Please rotate your phone
მაიკლ კენა - კვინტესენციურად იაპონური

მაიკლ კენა - კვინტესენციურად იაპონური

 


ტექსტის ავტორი: ანა გაბელაია


ფოტოგრაფიის მოყვარულებისათვის, მაიკლ კენა ნაცნობი და ძვირფასი სახელია. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ლანდშაფტის ყველაზე ცნობილ (თანამედროვე) ფოტოგრაფს.  კენას განსაკუთრბეული ხელწერა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ დამწყები თუ გამოცდილი ფოტოგრაფები ხშირად ცდილობენ მიბაძონ მას,  არის მის ფოტოებში რაღაც, რის გამეორებასაც ვერავინ ახერხებს და სწორედ ეს ‘რაღაც’ აქცევს მას თავის უნიკალურ თავად. მის ინდივიდუალიზმს, ფოტოგრაფიისადმი, გადაღებისა და გამჟღავნების პროცესისადმი დამოკიდებულება, ხედვა და, რა თქმა უნდა, გამოცდილება ქმნის.


კენას ნამუშევრების ეკრანის მიღმა სათანადოდ აღქმა, არ მგონია შესაძლებელი იყოს. ისინი ან ცოცხლად უნდა ინახოს, ან, წიგნად გამოცემული, რადგან წიგნიც, ამ ფოტოგრაფის აუდიტორიასთან ურთიერთობის კიდევ ერთი და განსაკუთრებული მედიუმია.


11 აპრილიდან, თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში მაიკლ კენას 70-მდე ნამუშევრისა და 10-მდე წიგნის ნახვა ორი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. მუზეუმში ნაჩვენებია მაიკლ კენას საქართველოში მოგზაურობისას  გადაღებული ‘საქართველოს თორმეტი ხედიც’, თუმცა, გამოფენის ძირითადი ნაწილი - ‘ზამთარი? გაზაფხული? ვინ იცის’ - მისი იაპონური სერიიდანაა და იაპონიის ორმოცდაჩვიდმეტ ხედს აერთიანებს.


მაიკლ კენა იაპონიას 1987 წლიდან იღებს - იმ დროიდან, რაც იქ პირველად იმოგზაურა. მას შემდეგ იაპონიაში რეგულარულად ბრუნდებოდა და დროთა განმავლობაში, მისი სამუშაო ვიზიტები მედიტაციურ, თითქმის პილიგრიმულ გამოცდილებაში გადაიზარდა.


პოეზიის გარეშე მაიკლ კენას ფოტოგრაფიაზე საუბარი შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია. და რაც მთავარია - უსარგებლო, რადგან კენას თითოეული ფოტო თვითონაა ვიზუალური ლექსი.


იაპონიაზე საუბრისას კი, ლექსი ჰაიკუა. კენას იაპონურ ფოტო სერიებსაც, ერთი შეხედვით, ჰაიკუს “ბუნება“ აქვს, თუმცა, უკეთ დაკვირვებისას, გაცილებით მეტი მსგავსების აღმოჩენაა შესაძლებელი: მინიმალიზმი და ემოციური ინფორმაციის მოცულობა, რომელსაც ნამუშევარი გაძლევს; აქცენტების და პაუზების რიგითობა, რომელიც ქმნის რიტმს და, რა თქმა უნდა, წელიწადის დროების ძლიერი თანაარსებობა სიუჟეტთან.


როგორც თვითონ ამბობს, იაპონიის გადაღებისას, ზაფხულს ზამთარი ურჩევნია,  როცა თოვლით დაფარული ჰორიზონტი დიდ თეთრ ფურცელს ემსგავსება, სადაც ხეები თუ ადამიანის მიერ შექმნილი კონსტრუქციები, შავი მელნით დაწერილ იეროგლიფებსა და ფუნჯის მონასმებს გავს; ირგვლივ სიჩუმეა და ადამიანს მხოლოდ თოვლის, საკუთარი სუნთქვისა თუ გულისცემის ხმა ესმის. ეს სულ სხვა სამყაროა, სადაც შეგიძლია მოწყდე ყოველდღიური ცხოვრების არანორმალურ რიტმს, მყარად დადგე მიწაზე და მოუსმინო მას.


