Please rotate your phone
დინა ოგანოვა

დინა ოგანოვა

© დინა ოგანოვა. #მეც. 2015 - 2021

#მეც (2015 - 2021)


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. დაზარალებულებს შორის 70% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა საჯარო სივრცეში, ხოლო 10% -სამუშაო ადგილზე.

სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცნობიერება საკმაოდ დაბალია.
ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა და როგორ ხდება, საკუთარ თავსაც კი ვუსვამთ კითხვას: „იქნებ ეს ყველაფერი მომეჩვენა და ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?“ ჩვენივე ფიქრებისაც გვერიდება, მაშინ, როდესაც დაზარალებულები ვართ. ალბათ სწორედ ამის გამო, ბოლომდე ვერ ვხვდებით, რამხელა პრობლემის და საფრთხის წინაშე ვდგავართ.
ამ სტატისტიკას რომ ვუყურებ, მეშინია.

მეშინია ყველა იმ პატარა გოგოს თუ ბიჭის გამო, რომლის უფლებებიც არ არის დაცული, ყველა იმ მოზარდი გოგოს გამო, რომელსაც რცხვენია და ერიდება სექსუალურ შევიწროებაზე საუბრის, იმ ყველა ქალის გამო, რომლისთვისაც ამ თემას, უბრალოდ, ტაბუ ადევს და რომელიც ყველაფრის დავიწყებას ცდილობს. და ყველაზე მეტად მეშინია იმ ქალების გამო, რომლებიც არაფერს იმჩნევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ საგანგაშო არაფერია, თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში დაყვებათ დაუცველობის განცდა, როდესაც საკუთარ თავთან მარტოები რჩებიან.

საქართველოში ძალიან რთული და მძიმეა, იყო ქალი

ალბათ სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მე საქართველოს ვიცნობ და მხოლოდ იმას ვხედავ, აქაურ ქალებს მასიურად როგორ შეუძლიათ დუმილი, დუმილი, რომელიც ყველაზე დიდი დანაშაულია,ჩემი აზრით.

ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მოსმენა და ხმის ამოღება თემაზე, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი ჩვენს ირგვლივ „არ ტეხავს“.


(01)

არ ვიცი, ჩემი ნომერი საიდან ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყოველდღე მირეკავდა და შეხვედრას მთხოვდა. ბოლოს აღარ ვპასუხობდი, უფრო მეტიც, ნომერიც კი შევიცვალე, მაგრამ ახალი ნომერიც გაიგო და ზარები ისევ გაგრძელდა. თავიდან უბრალოდ რეკავდა და ხმას არ იღებდა, მერე ტელეფონში სუნთქავდა, ანუ მესმოდა, რომ ვიღაც იყო იქ. მე ჩემი კლასელი ბიჭი მიყვარდა და სულ მეგონა, რომ ის მირეკავდა და ვერ ბედავდა ლაპარაკს. მერე უკვე ლაპარაკი დაიწყო და მე იმედგაცრუებული კი დავრჩი, ჩემი კლასელი რომ არ აღმოჩნდა, მაგრამ თან მომწონდა ეს ყველაფერი. მელაპარაკებოდა, ჯერ ისეთს არაფერს მეუბნებოდა, შენი გაცნობა მინდაო, ქუჩაში გნახე და ძალიან მომეწონეო, შემხვდიო, რაღაცნაირი თამაში იყო და ვიხიბლებოდი, საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა და სულ ყურადღებით ვუსმენდი.

ბოლოს რომ დამირეკა, მკითხა, რა მაცვია, სად ვარ და მეუბნებოდა, როგორ მომეფერებოდა, თვითონ რას აკეთებდა, როგორ ეფერებოდა თავის სასქესო ორგანოს და მე რა უნდა გამეკეთებინა. სკოლის მოსწავლე ვიყავი და ისე შემეშინდა ამ ყველაფრის მოსმენა, ტელეფონი საერთოდ გავთიშე და მშობლებს ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა, მობილური მქონოდა.

იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უცნაური არქიტექტურაა. ძველი სტილის ორი კორპუსი ერთი კორიდორით უკავშირდება ერთმანეთს და თან შეიძლება, ვერც დაუკავშირდეს, თუ არ იცი, ზუსტად სად უნდა შეუხვიო. სულ მეშინოდა იქ გავლის, განსაკუთრებით ღამით, არასდროს იყო განათებული.

