Please rotate your phone
ომარ გოგიჩაიშვილი

ომარ გოგიჩაიშვილი

© ომარ გოგიჩაიშვილი. რეივებისა და პროტესტების შესახებ თბილისში. 2017-2018

 

რეივებისა და პროტესტების შესახებ თბილისში (2017-2018)

 

ომარ გოგიჩაიშვილი ფსევდონიმ ‘ჰიტორი ნი’-ს იყენებს, რომ გადაიღოს საკუთარი მეგობრები, ნაცნობები, ადამიანები, ვისთან ერთადაც დროს ატარებს. ეს ახალგაზრდების ის თაობაა, რომელიც განთავისუფლებულ საქართველოს წარმოადგენს, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებსა და ნორმებს არ იზიარებს. მისი ფოტოები ხშირად ასახავს ქალაქის მჩქეფარე ჰედონისტურ ღამის ცხოვრებას, სექსუალურ ენერგიას და მეამბოხე განწყობას, რითაც ჰაერი გაჯერებულია.

წარმოდგენილი სერია ჰიტორის სამეგობრო წრის და საქართველოს უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდებს ასახავს. პრივატულ სივრცეებში გადაღებული ინტიმური კადრები ასახავს ახალგაზრდა კაცებს; ისინი მაიმუნობენ, ხის მასკებს ირგებენ, ბუმბულის ბოა შემოხვეულები პოზიორობენ და ბალაკლავა ჩამოცმულები კოცნაობენ. ეს დაძაბული თამაშები დამალვასა და გამოაშკარავებას შორის, იდენტობების, სექსუალური სურვილების, პრივატულსა და საჯაროს შორის უპირისპირდება საპროტესტო აქციებისა და პოლიციის რეიდების ფოტოებს. ფოტოები, სადაც პოლიციელები არიან გადაღებული, კლუბ ‘ბასიანი’-ს დარბევიდან არის, როდესაც 2018 წლის 12 მაისს, სპეცრაზმი შევარდა კლუბ ‘ბასიანსა’ და ‘კაფე გალერიში“ და ანტინარკოტიკული სპეცოპერაცია ჩაატარა. ამ ქმედებებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია კლუბში მოსიარულე საზოგადოებაში, რადგან მათი აზრით პოლიციამ ძალაუფლებას გადააჭარბა და ყველაფერი უფრო მასებისთვის დადგმულ სპექტაკლს დაემსგავსა, ვიდრე რეალურად საჭირო პროცედურებს. როდესაც ამდენმა ადამიანმა თავი კლუბის გარეთ აღმოაჩინა, მათ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს ცეკვა. საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეს გაგრძელდა, სადაც ახალგაზრდობა კლუბებს იცავდა და უკეთეს ნარკოპოლიტიკას მოითხოვდა; საბოლოოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა დემონსტრანტებს, ბოდიში მოუხადა მათ და დადო პირობა, რომ დაიწყებოდა რეფორმებზე მუშაობა.

დანარჩენი კადრები სხვადასხვა დემონსტრაციებზეა გადაღებული, სადაც ახალგაზრდობა საქართველოში უსამართლო ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდა, განსაკუთრებით არაადეკვატურად მძიმე სასჯელი ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში. ეს შეკრებები ხშირად აქტივისტთა ჯგუფის, ‘თეთრი ხმაურის მოძრაობი’-ს მიერ არის დაორგანიზებული. მათ ძირითადად ახალგაზრდა მხარდამჭერები ყავთ და ერთად ითხოვენ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას.

 

ტექსტი: ელენე კაპანაძე





თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე