Please rotate your phone
ეკა ქევანიშვილი: იფრინეთ, პანკისელო გოგოებო

ეკა ქევანიშვილი: იფრინეთ, პანკისელო გოგოებო


ავტორი: ეკა ქევანიშვილი

ფოტო ქაზერზე: ნათელა გრიგალაშვილი. მრავალფეროვნების სახე. პანკისი. ჯოყოლო. 2021


სპეციალურად აცვიათ მგონი ასეთი კაბები.

გრძეეელი, წელში ოდნავ გამოყვანილი,  კოჭამდე. სადა მხრებით და მაჯებდაფარული სახელოებით. ზუსტად ისეთი, როგორსაც ბავშვობაში ვხატავდი თუ ვცდილობდი დამეხატა, როცა იდეალური სილუეტის შექმნა მსურდა - იდეალური კი ჩემთვის მაშინაც ეს იყო და რა დასამალია, მეც, გამოგონილი წესების მსხვერპლს, ახლაც თვალს მტაცებს ქალის ასეთი სხეული. და მერე რა, თუ დღეს სილამაზესაც სხვაგან ვეძებ და ჩემს თავთანაც დიდი ხანია მოლაპარაკებული ვარ, რა არის ის, სილამაზე.

მაგრამ ეს კაბები... უფრო სწორად კი, ისინი, ვინც ეს კაბები გარდერობის საკიდებიდან ჩამოხსნეს და თითქოს ტანზე შეიხორცეს, მოსვენებას არ მაძლევს დღემდე. ასეთ ქალებს სხვა კუთხეში არ შევხვედრივარ და  ეს მათი თავსაბურავებიც, ციცქნა ქინძისთავებით შეუმჩნევლად შეკრული, მაფიქრებს  - ნუთუ ყველა ასეთად დაიბადა? ყველა ასეთი ლამაზი და წელში გამართული როგორ არის? ან ამის იქით რა იმალება?

ნუთუ ყველა ასეთია, ბუნებრივად ჟღალი, ბრიალა და მაისის თაფლისფერთვალება? ზაფხულში სტაფილოსფრად დაჭორფლილი და ისეთი მშვიდი, როგორიც ტბაა ჩემს დაცარიელებულ სოფელში, პანკისიდან ბევრზე ბევრი კილომეტრების დაშორებით?

არ ვიცი.

მათთან ერთად არ მიცხოვრია და ზუსტად ვერც მეცოდინება, ამიტომ პანკისის ხეობის ქალებზე ისე ვწერ, როგორც პირველად დავინახე, როგორც იმ პირველი შეხვედრისას შემოვიდნენ და დარჩნენ ჩემში - როგორც ზღაპრის გმირები.

პირველი შეხვედრა მთავარია - მერე ხშირად და დიდად არც რა იცვლება ხოლმე. მე განწყობის შექმნის ერთი ხელის აქნევით მჯერა, წამში შენდება ეს წარმოდგენა, სანამ რამეს ტვინით გადაწყვეტ, ელვის სისწრაფით ედება აგურს აგური და ადამიანიც აშენებულია.

მე კი ის გოგო მახსოვს ასეთი სწრაფი დამახსოვრებით, იმ სულ პირველი შეხვედრიდან, ერთი სამსახურებრივი, რუტინული და სავალდებულო გასაუბრებიდან, სადაც რატომღაც აზრი მეც მომეკითხებოდა - მისთვის უნდა მომესმინა -  აბა, რა იცოდა და რას როგორ შეძლებდა. „ეს თუ იცი“, „ის თუ იცი“ კითხვები უნდა დამესვა მე, დიდი ქალაქიდან ჩასულს და გადამეწყვიტა - ამას შეუძლია, ის - ვერ გაართმევს თავს და საუკეთესო დაგვესაქმებინა.

გეგმა ასეთი იყო და დავალებაც თუ ამოცანა. როგორც გენებოთ.