სკოლაში მივდიოდი, როდესაც ამ კორიდორში ვიღაც კაცი შემხვდა. სახელით მომმართა. გამიკვირდა, საიდან იცოდა, ვინ ვიყავი. პირველად ვხედავდი. მე კიდვ ბევრი რამ ვიცი შენზეო, მითხრა. მე გამეცინა, კიდევ რა იცით-მეთქი, მხიარულად ვკითხე. რატომღაც ვიფიქრე, ეტყობა, მამას თანამშრომელია, ან ვიღაც ნაცნობი-მეთქი. მაგალითად ის, რომ ძალიან მაწყენინე ცოტა ხნის წინო. რითი-მეთქი, ვიკითხე, თან მართლა გავოცდი. იმით, რომ ტელეფონს აღარ პასუხობო. უცებ ისე ცუდად გავხვდი, უსიტყვოდ გამოვიქეცი. გამომეკიდა. კიდევ კარგი, სწრაფად დავრბოდი და წამებში უკვე მეორე შენობაში ვიყავი. ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი. ჩემს ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ. ის კაცი, ალბათ, იმ კორიდორში აიხლართა, მას შემდეგ აღარ მინახავს.

 (02)

მეტროში ვიყავი, კართან ვიდექი და სამი გაჩერების შემდეგ უნდა ჩავსულიყავი. უცებ „სადგურის მოედანზე“ უამრავი ადამიანი შემოვიდა, რაღაცნაირად, ყველანი ერთმანეთს მიწებებულები აღმოვჩნდით, ვერც კი ვინძრეოდი. ვგრძნობდი, რომ უკან მდგომი მამაკაცი, რომელიც სულ მედებოდა, ვერაფრით წყნარდებოდა, სულ მოძრაობდა. თან მიკვირდა, რა არ ასვენებს-მეთქი. მივიხედე კიდევაც ერთი-ორჯერ, მომიბოდიშა, უამრავი ადამიანია და ვერ ვდგავარო. ორივემ გავიცინეთ. მატარებელი რომ გაჩერდა და ადამიანებმა გასვლა დაიწყეს, ეს კაცი კი მაინც ჩემს ზურგს იყო მიკრული და უცნაურად სუნთქავდა, ძალიან შევშინდი და შემდეგ გაჩერებაზე ეგრევე ჩამოვედი. ვაგონიდან ბაქანზე გასულმა უკან მივიხედე, კარი უკვე იკეტებოდა. დავინახე, როგორ იკრავდა შარვალს.


(ფოტო ქავერზე)

კალათბურთზე ახალი დაწყებული მქონდა სიარული, საერთოდ, ეს წრეც სკოლაში ახალი გახსნილი იყო. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა.

სულ ველოდებოდი, გაკვეთილები როდის დამიმთავრდებოდა, რომ სპორტდარბაზში ჩამერბინა, გამომეცვალა, მერე ტრენერის ჩაკეტილ ოთახში შევსულიყავი და კარგი ბურთი ამერჩია. მერე უკვე შემეძლო, დარბაზში გავსულიყავი და სამიანების ჩაგდებაზე მეvარჯიშა. თავიდან ძალიან ბევრი გოგო ვიყავით, მაგრამ სადღაც ზამთარში გოგოების რაოდენობამ იკლო და ძირითადად, სულ ბიჭებთან გვიწევდა ვარჯიში. ერთხელ ბოლო ორი გაკვეთილი გაგვიცდა, მასწავლებელი იყო ავად და მე და ჩემმა კლასელმა სიხარულით ჩავირბინეთ დარბაზში და გასახდელისკენ წავედით. იქ სამი ჩვენზე უფროსკლასელი გოგო დაგვხვდა. ერთმანეთს ძალიან სერიოზული სახით ელაპარაკებოდნენ. მახსოვს, ყური მოვკარი, როგორ ჰკითხა ერთმა მეორეს: „შენც გეხება? თუ მარტო მე?“ მეორემ უპასუხა: „მეც... აღარ ვიცი, რამე ვქნათ...“ „მერე სკოლიდან რომ გაგვაგდონ? ცოტაც მოვითმინოთ, რაღა დარჩა ბოლო ზარამდე.“ ჩვენ რომ შევედით, მაშინვე გაჩუმდნენ. მივესალმეთ, გამოვიცვალეთ და დარბაზში გავედით. ჩვენთან ერთად არასდროს თამაშობდნენ, რადგან პატარები ვიყავით მაგათთვის. ტრენერიც უფრო მათ აქცევდა ყურადღებას, როგორ უნდა დაეჭირათ ბურთი, როგორ უნდა ჩაეწოდებინათ.

მართალია, ეს გოგოები თვალით აღარ მინახავს, მაგრამ მათი დიალოგი მაშინ გამახსენდა, როდესაც მე-9 კლასში გადავდიოდი და ვალიკო მასწავლებელმა მთხოვა, მის ოთახში გამომეცვალა და მერე შევსულიყავი დარბაზში სავარჯიშოდ, თან რაღაცნაირად მიმიყოლა, რომ ასე თუ არ მოვიქცეოდი, სკოლიდან აუცილებლად გავირიცხებოდი. „ხომ არ გინდა, რომ მშობლებს ამხელა დარტყმა მიაყენო?“