კენას ფოტოები, ხშირად, მათი შექმნის პროცესს ავლენს - ღამის ცაში მოგზაური მთვარე ან თეთრ ნისლად გარდაქმნილი თოვლი - ეს ის ბუნებრივი მოვლენებია, რომელთა გადაღებაც მხოლოდ ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი ექსპოზიციის შედეგად არის შესაძლებელი. გასაკვირი არაა, რომ მაიკლ კენა მის იაპონიაში ვიზიტებს მედიტაციას ადარებს. მოგზაურობა, რომელსაც ის იწყებს ყოველ ჯერზე, როცა გადასაღებად გადის, ხანგრძლივ ლოდინს, მოთმინებას, დაკვირვებასა და მოვლენებზე კონტროლის უარის თქმასაც კი მოითხოვს. რადგან ის, რაც ფოტოს გადაღების დროს ხდება, ავტორზე აღარ არის დამოკიდებული და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადია. არაპროგნოზირებადია ის ფოტოებიც, რომლებსაც თვითონ ფოტოგრაფიც მხოლოდ ‘ბნელ ოთახში’ ბეჭდვისას ხედავს პირველად და რომლებიც, დამკვირვებელის თვალისთვის შეუმჩნეველ, ბუნების უხილავ ფორმებს ასახავს.


პირადად ჩემთვის, მაიკლ კენას თავისი საქმისადმი მიდგომის ერთ-ერთი გასაღები მისი ნამუშევრების დასათაურებაც იყო. მარტივი, აღწერითი სათაურები, გადაღების  ზუსტი ადგილისა და თარიღის მითითებით, მკვლევარის დღიურის ჩანაწერებს  უფრო მაგონებს:

‘კუშაროს ტბის ხე, დაკვირვება 1, კოტანი, ჰოკაიდო, იაპონია, 2002’; 

‘ორი დახრილი ხე, დაკვირვება 3, კუშაროს ტბა, ჰოკაიდო, იაპონია, 2020’;

‘კონსტრუქცია და სამოცდაოთხი ბოძი, ბიუას ტბა, ჰონსიუ, იაპონია, 2002’;


კენა ხშირად საუბრობს კავშირზე იმ ყველაფერთან, რასაც იღებს. საუბრობს იმაზეც, თუ როგორ გადადის ეს კავშირი ხანდახან მეგობრობაში. ამ სიტყვების  საილუსტრაციოდ, იდეალურად გამოდგება მისი და კუშაროს ტბის პირას მდგარი ძველი მუხის ხის ისტორია, რომელიც ისე მომწონს, რომ მისი მოყოლის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი: 2002 წელს, კუშაროს ტბის მონახულებისას, კენამ პირველად შეამჩნია იაპონური მუხის ხე, რომელმაც, როგორც ამბობს, მაშინვე მონუსხა: ‘ბევრი ხე გადამიღია, მაგრამ ამ ხეს განსაკუთრებული ხასიათი ქონდა… იყო მასში რაღაც კვინტესენციურად იაპონური’. ამ მუხის კიდევ და კიდევ გადასაღებად, კენა თითქმის ყოველ წელს ბრუნდებოდა კუშაროს ტბაზე და ყოველ მოახლოებულ ვიზიტს ისეთი აღტაცებით ელოდებოდა, როგორც ძველ, მონატრებულ მეგობართან შეხვედრას, სანამ ერთხელაც, 2009 წლის აგვისტოში, ხე ტბის ვიზიტორთა  უსაფრთხოების მიზნით  არ მოჭრეს. ჰოკაიდოს ადგილობრივი გაზეთი ამ ამბავს ეხმაურებოდა და წერდა, რომ ‘კენას ხე’ მოჭრეს. თურმე, სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მუხის ხეს ადგილობრივები. როგორც აღმოჩნდა, ეს ის მეგობრობა იყო, რომელსაც სხვებიც ამჩნევდნენ. 


ამ რამდენიმე დღის წინ გარეჯისკენ გავისეირნე. უდაბნოში აყვავებული ნუშის ბაღები მინდოდა მენახა. ნუშები მწვანე დამხვდა, მაგრამ არც ეს სიმწვანე ჩამოუვარდებოდა აყვავებულს სილამაზით. უკანა გზაზე მომავალს, გორაკზე ჩამწკრივებული ხეები განსაკუთრებულად მომხვდა თვალში, ამ თითქოს არაფრით გამორჩეულმა პეიზაჟმა რაღაცით დააბა ჩემი მზერა. ვერც მივხვდი ისე, ხეების რიგი  გადავითვალე  - ‘შვიდი ხე, უდაბნო’, - გაუცნობიერებლადვე დავარქვი სახელი და აი, მერე კი გამეღიმა - რა მაგარია, როცა ხელოვანი შენს გონებაში აღწევს და ახერხებს, თუნდაც ცოტა ხნით, თავისი თვალით დაგანახოს სამყარო.



Published on Apr 24. 2023
BackBack

Tbilisi Photography & Multimedia Museum

Stamba Hotel
14, M. Kostava St. Tbilisi 0108, Georgia
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

For Visitors

Monday-Friday 12.00-19.00 Weekends 14.00-20.00 Free entrance

Terms and conditions

privacy-policy

Stay in touch