მე კი უცებ ის გოგო დავინახე და სულ დამავიწყდა რა უნდა მომეთხოვა - ჭიშკარში ისე შემოვიდა და ჩემკენ ისე წამოვიდა, მეგონა ბალახებში მოცურავდა. მერე ფრთხილად, გვერდულად ჩამოჯდა სკამზე, მოულოდნელად  კარგი ქართულით, მაგრამ შესამჩნევი მახვილებით დაიწყო ლაპარაკი,  ოდნავი მოკრძალებით და აი, რა მახსოვს მკაფიოდ - სწავლის ისეთი ძლიერად შესაგრძნობი სურვილით და ახლის კეთების ისსსსეთი დაუოკებელი ვნებით,  სანამ რამეს ვკითხავდი, უკვე ვიცოდი, თუ ეს ქალი შეძლებდა, თუ ეს ქალი შინიდან გამოვიდოდა, ასიათას „კი“-ს ვეტყოდი.

პრიალა, მოვარდისფრო, ოდნავ შესამჩნევი ტუჩსაცხი ესვა, და მართლა, აი, მართლა მაისის ახლადამოღებული თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ხალხნო, ოდნავ შავი ფანქრის კონტურით შემოხაზული, არაფერს ვიგონებ. წარბები კი, იმ თავიანთი ხეობის ქედებივით - არც ძალიან ზემოთ აწეული და არც ზედმეტად დახრილი, რაღაცნაირი  თანაბარი, როგორც მათი ხასიათი. ქათქათა კბილები მოუჩანდა ხოლმე დროდადრო,  როცა თავის თავზე ლაპარაკობდა. და თავის თავზე კი იმიტომ ლაპარაკობდა, რომ მე ვეკითხებოდი, სიტყვებს ვძალავდი, მეტი რომ ამოეთქვა.

ჰქონდა სათქმელი, ვგრძნობდი. ეს დაგროვილი სათქმელი იყო.

ის კი, თავიდან თავის ქმარზე ყვებოდა, სადღაც სამუშაოდ გადახვეწილზე, თავის დედამთილზე, რომელიც შვილების გაზრდაში ეხმარებოდა, თავის დიდ ოჯახზე, მათთვის გაწეულ სამსახურზე, პატივისცემაზე, წესებსა და ადათებზე. მე კიდევ მინდოდა, რომ სულ თავის თავზე ელაპარაკა! თავის დარდებზე.

მაინტერესებდა, როგორი ფეხსაცმელები ეცვა და ბოლოს უკვე მოურიდებლად ვაპარებდი თვალს მისი გრძელი კაბისკენ, დაბლა, ბალახებისკენ. და ერთ ბაც ზოლად თმაც უჩანდა თავსაფრიდან, იმ თმასაც ცნობისმოყვარედ ვაკვირდებოდი.

კაშკაშა ყვითელი  თავსაბურავი წაეკრა, მგონი, აბრეშუმის, მეგონა აი, ახლა, აი, ახლა უნდა ჩამოსრიალდეს-მეთქი, თმიდან.  განა გამხდარი იყო, უფრო თხელი  და მაღალი. თეთრი, ბოლომდე დაჭრილი ფრჩხილები ჰქონდა, პრიალა. მაჯები კალთაში ეწყო რაღაცნაირად ძალიან მორჩილად და მე მათაც მივშტერებოდი.  

მიყვებოდა, როგორ ადრე გაათხოვეს, როგორ გაუჩნდა თავადაც ბავშვს ჯერ ერთი ადამიანი, მერე მეორე, როგორ წავიდა მერე ქმარი სამუშაოდ, იქ, გროზნოში. ეს გრრრროზზზზნო ჩამესმოდა როგორც გრუხუნი და აფეთქება.

მერე მიყვებოდა, როგორ იყო სულ სახლში, სულ, სულ, სულ და ერთ დღეს როგორ თქვა, რომ უნდა  სცადოს. აი, ასე. თავისი ცხოვრება დაიბრუნოს. რომ ასე ყოფნა უნდა დასრულდეს. რომ სადღაც უნდა არსებობდეს მისი, გამორჩეული ადგილი. არც დედის და არც ცოლის. მისი, ქალის.

ვინც სცადა და გამოუვიდა, ის ქალებიც იქვე ისხდნენ, უკვე სახლიდან გამოსულები და საქვეყნოდ საქმის მკეთებლები, მათი სახელი რომ ყველამ იცოდა და ვინც, ჭიშკართან, აბრაც მიამაგრა ამ თავისი სახელით - ამის საოჯახო სასტუმრო და იმის პატარა საცხობი. ქალების საქმე. იქ ამის გაბედვაც საქმეა. წესები, ადათები...