არაფერი მითქვამს, გაბრაზებულმა შევხედე და გამოვიქეცი, დირექტორის კაბინეტთან ავირბინე, დავაკაკუნე და კარი შევაღე. მოვუყევი, რაც მოხდა, თავიდან გაოცებული მიყურებდა, თუმცა ბოლომდე მომისმინა, მთხოვა, დავმშვიდებულიყავი და მეორე დღეს დედასთან ერთად მოვსულიყავი. სახლში რომ მივედი, დედას ყველაფერი მოვუყევი, ისე დაიბნა, იქით ვაწყნარებდი, ჯერ ტირილი დაიწყო და მეხუტებოდა, მერე ბრაზისგან ადგილს ვეღარ პოულობდა. დილა რომ გათენდა, სკოლაში მივედით, დირექტორთან რომ ავედით ფიზკულტურის მასწავლებელიც იქ იყო და მთელი სკოლის საბჭოც. დედა ძალიან თავშეუკავებელი ადამიანია და ეგრევე მიაძახა რაღაცეები, რომ მიეშვათ, ალბათ იქვე მოკლავდა. ახლა მესმის კიდევაც მისი. არ ვიცი, ჩემს შვილს რომ მოეყოლა ეს, რას მოვიმოქმედებდი. ის კაცი ხმას არ იღებდა, დუმდა და ძალიან თავხედურად გვიყურებდა, თან იღიმოდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, თითქოსმე გავიგე ყველაფერი არასწორად და სკოლის შეცვლა თავად დირექტორმა გვირჩია. არ გადავედი, თუმცა ფიზკულტურის გაკვეთილზე მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ.

 

(03)

ჩვეულებრივი მსხვერპლი ვიყავი, სანამ გადაწყვეტილება არ მივიღე და სახლიდან არ წამოვედი. ძალიან რთული იყო ორ პატარა ბავშვთან ერთად გამოპარვა, ახლაც ვერ ვაცნობიერებ, როგორ გავაკეთე ეს, მაგრამ იქ ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო.

ჩემი ქმარი არასდროს მიყვარდა.

14 წლის ვიყავი, როცა მომიტაცა. შვილები კარგა ხანს არ გვიჩნდებოდა და აი, ვერასდროს შევძლებ იმის ახსნას, რაც გადავიტანე, ცალკე ქმრისგან, ცალკე დედამთილისგან, რამდენი შეურაცხყოფა მივიღე ნათესავებისგან.

როგორი ძალადობითაც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ისევე გაგრძელდა.

თავიდან მეგონა რომ შევეგუებოდი ამას, რაღაცნაირად შევეჩვეოდი. დედაჩემიც სულ მაგას მეუბნებოდა: ქალი ხარ, ცოლი ხარ, უნდა მოითმინო, ასეც უნდა იყოს, ის კაცია, ოჯახის უფროსია, უნდა დაუჯერო. მერე შვილები, ტყუპები გაგვიჩნდა და ცოტა დამშვიდდა, მეც ბავშვებზე ვიყავი გადართული. რთული ფეხმძიმობა მქონდა, ყველაფერი მტკიოდა, ის კიდევ სულ სექსს მთხოვდა და რომ ვუხსნიდი, უბრალოდ, არ მისმენდა, ცხოველივით იქცეოდა, თავის მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა.

ერთხელ ძალიან მთვრალი მოვიდა თავის მეგობრებთან ერთად, ბავშვებს უკვე ეძინათ. მე სამზარეულოში გავედი, რომ მაგიდა გამეშალა. ყველაფერი რომ მივართვი, სამზარეულოში შევბრუნდი, ჩემთვის ყავას ვიდუღებდი, როდესაც ჩემი მეუღლის მეგობარი შემოვიდა და უცებ კისერში მაკოცა. შევხტი, რას აკეთებ-მეთქი. არ ვიცი, ჩემი ქმრის როგორ არ შეეშინდა. ეტყობა იცოდა, რომ არ დავიყვირებდი, გამბედაობა არ მეყოფოდა ამისთვის. მეშინოდა. სიმართლე რომ მეთქვა ჩემი ქმრისთვის, შეიძლება, არც დაეჯერებინა ჩემი. მისთვის მეგობრები ყოველთვის პირველ ადგილას იყვნენ. შალვა შენზე ყვება (სახელი შეცვლილია), მაგარი მხეცია სექსშიო და ერთხელ რომ წავა შენი ქმარი თბილისში, უნდა ვნახო, რა შეგიძლია, და ხმამაღალი სიცილით ადგა და გავიდა სამზარეულოდან. იმ ღამით საერთოდ არ მიძინია. ზუსტად ის საღამო იყო გადამწყვეტი, რომ ჩემი ქმრისგან გამოვიქეცი.


(04)

მე და ჩემი დაქალი საღამოობით სასეირნოდ გავდიოდით უბანში.

გამოცდების პერიოდი იყო, საშინლად ვნერვიულობდით პასუხებზე და ერთმანეთს ვამხნევებდით, რომ სწორედ იქ ჩავაბარებდით, სადაც ყველაზე მეტად გვინდოდა.
ერთ საღამოს, ჯერ ჩემი დაქალი მივაცილე სახლამდე და თითქმის ჩემს სახლამდე რომ მივედი, გავიგონე, როგორ მომყვებოდა გვერდით მანქანა, ოღონდ ძალიან ნელა.

მივდივარ და ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად, მომდევს. მივიხედე კიდევაც უკან და ვიღაც ტიპი მანქანის ფანჯრიდან იყურებოდა, თან საღამო იყო, ბნელოდა და შავი სათვალეები ეკეთა. ამაზე ჩემთვის გამეცინა. უცებ მომაძახა: „ჩაჯექი, არ გინდა, სახლამდე მიგიყვანო?“ ისეთი სახით შევხედე, ღირსება ოდნავ მაინც რომ ჰქონოდა, ალბათ უბრალოდ უნდა დაექოქა მანქანა და ძალიან სწრაფად წასულიყო, მაგრამ ამდენი შეგნება სად ჰქონდა. „რა იყო, უკარება ხარ, გოგო?“ მივხვდი, რომ ჯობდა, საერთოდ ხმა არ ამომეღო, შემეშინდა, ვინმე მანიაკი არ ყოფილიყო. თან, ირგვლივაც არავინ ჩანდა. „საკაიფო ნაშა ხარ და ნუ იქცევი გოიმივით, ჩაჯექი მანქანაში, რამდენჯერ უნდა გითხრა!“ უცებ ჩემი მეზობელი, ჩემზე უფროსი ბიჭი დავინახე, რომელიც გვერდითა სახლიდან გამოვიდა. სინამდვილეში იმ დროს მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი, მაგრამ სახელით დავუძახე, მერე გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე, როგორ გამიხარდა შენი ნახვა-მეთქი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე გარდა იმისა, რომ ვითომ ეს ბიჭი ჩემი შეყვარებული იყო. იმედი მქონდა, რომ ის მანქანიანი ტიპი გამეცლებოდა. ასეც მოხდა. იმ ტიპმა ხმამაღლა შესძახა: „იზვინი, ბრატ, არ ვიცოდი, შენი ნაშა თუ იყო!“ დაქოქა მანქანა და წავიდა. ახლა კი ძალიან მეცინება, მაგრამ მეზობელი ბიჭის კარგა ხანს მრცხვენოდა, დარწმუნებული ვარ, ვერც მიხვდა, რა მოხდა.


(05)

ალბათ 8 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედამ პირველად ჩამსვა ავტობუსში მარტო და ბებოსთან გამიშვა. თვითონ ვერ გამომყვა, ფული არ გვქონდა. რთული დრო იყო მაშინ ყველასთვის, თანაც, ბოლო გაჩერებაზე ბებო დამხვდებოდა და გამოდიოდა, რომ მხოლოდ ავტობუსში ვიჯდებოდი მარტო. მძღოლიც გააფრთხილა, სად უნდა ჩავსულიყავი. ავედი თუ არა, ფანჯარასთან დავჯექი, სულ მიყვარდა ფანჯარასთან ჯდომა და ადამიანების თვალიერება. თავიდან ჩემ გვერდით არავინ არ იჯდა, სადღაც მესამე გაჩერებაზე ვიღაც მოხუცი კაცი ამოვიდა და გვერდით მომიჯდა. მოხუცი რა, მაშინ მოხუცად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რომ სადღაც 40-45 წლის იქნებოდა, მეტის არა. მე ბიჭურად შეჭრილ, მოკლე თმას ვატარებდი და ასევე ბიჭურად მეცვა, შორტები და მაისური, ჩვეულებრივად, როგორც ეცვათ ჩემხელა გოგოებს. ფანჯარაში ვიყურებოდი და უცებ მუხლზე სითბო და სიმძიმე ერთდრულად ვიგრძენი. მაშინვე შემოვტრიალდი და დავინახე, რომ ამ კაცს ხელი ჩემს ფეხზე ედო და რაღაც მოძრაობებს აკეთებდა, მეფერებოდა, ოღონდ ჩემი ნებართვის გარეშე. გაოცებულმა შევხედე, თვითონაც გამომხედა და მერე შეტრიალდა, თუმცა ხელი არ გაუწევია. ძალიან დავიბენი, არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცულიყავი, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა მისი გაჩერება, რომ ჩასულიყო, თუმცა ბოლომდე გამომყვა. ავტობუსი რომ გაჩერდა, წამოვხტი და სწრაფად ჩავირბინე. ბებო გაჩერებაზე დამხვდა გაღიმებული და როგორც ყოველთვის, ძალიან თბილი. მინდოდა მისთვის მომეყოლა, რადგან არასდროს მქონია რამე საიდუმლო, მაგრამ ძალიან მომერიდა, უფრო სწორად, შემრცხვა. ახლა კი ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა მისთვისაც და დედასთვისაც, მაგრამ... ბებომ ხელი რომ ჩამკიდა და თავისი ისტორიების მოყოლა დამიწყო, მე უკან მივიხედე. ის კაცი იდგა და უბრალოდ, გვიყურებდა. მისი სახის დავიწყებას ალბათ ვერასდროს შევძლებ.

(06)

არ ვიცი, რამდენად არის ეს სექსუალური შევიწროვება, რეალურად, არც კი შემხებია, მაგრამ შეხება ხომ არ არის აუცილებელი?

სამსახურს გვიან ვამთავრებ და ზამთარში ხანდახან სრულ სიბნელეშიც კი მიწევს დაბრუნება, ამიტომ სულ ერთი ბილიკით მივდივარ. სახლებიდან სინათლე ანათებს და არც ისე საშიშია. ერთ საღამოსაც, როდესაც ვბრუნდებოდი, უცებ გავიგონე, რომ ვიღაცამ გადმომძახა. ცოტა შევშინდი, ბნელოდა და თავიდან სახე კარგად ვერ გავარჩიე. ჩემი მეზობელი კაცი აღმოჩნდა, მე ვარო, სახლში ხომ არ მიდიხარო, დამელოდე, მიგაცილებო, მარტო რას დადიხარ ამ სიბნელეშიო. გავჩერდი, მაგრამ არ გამოდიოდა, რაღაცნაირად, გვერდულად იდგა, მიყურებდა და თან რაღაც მოძრაობებს აკეთებდა. მერე უცებ შემოტრიალდა, შარვალი შეიკრა და ჩემკენ წამოვიდა. ძალიან დავიძაბე და მგონი, უკანაც კი გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. მერე მითხრა, რა იყო, ხომ არ მოგტყანიო, უბრალოდ, დავანძრიე შენზეო და გაიცინა. უკანმოუხედავად გამოვიქეცი იქიდან.

(07)

ეს ჩემს პირველ სამსახურში მოხდა.

ბავშობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე, სულ მიკროფონით დავრბოდი და ინტერვიუს ვართმევდი ოჯახის წევრებს, მეზობლებს, ჩვენთან მოსულ ყველა სტუმარს.
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და პრაქტიკაზე გამიშვეს ერთ-ერთ წამყვან ტელეარხზე, მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, თუმცა იმ დროს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ასე უცებ დაიმსხვრეოდა. ყველაფერი ძალიან მომწონდა, ყველა გადაღება მახარებდა, სადაც მიშვებდნენ ჩემს ოპერატორთან ერთად. ერთ დღეს ერთ-ერთი ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ პროდუსერი მეძახდა. რომ შევედი, მითხრა, კარი გასაღებით დაკეტე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გელაპარაკო და არ მინდა, ვინმე შემოვიდეს და ხელი შეგვიშალოსო. უცებ ძალიან გამიხარდა, კარი ეგრევე ჩავკეტე, მეგონა, რაღაც უზომოდ საპასუხისმგებლო მისიაში მიშვებდა, ჟურნალისტურ გამოძიებას მავალებდა და ერთი სული მქონდა, როდის მომიყვებოდა დეტალებს. უცებ იწყებს და მეუბნება, რომ ძალიან კარგი გოგო ვარ, ძალიან ლამაზი, ჭკვიანიც, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი და თუ მინდა, რომ კარიერაში ცოტა წინ წავიდე, ამისთვის ხომ ვიცი, რაც არის საჭირო? უცებ მივხვდი, რომ ძალიან გულუბრყვილო ვიყავი და ვერაფერი გავიგე. სულელივით ვკითხე: „აბა კიდევ რა არის საჭირო? კარგი ოპერატორიც მყავს ძალიან“, და გავიცინე. გამომხედა ძალიან სერიოზული სახით და მითხრა, რომ თუ მასთან სექსი არ მექნებოდა, არაფერზე უნდა მეოცნება კარიერაში. გავუღიმე, მერე უცებ ძალიან შემეშინდა, რომ ახლა იქიდან არ გამიშვებდა და აი, არ ვიცი, როგორ, მაგრამ წამებში მოვიფიქრე მეთქვა,რომ დღეს არ შემიძლია, რადგან „ქალური დღეები“ მაქვს, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოვალ და რომ ახლა უკვე გადაღებაზე მეჩქარებოდა. გამიღიმა, ხელი ჯერ თავზე გადამისვა, მერე მკერდზე, ტუჩებზეც შემეხო. ახლაც მაჟრიალებს, რომ მახსენდება. ისე გავედი იქიდან, რომ გადაღება აღარც გადაღება გამხსენებია. პირველ რიგში, ბარათი ამოვიღე მობილურიდან და გადავაგდე. თავისთავად, იქ აღარ დავბრუნებულვარ.

(08)

მამაჩემის მეგობრები სულ მოდიოდნენ ჩვენთან, სახლში.

დედაც ისეთი იყო, მხიარული და სულ უხაროდა, როცა ბევრი ადამიანი იყო გვსტუმრობდა.

სახლის კარი, ფაქტობრივად, არ იკეტებოდა და სულ ვხუმრობდით მე და ჩემი და, რომ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ, უბრალოდ, უკეთესი პირობებით.

