აზრთა მდინარება“.





(1) ბორის შავერდიანის ფოტოსერიის სახელწოდება
(2) ბორის შავერდიანის ფოტოალბომის სახელწოდება
(3) ბორის შავერდიანის ფოტოალბომების სახელწოდებები
(4) წარწერა ბორის შავერდიანის ფოტოზე
(5) ფრაგმენტი ფოტოტექსტიდან
(6) ფრაგმენტი ფოტოტექსტიდან
(7) ფრაგმენტი ფოტოტექსტიდან 




ფოტო ქავერზე: © ბორის შავერდიანი. ალბომიდან „ხუთი ერთდროული ალბომი“.







გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24. 2020
უკანუკან

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე