ალექსანდრე როინაშვილი - პირველი ქართველი ფოტოგრაფი
ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898) - პირველი ქართველი ფოტოგრაფი
საქართველოს მდებარეობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი გზების გადაკვეთაზე, ასწლეულების მანძილზე, ქვეყნის პოლიტიკური ვექტორების ფორმირების უმთავრესი ფაქტორიც იყო და კულტურული განვითარების თავისებურებების განმსაზღვრელიც. სწორედ გეოგრაფიული მდებარეობის გამო ევროპული კულტურული სიახლეები ადვილად და მალე აღწევდა საქართველომდე. მაგალითად, პირველი კინოჩვენება თბილისში 1896 წელს გაიმართა - პარიზული პრემიერიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ. 7 წელი დასჭირდა კიდევ ერთ ევროპულ სიახლეს - ფოტოგრაფიას, რომ რუსეთის გავლით საქართველომდე მოეღწია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, საქართველოში ფოტოგრაფიის ისტორიის ათვლის თარიღად სწორედ 1846 წელი ითვლება.
დარიალის ხეობა. 1870-1898
იმავე 1846 წელს დუშეთში, ღარიბი უნაგირების ოსტატის სოლომონ როინაშვილის და მისი მემაქმანე მეუღლის - მარინეს ოჯახში კიდევ ერთი შვილი, ალექსანდრე დაიბადა. სწორედ ალექსანდრე როინაშვილია პირველი ქართველი ფოტოგრაფი და ქართული ფოტოგრაფიის ფუძემდებელი.
დუშეთი. 1870-1898
თუმცა მანამდე, ვიდრე ფოტოგრაფიას შეისწავლიდა და შემდგომ უკვე თბილისის ცენტრში საკუთარ სახელოსნოებს გახსნიდა, ალექსანდრე როინაშვილმა «მოძრავი კავკასიური მუზეუმის» შექმნაზე და ეროვნული მუზეუმის დაარსებაზე დაიწყო ფიქრი; ქართული ეთნოგრაფიული სიძველეების მოსაძიებლად მთელი კავკასია შემოიარა; დააარსა პირველ საერთო საცხოვრებელი ქართველი სტუდენტებისთვის და საკუთარი სახსრებით გაუწია მათ პატრონაჟი; გაწეული სამსახურისთვის რუსეთის იმპერატორისგან მრავალრიცხვოვანი ჯილდოები მიიღო; თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა და არა მხოლოდ ფოტოგრაფად, არამედ მნიშვნელოვან საზოგადო მოღვაწედაც ჩამოყალიბდა.
ბაქო. აზერბაიჯანი. 1870-1898
სომხეთი. 1870-1898
14 წლის ასაკში ალექსანდრე როინაშვილი მარტო ჩამოდის თბილისში, სადაც სრულიად შემთხვევით ფოტოგრაფი და ხატმწერი, ვინმე ხლამოვი მას შეგირდად აიყვანს. რამდენიმე წლის მანძილზე იგი მონდომებით სწავლობს მხატვრობას, ფოტოგრაფიას და მალე დამოუკიდებლად ხსნის ფოტოსახელოსნოს : ჯერ ერთს - «სასურათხატო», შემდეგ მეორეს - «რემბრანტი» და ბოლოს მესამეს - «ამხანაგობა». სამივე ქალაქის ცენტრში, სასახლის ქუჩაზე და გოლოვინის პროსპექტზეა განთავსებული
ხედი ნარიყალას ციხესიმაგრეზე. თბილისი. 1870-1898
როინაშვილი იმდროინდელი თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პატივცემული პიროვნებაა. მის მოღვაწეობას ქართული პრესა ინტენსიურად აშუქებს. სახელოსნოებში კი პორტრეტების გადასაღებად საზოგადო მოღვაწეებთან ერთად თავს იყრიან ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლები და გლეხებიც კი, რომლებიც საგანგებოდ როინაშვილის სტუდიაში ფოტოების გადასაღებად, მოკრძალებული დანაზოგებით, პროვინციიდან დედაქალაქში ჩამოდიან.
კინტოები. 1870-1898
ფოტოგრაფი და მეცენატი
იმ დროინდელი ევროპული ტრადიცია, რომელმაც პირველი ევროპელი ფოტოგრაფების სალონები მოწინავე მოაზროვნეების თავშეყრის ადგილად და კულტურულ ცენტრად აქცია, პირველად საქართველოში სწორედ როინაშვილის სახელოსნოში მკვიდრდება. მის ფოტოატელიეს ისეთივე დატვირთვა აქვს ქართულ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, როგორიც ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის ნადარის პარიზულ სახელოსნოს, საფრანგეთის დედაქალაქის არტისტული და ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებაში. ნადარი იღებს ბოდლერს და ჟორჟ სანდს, ფერენც ლისტს და სარა ბერნარს, ალექსანდრე დიუმას და ჟიულ ვერნს. ალექსანდრე როინაშვილი კი - ილია ჭავჭავაძეს და იაკობ გოგებაშვილს, ალექსანდრე ყაზბეგს და ვაჟა-ფშაველას, დიმიტრი ყიფიანს და ივანე მაჩაბელს, ეკატერინე გაბაშვილს და ბარბარე ჯორჯაძეს...
ყარაჩოღელები. 1870-1898
1874 წელს ნადარი გამოფენის გასამართად თავის სახელოსნოს მხატვრების იმ ჯგუფს უთმობს, რომელსაც მოგვიანებით იმპრესიონისტები ეწოდებათ და რომელთა ნამუშევრების გამოფენაზე პარიზის სხვა საგამოფენო გალერეების პატრონები უარს ამბობენ. თბილისში კი, საკუთარ ჭერს მოკლებული ქართული თეატრალური დასი სწორედ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიეში მართავს რეპეტიციებს. ამასთან დაკავშირებით ცაგარელი აღნიშნავდა: «მომწიფდა ნიადაგი მუდმივი დასის დაარსებისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდად შეუწყვეს ხელი ამ საქმეს. მათ შორის იყო ალ.როინაშვილი.»
ერთ-ერთ სახელოსნოსთან როინაშვილი ხსნის პირველ საერთო საცხოვრებელს სტუდენტებისთვის, რომლებსაც თავად აფინანსებს და თავადვე ასწავლის ფოტოგრაფიას. ამავე დროს იგი დიდი მონდომებით მუშაობს ქართული ეროვნული მუზეუმის დაარსების იდეაზეც.
დაღესტანი. სპილენძის ფიგურები. სამუზეუმო ნივთები კავკასიის მოძრავი მუზეუმის კოლექციიდან. 1870-1898
მუზეუმის ასაშენებლად საჭირო მიწის ფართის შეძენას ალექსანდრე როინაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ იაკობ ზუბალაშვილს სთხოვს; თავად კი ცნობილ არქიტექტორს - შტერნს შენობის პროექტს უკვეთავს, რომელსაც შემდგომ ღია ბარათის სახით ავრცელებს. ამ იდეის რეალიზაციას როინაშვილი, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს. მისივე უშუალო დახმარებით და ხელშეწყობით იხსნება ბიბლიოთეკები სურამში, ცხინვალში, დუშეთში და მცხეთაში. 1886 წელს კი, 40 წლის ასაკში, ალექსანდრე ყაზბეგის დაჟინებით როინაშვილი ადგენს ანდერძს, რომლის თანახმადაც მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება “... ფოტოგრაფიული დაწესებულება, ყველა ნეგატივი, აპარატები, ფოტოგრაფიული სურათები, აგრეთვე არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები... “ გარდაცვალების შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემა.
დიმიტრი ერმაკოვის ჩრდილში
ალექსანდრე როინაშვილი, მოულოდნელად, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია ჭავჭავაძე ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას გაზეთში “ივერია“: “მან არარაისგან შეჰქმნა საქმე, არარისგან შეიძინა ქონება და ჩვენ ქართველებს მაგალითი გვიჩვენა იმისა, თუ რის შემძლებელია ცალკეკაცი, თუ იმხნევებს და გაირჯება, და არ შეუშინდება გარემოებას... თითოეული ამისთანა ადამიანი ძალ-ღონე და ციხე-სიმაგრეა ერისა, ქვეყნისა და მის მიერ განვლილი, ღვაწლით დაქნილი გზა მთელი სკოლაა და მწურთვნელია ყველასი, ვისაცკი კაცობისათვის გული ერჩის“.
მცხეთა. 1870-1898
როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მუზეუმის ექსპონატები და ფოტოარქივი, ანდერძის თანახმად, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. 1905 წელს როინაშვილის ფოტოსალონები დაიხურა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მისი ნეგატივების დიდი ნაწილი გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა. იმის გამო, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება როინაშვილის არქივების დაცვას ვეღარ ახერხებდა, ფოტოგრაფის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ დარჩენილი მასალების ნაწილი იმავე პერიოდში მომუშავე მეორე ცნობილ ფოტოგრაფს, დიმიტრი ერმაკოვს გადაეცა. ერმაკოვი იმითაც იყო ცნობილი, რომ სხვადასხვა ფოტოგრაფებისგან რეგულარულად ყიდულობდა ნეგატივებს და ფოტოებს თავისი კოლექციისთვის. დაუზუსტებელი მიზეზების გამო როინაშვილის ფოტოების დიდი ნაწილი ერმაკოვის კოლექციაში ისე აღმოჩნდა, რომ როინაშვილის ფოტოებიდან ავტორის ხელმოწერა გაქრა. თავად ერმაკოვს იმაზე არ უზრუნია, რომ საერთო ალბომებში გაერთიანებული ფოტოების ავტორის ვინაობა დაეზუსტებინა. ამ დაუდევრობის თუ გაუგებრობის შედეგად, ათწლეულების მანძილზე, როინაშვილის ფოტოების დიდი ნაწილი ერმაკოვის ფოტოებად იყო ცნობილი. პირველი ქართველი ფოტოგრაფის სახელი კი, შესაბამისად, დიმიტრი ერმაკოვის ჩრდილში მოექცა, რომელიც ასევე თავისი დროის ცნობილი ფოტოგრაფი იყო.
ამჟამად ალექსანდრე როინაშვილის არქივის დიდი ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოკოლექციაში. მუზეუმის კოლექცია 15 000 ფოტოს, შუშის ნეგატივს და 3 000 სტერეო ფოტოს აერთიანებს და მათ შორის არის საქართველოში ფოტოგრაფიის პიონერის - ალექსანდრე როინაშვილის ფოტო მემკვიდრეობაც.
დაღესტანი. 1870-1898
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ლიკა მამაცაშვილს მოწოდებული მასალისთვის, რომელიც გაერთიანებულია მის საავტორო წიგნებში - "ალექსანდრე როინაშვილი პირველი მესურათხატე" 2001, "ალექსანდრე როინაშვილი პირველი ქართველი მესურათხატე" ტომი II, 2007.
ფოტო ქავერზე: © ალექსანდრე როინაშვილი. 1870-1898.