მახსოვს, ერთ დღეს დედა გვიანამდე ვერ დაბრუნდა, სკოლაში ასწავლიდა და გამოცდების გამო შემორჩა იქ. მე და ჩემი თინეიჯერი და სახლში მარტო ვიყავით, როდესაც მამაჩემის მეგობარი ჩვენს ოთახში შემოვიდა. ცოტა ნასვამი იყო. იკითხა, მშობლები სად იყვნენ. მამა მაღაზიაში იყო გასული და მალე უნდა დაბრუნებულიყო. კიდევ რაღაც გვითხრა, გაგვიღიმა და მერე მე მთხოვა. წყალი მომეტანა მისთვის. მეც ავდექი და სამზარეულოსკენ წავედი. უცებ მისაღებ ოთახში, მაგიდაზე, წყლით სავსე ჭიქა დავინახე, მამამ არ დალია ეტყობა გავსლისას. რადგან საშინლად ზარმაცი ვიყავი, სამზარეულოში აღარ გავედი, ჭიქას ხელი ვტაცე და ოთახში შემოვბრუნდი. ამ დროს ჩემი და უცებ წამოხტა და ოთახიდან გავარდა. ამ კაცსაც შეშლილი სახე ჰქონდა, წყალი არც კი გამომართვა და გასასვლელისკენ დაიძრა. მე მივაძახე, არ დაელოდებით მამას, ანდრო ბიძია-მეთქი და მერე შემოვირბენო, რაღაც საქმე გამომიჩნდაო და გავიდა. კარის დახურვის ხმა რომ გაისმა, ჩემი და ატირებული შემოვიდა ოთახში, თან კანკალებდა, იკითხა, ხომ ნამდვილად წავიდაო. ძალიან შემეშინდა, ვკითხე, რა მოხდა და თურმე მკერდზე მოკიდა ხელი და უთხრა, რომ ძალიან ლამაზია და მალე უნდა დაქალდეს. ჩავეხუტე და ერთად ვიტირეთ. მერე მოვწესრიგდით. ამასობაში მამაც მოვიდა და დედაც. არაფერი მოვუყევით, არ ვიცი, რატომ. ალბათ არ ვიცოდით, როგორ გაიგებდნენ, ან თუ გაიგებდნენ საერთოდ. უბრალოდ, მას შემდეგ, როდესაც მშობლები სახლიდან გადიოდნენ, ყოველთვის კარს ვკეტავდით.

(09)

ღამის კლუბში სიარული ძალიან მიყვარს და არავის არ სჯერა, რომ მართლა მუსიკის მოსასმენად და საცეკვაოდ დავდივარ. ჩემი განტვირთვის ერთადერთი საშუალებაა. 5 დღე ისე ვმუშაობ, რომ საკუთარი თავი საერთოდ არ მახსოვს და პარასკევს იქ დასასვენებლად მივდივარ, მაგრამ უამრავი შემთხვევა მქონია, როდესაც ჩემთვის ვცეკვავ და უბრალოდ მოდიან და წელზე ხელს მომხვევენ, ან კისერში მკოცნიან. არასასიამოვნო შეგრძნებაა. რატომღაც, თბილისში ასე აღიქვამენ, რომ თუ გოგო კლუბში მარტო მიდის, ის ერთი ღამის პარტნიორს ეძებს და ეს ძალიან ცუდია. კაცს თუ აქვს იმის უფლება, რომ მიდიოდეს მარტო და მასზე არავინ არაფერს ფიქრობდეს, ჩვენ, ქალებს, რატომ არ გვაქვს, არ მესმის.

(10)

ხშირად ვრჩებოდი ტაძარში დასახმარებლად, ყოველთვის უამრავი საქმე იყო. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვიყავი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ახლაც მწამს ღმერთის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეკლესიაში იშვიათად დავდივარ. ღმერთი ჩვენშია და არა იმ ნაგებობში, რომელიც სოკოსავით იზრდება საქართველოში, მაგრამ ხანდახან ისე მომენატრება ჩემი ტაძრის სუნი, რომ უბრალოდ შევიპარები იქ, მივალ, დავდგები ჩუმად, ცოტა ხნით ჩემს კუთხეში, მაგრამ ვცდილობ, მამაოს არ გადავეყარო და მალე გამოვდივარ იქიდან.

იმ დღის მერე მხოლოდ რამდენჯერმე მყავს ნანახი, ისიც შორიდან.