პანკისელი ქალები გამოჩნდნენ მოულოდნელი ძალით და სითამამით  და ამ გამოჩენამ ზუსტად ისეთი შეგრძნება მოიტანა, როგორც ერთხელ მათმა სიმღერამ - სცენაზე წამიერი სიჩუმის მერე მოულოდნელად რომ გაისმა მკაფიობგერებიანი ამოძახილი.

ამ ქალებს, დაბალ, მაგრამ მტკიცე ხმაზე მოსაუბრეებს, მოჰქონდათ იქვე ეზოში მოკრეფილი პიტნის ჩაი და ფრთხილად დგამდნენ მაგიდაზე. კრეფდნენ ეზოს ყვავილებს და სუფრის შუაგულში დგამდნენ, როგორც დეკორაციას.  გაბმულ თოკებზე ქათქათა  ზეწრებს ფენდნენ, მერე ხსნიდნენ, აუთოებდნენ, სტუმრებს მასპინძლობდნენ, ლოგინს ულაგებდნენ, მერე ისევ ჩაის აყენებდნენ, ისევ სუფრას შლიდნენ. ალაგებდნენ. მერე ისევ და მერე ისევ.

ეს ქალები, ერთი და ორი და მესამეც, უკვე წინ იყვნენ და ამ ხეობისთვის საკუთარი მნიშვნელობაც კარგად ესმოდათ - მათ ურეკავდნენ, მასპინძლობას სთხოვდნენ, კერძებს უქებდნენ და ისინიც, დიდი მოკრძალებით იფერებდნენ შექებას.

რა ვიცი, ამბობდნენ, რა ვიცი. ვცდილობთ.

ცდილობდნენ კი არა...

და ამ გოგოსაც ძალიან უნდოდა ამობრწყინება. ესა და ეს დაგევალება- მეთქი და, ის თავს მიქნევდა. იმ წამსვე შეეძლო დაეწყო, მაგრამ ბავშვები ჰყავდა ერთი საათით დატოვებული. მაგრამ თუ გამოვიდოდა, თუ სამსახურს დაიწყებდა, სამი საათიც შეძლებდა დატოვებას, და ხუთიც და აი, საღამომდეც. ყველაფერი ჰქონდა გადაწყვეტილი...

ეს გადაწყვეტილება იყო ახალი სიცოცხლე.

ისევე როგორც ჩემი იქაური მასპინძლისთვის გახდა ერთ დღეს ცხოვრება სხვანაირი, როცა ჭიშკარი გააღო, პირველი სტუმარი მიიღო და თქვა  - ეს პანკისია, ეს ჩვენ ვართ, ჩვენ თქვენი ნაწილი ვართ, ჩვენ არ ვართ საშიშები.

ისევე როგორც უცებ ერთმა გოგომ გადაწყვიტა, ხეობის ქალისთვის წარმოუდგენელი კარიერა დაეწყო - იქაურ რადიოში დაეწყო მუშაობა და მისი ხმა ყველას გაეგონა.

ან ისევე, როგორც კიდევ ერთი სხვა გოგოსთვის იქცა საქვეყნოდ სცენაზე სიმღერა თავისუფლებად და მერე რა, თუ ეუბნებოდნენ, რომ ასეთი სითამამე არ შეშვენოდა - მას ამის გარეშე არ შეეძლო და მაინც მღეროდა. გაფრინდი, ჩუმად ვეუბნებოდი გულში. გაფრინდი, ვაქეზებდი და ახლაც ამ სიტყვებს ვუგზავნი იმ გოგოს. იფრინე, იმიტომ, რომ შენც ძლიერი ხარ.

და სხვა გოგოებსაც, ვინც ახლა გადაწყვიტა გარეთ გამოსვლა, ვუგზავნი სიტყვებს, მიდით, პანკისელო გოგოებო, მიდით, იფრინეთ, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ.

 


გამოცემულია "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი"-ს ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის პანკისის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში.

 

 

Published on Jul 16. 2021
BackBack

Tbilisi Photography & Multimedia Museum

Stamba Hotel
14, M. Kostava St. Tbilisi 0108, Georgia
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

For Visitors

Monday-Friday 12.00-19.00 Weekends 14.00-20.00 Free entrance

Terms and conditions

privacy-policy

Stay in touch