ახლაც მიჭირს იმის გააზრება, რომ ეს მართლა მოხდა და ვცდილობ, არც ვილაპარაკო და აღარც გავიხსენო ის საზარელი დღე, ან უფრო ზუსტად, დღეები ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ იცი, რა მწყინს ყველაზე მეტად? როდესაც სახლში მოვყევი, არ დამიჯერეს. მამაჩემმა მითხრა: „რეებს იგონებ, როგორ არ გრცხვინია, ღმერთის გეშინოდეს ამოდენა ტყუილისთვის მის წინაშე“. თან ისე გაბრაზდა, ცოტაც და ვიფიქრებდი, რომ ხელს გამარტყამდა და რის გამო? იმის, რომ სიმართლე ვუთხარი, რომ ის კაცი, მაშინ, როდესაც მე 15-ის ვიყავი, მთხოვდა, უცნაურ ადგილას მოვფერებოდი? მაშინ ბიჭისთვის ნაკოცნიც კი არ მქონდა და ესეც იცოდა. აღსარებას სულ ვაბარებდი. ეზოში რომ გავდიოდით და სკამზე ჩამოვსხდებოდით, ჩემს ხელს კალთაში რაღაცნაირად უცნაურად იდებდა და მელაპარაკებოდა, რომ მალე მეც ქალი უნდა გავმხარიყავი, თან ძალიან ლამაზი, მაგრამ გამოუცდელი ხომ არავის ვენდომებოდი და რომ სურდა ჩემი დახმარება, რადგან მე მისთვის შვილივით ვიყავი. მართლა მეგონა, რომ მეჩვენებოდა, რომ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. დაქალებს რომ ვუყვებოდი, დამცინოდნენ, ალბათ შენს სასიყვარულო ისტორიაზე გეუბნებაო. მაშინ ერთი ბიჭი მომწონდა და მაგაზე ვუყვებოდი ხშირად, და სატანად რომ გამოიყვანა, რომ ამიკრძალა მასთან ურთიერთობა და მეც რომ დავუჯერე, ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე ახლა ამ ყველაფრის გამო.

მაჟრიალებს ამის გახსენებისას, იმდენი წელი გავიდა და მაინც სულ მახსოვს.


(11)

სახლში ვბრუნდებოდი გვიან, ფეხით მოვდიოდი, გარშემო ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ მანქანები ჩვეულებრივად მოძრაობნენ. ხიდზე გადმოვდიოდი და ამ ხიდის შიში მთელი ბავშვობა მქონდა. უცებ ჩრდილი დავინახე, მივხვდი, რომ მარტო აღარ ვიყავი. ცოტა ხანში გადამასწრო, ფეხზე მიჩქმიტა და გაიქცა. მე რაღაც მივაძახე. უცებ მეორე ჩრდილიც დავინახე. სხვა გზით გადავწყვიტე, წავსულიყავი, უფრო შორით, მაგრამ უფრო განათებულით. მერე ერთი ჩრდილის მაგივრად უკვე ორი იყო და მივხვდი, რომ მე მომყებოდნენ. ძალიან შემეშინდა. ჩემი ქუჩისკენ რომ გადავუხვიე და მანდ სრული სიბნელე იყო, ტელეფონი ამოვიღე და შევეცადე, გამეთამაშა სცენა, თითქოს ჩემს ქმარს ვურეკავდი, რომ ახლოს ვარ და სადარბაზოსთან დამხვედროდა. ხმამაღლა ვლაპარაკობდი, რომ „ჩრდილებს“ გაეგოთ, მაგრამ მაინც ბოლომდე მომყვებოდნენ. სადარბაზოს რომ მოვუახლოვდი, უცებ კარი გაიღო და ჩემი მეზობელი თავის ძაღლის გასასეირნებლად გამოვიდა. ძალიან გამიმართლა. სადარბაზოში რომ შევედი და სახლში ავედი, ვიფიქრე, ხომ არ მომელანდა-მეთქი ყველაფერი. ფანჯრიდან გადმოვიხედე და დავინახე ორი ტიპი, რომელიც იდგა, კორპუსს ათვალიერებდა და სიგარეტს ეწეოდა.


(12)

ჩემს მეგობარს დაბადების დღე ჰქონდა. დიდი სახლი იქირავა ქალაქგარეთ და მეც წავედი, დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ რომ მივედი და ჩემთვის უცნობი უამრავი ადამიანი დავინახე, ვიფიქრე, გვიანობამდე დავრჩები და მერე ქალაქისკენ ვინც წავა, იმას გავყვები-მეთქი.

რაღაცნაირად ცუდი წინათგრძნობა მქონდა და ვჩქარობდი სახლში მისვლას, ყველას ვეკითხებოდი, ხომ არ მიდიხართ თბილისში, გამოგყვებით-თქო, მაგრამ ყველა იმდენად გართული იყო ცეკვით, მე ვის ვაინტერესებდი.

ცოტა ხანში ვიღაც უცნობი ბიჭი მოვიდა, მანამდეც შევამჩნიე, რაღაცნაირად მიყურებდა, მაგრამ თვალს ვარიდებდი, მაინც. შენზე მითხრეს, წასვლა უნდაო, მეც მივდივარ თბილისში და ხომ არ გაგიყოლოო? იმ მომენტში ისე გამიხარდა, ლამის ჩავეხუტე. ჩემი ნივთები ავიღე და წამოვედით. მანქანაში როგორც კი ჩავჯექი და კარები ჩაკეტა, ჩემმა წინათგრძნობამ ისევ იჩინა თავი. ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი, გული არანორმალურად მიცემდა. რა იყო, ხომ არ გეშინია ჩემიო? მახსოვს, ეს მკითხა. ასეთ დროს სულ ვიცოდი, რომ არ უნდა ვაგრძნობინო ადამიანს, რომ ნამდვილად ასეა და გავიცინე, არა, რატომ უნდა მეშინოდეს-მეთქი. ჭკვიანი გოგო ხარო და იმანაც გაიცინა.

საშინელი გზა იყო, ცოცხალი ადამიანი არ შეგხვდებოდა და გარშემო სულ ტყე იყო. უცებ ცენტრალური გზიდან გადაუხვია. რას აკეთებ-მეთქი? რაღაც მინდა, რომ გაჩვენოო, ძალიან მოგეწონებაო და თავისი ხელი ჩემს მუხლს დაადო, კაბის აწევას ცდილობდა. ძალიან დავიძაბე, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. მის ტერიტორიაზე ვიყავი. ცოტა ხანში მანქანა გააჩერა და ჩემსკენ გადმოიხარა საკოცნელად. ვხვდებოდი, რომ ვერაფერს ვიზამდი, რომც მეყვირა, ვერავინ გაიგებდა და შეიძლება მოვეკალი კიდევაც. იქნებ მანიაკი იყო. ამიტომ უცებ გადავწყვიტე, რომ მეთქვა, აქ არ შემიძლია, ჩემთან სახლში არავინ არის და იქ წავიდეთ-თქო. გამიკვირდა, მაგრამ გაამართლა, დამიჯერა. მანქანა დაქოქა და ისევ ცენტრალურ გზაზე ავღმოვჩნდით. გზაში მეუბნებოდა, ვგრძნობდი, იქ, აგარაკზეც რომ გინდოდი, როგორ მიყურებდიო, ამიტომ წამომყევიო. მეც ყველაფერზე ვეთანხმებოდი. ქალაქში რომ ჩამოვედით და „ჩემს სახლთან“ ახლოს ვიყავით, მაღაზიაში რამე ღვინო ან სასმელი ხომ არ აგვეღო, თორე მე არაფერი მაქვს სახლში-მეთქი, ვუთხარი და ძალიან გაუხარდა. მანქანა დიდ სუპერმარკეტთან გააჩერა და გადავიდა, თუ წამოხვალო, თან მკითხა. ვენდობი შენს არჩევანს, ოღონდ ცოტა მეტი წამოიღე-თქო, სიცილით მივაძახე. თვითონაც ვერ დავიჯერე, მაგრამ მისი მაღაზიაში შესვლა და ჩემი გადასვლა მანქანიდან, გაქცევა და ტაქსის დაჭერა, ზუსტად ერთ ამოსუნთქვას უდრიდა.


(13)

ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ და ხშირად დავდივარ იქ სასეირნოდ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად არ მაქვს უსაფრთხოების განცდა. ამიტომ საღამოს თავს ვიკავებ იქ მოხვედრისგან. თუმცა შუადღეზეც ძალიან ბევრი მამაკაცი შემხვედრია, რომელიც, როგორც კი ხედავს, რომ დაინახე, უფრო „მუღამზე“ მოდის და აგრძელებს თავის სასქესო ორგანოს ჩვენებას და თან გეძახის. ერთხელ ვიღაც კაცი ასე გამომეკიდა და ვიფიქრე, პოლიციაშიც კი მივალ-თქო, მაგრამ განყოფილებაში რომ მოვყევი, მახსოვს, როგორი სიცილი ატყდათ, ერთმანეთს ეძახდნენ, ნახე რას ყვებაო. ამის მერე აღარ მქონია მცდელობა, ან როგორ უნდა დამემტკიცებინა?

 

(14)

ბავშვობაში მამას სულ დავყავდი ფეხბურთის საყურებლად.

ძალიან უყვარდა ეს თამაში და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დღეები, როდესაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. რომ გარდაიცვალა, დედას ვთხოვე, რომ ფეხბურთზე შევეყვანე. დიდხანს მეწინააღმდეგებოდა, რა გოგოს თამაში ეგ არისო, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე. გოგოების გუნდი მაშინ ცალკე არ იყო და მწვრთელმა დაგვრთო ნება, რომ ჩემხელა, დამწყებ ბიჭებთან ერთად მევარჯიშა. იქამდე დავდიოდი, სანამ ერთ დღეს ჩემმა გუნდელმა ოთხმა ბიჭმა არ შემიტყუა მოედნის უკან. ინტერესის დაკმაყოფილება დაიწყეს, თუ რით განვსხვავდებოდით გოგოები და ბიჭები ერთმანეთისგან. ვთხოვდი, რომ გავეშვი, ვტიროდი, მაგრამ მიჭერდნენ, თან იცინოდნენ. თამაში ეგონათ, მგონი და ვერც ხვდებოდნენ, რას აკეთებდნენ. მას შემდეგ მოედანზე არ ვყოფილვარ.















 

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე